თინა ხიდაშელი: "გახარია ბევრ ტყუილში აიბლანდა"
თინა ხიდაშელი: "გახარია ბევრ ტყუილში აიბლანდა"
"თუ "ოცნებას" სასამართლო რეფორმა სურდა, ვინმე უშლიდა ხელს მიშელის დოკუმენტამდე?"

აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გვესაუბრა.

- სანამ სხვა თემას მიმოვიხილავთ, გვერდს ვერ ავუვლი ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას. ამ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, ჯანმრთელობის პრობლემებს ვგულისხმობ, დიდი ხნის წინ მექნებოდა კარვები დაცემული პანსიონატთან. 27 წელი ხან უფლებადამცველი­ ვიყავი და იზოლატორიდან გამომყავდა ადამიანები, ჯარშიც ვყოფილვარ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, სადაც საშინელი ამბები ხდებოდა, ციხეშიც,
ბავშვთა სახლშიც და არასრულწლოვანთა კოლონიაშიც, მაგრამ ასეთი რამ არასდროს არავის გაუბედავს. აბსოლუტური თავგასულობაა.

ამაზრზენია - ქვეყანაში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც კანონზე, ყველაფერზე მაღლა დგას და დარწმუნებულია, რომ პასუხი არ მოეთხოვება. სხვებიც ასე თვლიან, რომ ყველაფერზე მაღლა დგანან. სავარაუდო დანაშაული უმძიმესია, სავარაუდო დამნაშავეს კი ვერაფერს უბედავენ, გაჩნდა
მანიპულაციის ძალიან დიდი სივრცე, რომლის მსხვერპლი ისევ ბავშვები არიან. მთელი საზოგადოება, მათ შორის, მედია, მე და ყველა დანარჩენი,­ ზოგი შეგნებულად ან გაუაზრებლად, იმიტომ, რომ ტერმინების მნიშვნელობა არ ვიცით, ხან პედოფილიის მსხვერპლს ვუწოდებთ იმ ბავშვებს, ხან ვამბობთ, რომ ყველაზე ძალადობენ. ამასობაში კი იმ კაცმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, სადაც ყველა იმ ბავშვის სახე ჩანს, ვისაც საზოგადოება განიხილავდა. წარმოუდგენელ აბსურდში ვართ. 4 მილიონი ქართველის თვალწინ ერთი კაცი ბედავს და ყველას ართმევს უფლებას, ვნახოთ, რა მდგომარეობაში ცხოვრობენ ბავშვები.

- პოლიტიკურ თემებზეც გკითხავთ - იუსტიციის საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გაგრძელდება, რასაც პოლიტიკოსთა­ და ექსპერტთა ნაწილი "კლანის გაძლიერების" ცდას უწოდებს და მოელიან, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი რეაგირება, რადგან ეს არის დიდი რისკი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.­ რასთან გვაქვს საქმე?
- ეს ორნაბიჯიანი საკითხია, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი იყო მიშელის დოკუმენტამდე და ახლაც ასეა;
მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმ ტიპის კანონის მიღება საკანონმდებლო დონეზე, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა შეუძლებელი გახდეს. რაც შეეხება იმ მოსამართლეებს, დარწმუნებული ვარ, ის სია იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე გვგონია, რადგან თუ კლანს სასამართლო ხელისუფლებაში საცეცები ღრმად არა აქვს გამჯდარი, ასეთ რამეს 4-5 კაცით ვერ გააკეთებს.

თუ "ოცნებას" სასამართლო რეფორმა სურდა, ვინმე უშლიდა ხელს მიშელის დოკუმენტამდე? მეტიც, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც "ოცნების" კოალიცია, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, დაიშალა, მურუსიძე იყო.

ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ არც ერთი კოალიციური პარტნიორი არ სჭირდებოდა, მხოლოდ მურუსიძე იყო მისი ბედნიერებისთვის საკმარისი. ამ პირობებში შეუძლებელია რამის შეცვლა. იუსტიციის საბჭოს მდივანმა, რომელიც ვითომ კანონსა და კალენდარს არასოდეს არღვევს, სასწრაფოდ გადაწყვიტა მოსამართლეების არჩევა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ამოცანა ასეთია - ისეთი­ კანონის გამოგლეჯა, რომელიც რეალობის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენს, ოღონდ უკვე არჩევნების შემდეგ. მერე ეს ხალხი ან შინ წავა, ან არ წავა, გააჩნია, მათი დანაშაულებრივი ქმედებები­ რა მასშტაბის არის. ასე რომ, ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულია შანსი, რომ სასამართლო გადავარჩინოთ, რადგან ჯერ არ ვიცით, სანამდე გაგრძელდება კანონში ცვლილებების შეტანა. უზენაესი სასამართლოს საკითხი ძალზე მარტივად მოსაგვარებელია, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სამართლებრივ-კონსტიტუციური ბერკეტები, რაც სრულად რეფორმირების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამას კანონის მიღება და საკონსტიტუციო რეფორმა სჭირდება. პარლამენტში ხმები არის, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჩვენს ოპოზიციასთან ერთად რამდენად შემტევი იქნებიან საერთაშორისო პარტნიორები.

