"წყლის პისტოლეტები და გაწუწვა არაფერია იმასთან, რა დღეშიც გვაგდებენ პარლამენტში შესვლისას" - კვირის პალიტრა

"წყლის პისტოლეტები და გაწუწვა არაფერია იმასთან, რა დღეშიც გვაგდებენ პარლამენტში შესვლისას"

"ყოველდღე გვხვდებიან შესასვლელთან და მოსყიდულს და მონას გვეძახიან. მათთან შედარებით ჩვენი პერფორმანსი უწყინარი ხუმრობა იყო. სინამდვილეში ჩვენ არავინ გავგვიწუწავს, უბრალოდ ადამიანებს დავეხმარეთ გაეგოთ, როგორი აბსურდია კოლეგების ლანძღვა..."

"ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით, მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციას რა ჯობია პარლამენტში", - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა პარლამენტში ფრაქციის შექმნას. მის თქმით, ცოტა ხანში ყველა შეიტყობს, რა იგულისხმება მათ განსხვავებულობაში. მართლაც რას გულისხმობენ "გირჩელები" განსხვავებულობაში და როგორია მათი განსხვავებული შეფასებები მიმდინარე პროცესებზე, ამის შესახებ იაგო ხვიჩია გვესაუბრება:

- ჩვენ რომ სტანდარტული პოლიტიკოსები არა ვართ და ისე არ ვიქცევით, როგორც სხვები, ეს უკვე ყველამ იცით. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, ვინც პრინციპებსა და იდეოლოგიას არ ღალატობს, მაგრამ ამ პარტიაში მხოლოდ სამი კაცი ვართ. ჩვენი მსგავსი სხვა ადამიანი ამ პარლამენტში ვერ მოვძებნეთ და ფრაქცია როგორ შევქმნათ?

- წყლის პისტოლეტები რატომ შეიტანეთ პარლამენტში და რატომ დაემუქრეთ "ნაციონალებს" გაწუწვით? - წყლის პისტოლეტები და გაწუწვა არაფერია იმასთან, რა დღეშიც გვაგდებენ არჩეულ დეპუტატებს პარლამენტში შესვლისას. ყოველდღე გვხვდებიან შესასვლელთან და მოსყიდულს და მონას გვეძახიან. მათთან შედარებით ჩვენი პერფორმანსი უწყინარი ხუმრობა იყო. სინამდვილეში ჩვენ არავინ გავგვიწუწავს, უბრალოდ ადამიანებს დავეხმარეთ გაეგოთ, როგორი აბსურდია კოლეგების ლანძღვა.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ პარლამენტში არსებული ორი კანონპროექტიდან, რომლებიც ამნისტიას ეხება, მიშელის დოკუმენტთან "ოცნების" ვერსია უფრო ახლოს არის, ვიდრე ოპოზიციის. თუმცა "ოცნების" ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს იმ პარტიის ლიდერი, რომლის წევრებსაც თქვენ წყლის პისტოლეტებით უპირებდით გაწუწვას.

- საქმე ის არის, რომ "ოცნების" კანონპროექტი ამნისტიის კანონპროექტზე ნამდვილად ახლოს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე ოპოზიციის ვერსია. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ დისკუსიების საფუძველზე უნდა შევთანხმდეთ და კანონპროექტიდან ეს სარისკო ჩანაწერი ამოვიღოთ. ამას ორივე მხარის კომპრომისი სჭირდება.

- საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო ენას გამონახავენ და ამნისტიის კანონს საერთო ძალისხმევით მიიღებენ. თუმცა "ნაციონალები", სახელდობრ, მათი ლიდერი რომან გოცირიძე, ამას შეუძლებლად მიიჩნევს. - მე კი ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, მთავარია, პოლიტიკურ სპექტრს ამის სურვილი ჰქონდეს. "ოცნებასაც" შეუძლია დათმოს საიმისოდ რაღაც, რომ მელია ისევ ციხეში არ აღმოჩნდეს და ოპოზიციასაც შეუძლია თავი დაანებოს ჯიუტობას.

დაჩემებული აქვთ, გინდა თუ არა ამნისტია მხოლოდ სამ პოლიციელს უნდა შეეხოსო. ასევე, უაზრობად მიმაჩნია დაზარალებულების თანხმობის მოთხოვნა შესაწყალებელი პირების ამნისტიისთვის, როცა არც კი იცი, სინამდვილეში რამდენი ადამიანია დაზარალებული. აქ უკვე საკითხი ასე დგას - ან გინდა ამნისტია და ასრულებ შეთანხმებას, ან არა!

- გაჯიუტებულია ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი მერობის კანდიდატთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ თავადვე აღიარებენ, თუ საერთო მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ, თბილისში თვითმმართველობის არჩევნებს ვერ მოიგებენ, შეთანხმებას მაინც ვერ ახერხებენ. ასეთ შემთხვევაში არის თუ არა გამოსავალი მამუკა ხაზარაძის ინიციატივა აპოლიტიკური, მეურნე მერობის კანდიდატის შერჩევის შესახებ? - იდეა, რომ ქალაქის მერი აპოლიტიკური უნდა იყოს, ჩემი აზრით, მცდარია. ვერც ისეთ მეურნე კანდიდატს ვხედავ, რომელსაც ოპოზიცია მხარს დაუჭერს. ტრადიციული გზით უნდა წავიდეთ. ეს არ არის კერძო კომპანიის მართვა, ამხელა ქალაქის მოვლა-პატრონობა მოითხოვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

აქამდეც პრობლემა ის იყო, რომ დედაქალაქის მერები არ იყვნენ პოლიტიკოსები, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, ყველა ვიღაცის წარმომადგენელი იყო. ეს სკეპსისი პოლიტიკოსებისადმი დიდ პრობლემად მიმაჩნია.

საბოლოოდ ქვეყანას მაინც პოლიტიკოსები მართავენ. ჩვენ ხომ არქიტექტორებს, ექიმებს, მასწავლებელებს არ ვაგინებთ, მაგრამ პოლიტიკოსების შეურაცხყოფა მოსულა. არადა, პოლიტიკოსებისთვის ტალახის სროლით ისევ ხელისუფლება სარგებლობს.

ხათუნა ბახტურიძე