"ჩვენი მთავარი პრობლემა დაქსაქსულობაა" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მთავარი პრობლემა დაქსაქსულობაა"

"ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ დაბეჩავებული სასამართლოს წყალობით, რის უფლებასაც ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მისცემენ. გაუვათ მელიას დაპატიმრება? მერე კიდევ სხვა ოპოზიციონერს დააპატიმრებენ და ა.შ."

"არა მგონია, ამნისტიის კანონპროექტზე შეთანხმება შედგეს", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთ მოწოდებას, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მხარი დაუჭირონ ამნისტიის კანონს. რატომ არ აწერს ხელს მიშელის დოკუმენტს "ნაცმოძრაობა", და როგორია ამ პოლიტიკური გუნდის სტრატეგია, ამის შესახებ რომან გოცირიძე გვესაუბრება:

- რატომ არ აწერს ხელს მიშელის დოკუმენტს? იმიტომ, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ ასე გადაწყვიტა.

- თქვენ არ იზიარებთ პოლიტსაბჭოს პოზიციას? - შეიძლებოდა მეტი მსჯელობა. არა მგონია ამნისტიის კანონზე შეთანხმება შედგეს, რადგან ორი სრულიად განსხვავებული კანონპროექტია. ერთი ითვალისწინებს ყველასთვის ყველაფრის პატიებას, მეორე მხოლოდ დაზარალებულებს ეხება.

ვფიქრობ, კენჭისყრაზე პარლამენტი მიიღებს კანონის იმ ვერსიას, რომელიც ხელისუფლებას აწყობს. "ოცნების" მიზანი ხელისუფლებისთვის დანაშაულის ჩამოწერაა და ასეც მოხდება.

- რა მოხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლებისთვის სასურველი კანონპროექტი დამტკიცდება და ამნისტიისთვის შესაწყალებელი პირის თანხმობა გახდება საჭირო? - ეს კიდევ ერთი დიდი სისულელეა. არ ყოფილა პრეცედენტი, შესაწყალებელ პირს ეკითხებოდნენ, უნდა თუ არა შეწყალება. ამ დამამცირებელი ჩანაწერის მიზანი პოლიტიკური ოპონენტის გაშავებაა.

მიშელის დოკუმენტი უნდა ყოფილიყო მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი გზა. გამოდის, დამნაშავე პოლიციელებს ყველაფერი ეპატიება, მელიაზე კი გაგრძელდება სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან ის არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვს შეწყალებას.

"ქართულმა ოცნებამ" იმდენი მოახერხა, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად შექმნილი მექანიზმი მის წინააღმდეგვე აამოქმედა.

- მელიას ციხეში დაბრუნების შემთხვევაში როგორი იქნება "ნაცმოძრაობის" სტრატეგია? - გაგრძელდება გაუთავებელი კინკლაობა და დაპირისპირება.

აგერ გიგი უგულავას ისევ გაუხსენეს ძიუდოისტის "ცემა", არც ნიკა გვარამია დარჩენიათ "უყურადღებოდ", ცოტა ხანში ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმესაც ჩამოიღებენ თაროდან და ისევ გაგრძელდება უაზრო და დაუსრულებელი პროცესი.

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ დაბეჩავებული სასამართლოს წყალობით, რის უფლებასაც საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მისცემენ. გაუვათ მელიას დაპატიმრება? მერე კიდევ სხვა ოპოზიციონერს დააპატიმრებენ და ასე შემდეგ.

- თვითმმართველობის არჩევნებისგან რას ელით? - ბრძოლა ძალიან რთული იქნება როგორც "ქართული ოცნებისთვის", ასევე ოპოზიციისთვის. მმართველ გუნდს გახარიას სახით სერიოზული თავსატეხი გაუჩნდა, არც ოპოზიციაშია მარტივი ვითარება. ჩვენი მთავარი პრობლემა დაქსაქსულობაა.

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მორჩება ოპოზიციური პარტიების კინკლაობა და შეთანხმდებიან თუ არა ერთიანი მერობის კანდიდატზე. ეს ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელია.

"ლელოს" პოზიცია აპოლიტიკური საერთო კანდიდატის შერჩევის შესახებ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ განსხვავებული აზრი აქვთ სხვა ოპოზიციონერებს.

რთულია პერსონალურად ისეთი პირის შერჩევა, რომელიც ცდუნებას გაუძლებს და ხელისუფლების ბანაკში არ ამოყოფს თავს. ნეიტრალური კი არა, ლეიბორისტული პარტიის სიის პირველი ნომერი იყო ლადო კახაძე, მაგრამ როგორც კი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მაშინვე უღალატა საკუთარ გუნდს...

- პარლამენტში ერთიმეორის მიყოლებით იქმნება ფრაქციები, "ნაცმოძრაობა" რას აპირებს? - განაცხადი უკვე შევიტანეთ. ამ კვირას "ნაციონალური მოძრაობა" და ბლოკი "ძალა ერთობაშია" ფრაქციის შექმნის შესახებ განცხადებას გავაკეთებთ.

- ბრძანეთ, რომ გახარია "ქართული ოცნების" თავსატეხია, თქვენი თანამებრძოლები კი "ქართული ოცნება 2"-ად მიიჩნევენ. - "ქართული ოცნება 2", რომ არის, იმიტომაც არის მმართველი გუნდის თავსატეხი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილის კარის მოთამაშეა.

- თუმცა ცოტა ხნის მმართველი პარტიის თავმჯდომარემ "ნაციონალებთან" შეთქმულებაში დაადანაშაულა. - ამ ქვეყანაში იმდენი აბსურდი მომისმენია, თუ რამე გამაკვირვებდა, აღარ მეგონა.

ხათუნა ბახტურიძე