- სასამართლოს რეფორმით მანიპულირებაში ოპოზიციური ძალებიც არიან შემჩნეული.
- არა ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო რეფორმის შესახებ "ნაცმოძრაობას" კეთილი ზრახვები აქვს, მახსოვს 2012-2016 წლებში როგორ იქცეოდნენ პარლამენტში, როდესაც სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმა იყო გასატარებელი. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორი ხმა გვჭირდებოდა "ნაციონალური მოძრაობიდან" და დავით ბაქრაძემ ეს ვერ უზრუნველყო, რათა ის პროცესები, რისთვისაც ახლა ვიბრძვით, კონსტიტუციაში უკვე 2016 წელს ასახულიყო. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი პოზიციის იმედი მაქვს.

- მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "ოცნების" კანდიდატის დასამარცხებლად უპრიანი იქნება უპარტიო, "მეურნე ადამიანის"­ კანდიდატად დასახელება, რომელიც ოპოზიციური ძალების ერთობლივად შემუშავებული საარჩევნო პროგრამის რეალიზებაზე იმუშავებს. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ "ლელოს" მერის არჩევის­ სტრატეგია?
- არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი მეურნე კაცი უნდა იყოს. ეს დიდი შეცდომაა. ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს - დედაქალაქის მერი არის პირი, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიუჯეტს განკარგავს და გარდა ამისა, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდ თანხებს იღებს. პოლიტიკური გუნდის წევრი თუ ვერ იქნება, პროცესების მართვა ძალიან გაუჭირდება.
როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ოზურგეთის მერს ეხმარება გზის დაგებაში და ასევე სურს მოსახლეობამ იცოდეს, კარგი გზა იმიტომ აქვთ, რომ ამაზე ხელისუფლებამ იზრუნა, მერი მისი გუნდის წევრია და მომავალ არჩევნებში იმაზე იზრუნებს, რომ ისევ დატოვოს ხელისუფლებაში. თუნდაც იმიტომ, რომ მერე სხვა პრობლემები მოუგვაროს. როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, რომლის ხელშიც ძალიან დიდი საბიუჯეტო რესურსია, პოლიტიკური მოთამაშე არ არის, მისი წარმატებით არავინ დაინტერესდება. თუ ხვალ-ზეგ მთავრობაში დასჭირდა დახმარება, თუნდაც პარლამენტში კანონის გატანა, და მხარდამჭერი გუნდი არ ეყოლება, მარცხისთვის არის განწირული.

მერობა და შს მინისტრობა არ ნიშნავს, რომ ტანკის მართვა იცოდე, გუნდის სწორად შერჩევა უნდა შეგეძლოს. თბილისის მერს პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე დიდი ამომრჩეველი ჰყავს. ამიტომ ხაზარაძის პოზიციას, ერთადერთი მიზეზი აქვს, რა ვქნათ, ერთმანეთს არ ვენდობითო.

- გაერთიანებულ ოპოზიციაში ვის მიიჩნევთ საუკეთესო მერობის კანდიდატად?
- ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძე იდეალური მერი იქნება. მას მერობისთვის საჭირო თვისებები აქვს, ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მის თავზე ათასი წისქვილის ბორბალი დაატრიალა და მანაც ძალიან კარგი პოლიტიკური ნათლობა მიიღო.

- ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორ­მების ჯგუფის" შექმნაზეც გკითხავთ, რომელშიც სამი პარტია და ორი უპარტიო დეპუტატი იქნებიან გაერთიანებული.
- სახელმა ძალიან დამაბნია, არავის დავცინი, თუნდაც იმიტომ, რომ ფრაქციაში, სულ მცირე, ჩემი ორი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ მართლაც საოცარი­ სახელი დაირქვეს. ამის მიუხედავად, კარგად ვხედავ მათ პერსპექტივას.

ფრაქციას ბევრი რამის ინიცირება შეუძლია, რისი განხილვაც სავალდებულოა, ის ბიუროს წევრია და ყველა ფორმატში შეუძლია საკითხის დაყენება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვისაც კარი ღიაა.

- გიორგი გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივაზეც გკითხავთ - საზოგადოებაში ასეც დაისვა კითხვა, ვის ოპოზიციაშიაო...
- გიორგი გახარია თავისი მოძრაობით "საქართველოსთვის" დღეს ოპოზიციაშია, რადგან თუ ხელისუფლებაში არ არის, ესე იგი, მისი ოპონენტია. თუმცა გახარია ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი თავის ოპოზიციაშია, რადგან მისი განცხადებების უმეტესობა სწორედ იმ პერიოდს შეეხება, როცა ბევრი რამ და დიდი დოზითაც დააშავა.
იყო პრემიერი, მანამდე შს მინისტრი და აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნებს ხედავდა... ამიტომაც ვამბობ, რომ თავის თავთანაა ოპოზიციაში.

ახლა მარჯვნივ წავა თუ მარცხნივ, ამის მიხედვით გაირკვევა, ვინმეს გაიყოლებს თუ თავად ჩაიძირება. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ილაპარაკა ჩხარტიშვილზე, მამაცაშვილზე, გომელაურზე, უსაფრთხოების სამსახურზე, კორუფციაზე, მხოლოდ ერთი ფრაზით შეიძლება მისი გაჩუმება, როდესაც თქვა, "იმედი" სახელისუფლებო არხიაო. ამ წინადადებას ოპონენტი მუდამ უკან დაუბრუნებს, ნებისმიერი გააჩუმებს. ეს პოლიტიკური გამოუცდელობით ნამდვილად არ მოსვლია, უბრალოდ, ბევრ ტყუილში აიბლანდა. საკმარისად მობილიზებული ადამიანია, მაგრამ ორი საათი რომ მრავალკომბინაციურ ტყუილს ამბობ, რაღაც მომენტში გონება აგერევა და რაღაც წამოგცდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები