"წარმოდგენა არა მაქვს, რას მერჩის­ ლევან ბერძენიშვილი!" - კვირის პალიტრა

"წარმოდგენა არა მაქვს, რას მერჩის­ ლევან ბერძენიშვილი!"

"პირველი პრეცედენტია, რომ საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ნატოს სამიტზე. ნამდვილად ვერ ვხვდები, რა გააფუჭა საქართველოს მთავრობამ ასეთი, თუმცა ჩვენ ვთხოვეთ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რათა დავაბრუნოთ საქართველო ნატოს ფორმატში. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებენ"

"სენატორებმა დეტალურად იციან, რაც ხდება საქართველოში - როცა მკითხეს, რა არის ნომერი პირველი პრობლემაო, ნომერი პირველი პრობლემა ქვეყანაში არის შიმშილი", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სენატორებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს ამერიკის სრული მხარდაჭერა ექნება. "კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მეგობრები გვყავს ჩვენი ამერიკელი მეგობრების სახით", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე:

- პირდად მე სენატორებთან საუბარმა მომიწია ჩვენს ქვეყანაში უმძიმეს ვითარებაზე: ჭიათურაში ხალხს პირი აქვს ამოკერილი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში კატასტროფული მდგომარეობაა, 200 დღეზე მეტია ხალხი "ნამოხვანჰესის" მშენებლობას აპროტესტებს. რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ხელისუფლება ხალხთან ანგარიშვალდებულებას აღარ გრძნობს. ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილია და სწორედ ეს იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ სასამართლოს ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე, პოლიტიკურ გამოძიებებზე: გვარამიას, ხაზარაძის, ჯაფარიძის, ოქრუაშვილისა და უგულავას საქმეებზე. ჩვენს საუბარში გამოიკვეთა, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემა შიმშილია. დიახ

ჩვენს ქვეყანაში ხალხს შია. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლება საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, თავად კომფორტულად ცხოვრობს, ყველაფერი აქვს, ხალხი კი არ აინტერესებს!

სენატორებს ვუთხარით, რომ მძიმე სოციალური პრობლემის დასაძლევად ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და როგორც გვითხრეს, შეიძლება ამაზე საუბარი. ასევე ვისაუბრეთ შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რომელიც მათთვის ლაკმუსის ქაღალდია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის და ამაში სრული მხარდაჭერა გვექნება. ვთხოვეთ, როგორმე დაგვეხმარონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებულთა გათავისუფლებაში. ამ საკითხზე მივიღეთ პირობა, რომ დაგვეხმარებიან.

- როგორც ვიცით, საუბარი იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზეც. - პირველი პრეცედენტია, რომ საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ნატოს სამიტზე. ნამდვილად ვერ ვხვდები, რა გააფუჭა საქართველოს მთავრობამ ასეთი, თუმცა ჩვენ ვთხოვეთ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რათა დავაბრუნოთ საქართველო ნატოს ფორმატში. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებენ.

- მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ სენატორ რობ პორტმანის განცხადება, რომ საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი და ეს გულისხმობს ნატოს წევრობასაც... - კი ბატონო, მაგრამ პრეცედენტი ხომ არის, ნატოს სამიტზე აღარ მიგვიწვიეს. ნეტავ რატომ? ამ ხელისუფლების "დამსახურებას" ხომ არ უნდა ვუმადლოდეთ?! ყველაფრის მიუხედავად, სენატორებმა გვითხრეს, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ყოველთვის იქნება ჩვენ გვერდით. თუმცა, აუცილებელია საქართველომ დაიწყოს რეფორმები მიშელის დოკუმენტის შესაბამისად.

- პროცესები რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად არ ვითარდება, ამაში ანალიტიკოსები ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთნაირად ადანაშაულებენ. - იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს, ფრაქციასაც კი შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი დაავრქვით.

- შარლ მიშელმა იცის ამის შესახებ? - რა თქმა უნდა, და გამოეხმაურა კიდეც ამ ფაქტს. ანალიტიკოსები, ვითომ ანალიტიკოსები და ცრუანალიტიკოსები, ყველაფერში ცუდს ეძებენ!

ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების დაძალება "ოცნებისთვის" ადვილია, ძალიან ცდება. მათ არ სურდათ დოკუმენტზე ხელის მოწერა, ძალით მოვაწერინეთ! ამიტომ ჯობია ძალები გავაერთიანოთ და მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ მმართველ გუნდზე.

- "ქართულ ოცნებას" სურდა თუ არა, ხელი მოაწერა, "ნაციონალური მოძრაობა" კი დღემდე პრინციპულ უარს აცხადებს ხელის მოწერაზე. მათაც აიძულებთ? - ეს უკვე აღარ მაინტერესებს. "ნაციონალური მოძრაობის" საქციელი ინფანტილიზმს მაგონებს.

- ლევან ბერძენიშვილმა რატომ განაცხადა, რომ თქვენს ფრაქციაში შემავალი წევრები რესპუბლიკელებთან თანამშრომლობის ღირსად არ მიაჩნია? - წარმოდგენა არა მაქვს, რას მერჩის ლევან ბერძენიშვილი! ვერც თამარ კორძაიას გაღიზიანების მიზეზს ვხვდები. ალბათ, დრო რომ გავა, სიმართლე გაირკვევა. ჩვენი ფრაქციის მიზანია ხალხის ხმა წარმოვადგინოთ პარლამენტში და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ პარლამენტი არის მათთვის და არა მარტო ელიტისთვის. ჩვენი მიზანია ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე და ვაიძულოთ "ქართული ოცნება" შეასრულოს არა მარტო შეთანხმება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვაიძულოთ, რომ ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე გაგვცეს პასუხი. ვინ, რატომ გვერჩის, მით უფრო ლევან ბერძენიშვილს და თამარ კორძაიას რა პრეტენზიები აქვთ ჩემთან, არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეა და მასთან ვთანამშრომლობთ.

- არც ის იცით, ირაკლი ზარქუა რას გერჩით? მან პოპულისტი გიწოდათ და თქვა, რომ 2022 წლის ბიუჯეტის გეგმას ითხოვდით. ისიც შეგახსენათ, რომ თქვენი თანამდებობაზე ყოფნის დროს 80-მდე ბაღი გაიყიდა. - ზარქუაზე სერიოზულად არ ვისაუბრებ. რეგიონული განვითარების სამინისტრო, ბაღების სააგენტო და განათლების სამინისტრო პარლამენტს ანგარიშს აბარებენ და ამბობენ, რომ სკოლები და ბაღები გაარემონტეს. მე ვეკითხები, რამდენი სკოლა და ბაღია საქართველოში, რამდენი გაარემონტეთ და რამდენი რემონტდება-მეთქი. არ ვიცითო. ასევე ვკითხე, რამდენად სამართლიანია, რომ ბაღებში თანამშრომელთა მინიმალური ხელფასი 200 ლარია. მეუბნებიან 15%-ით გავზარდეთო.

ადამიანებს, რომლებსაც ბავშვებს ვანდობთ, 500 ლარი მაინც არ უნდა დაუნიშნო? ბაღების სააგენტოში 4000-ლარიანი ხელფასებია და ამის მერე კიდევ მე ვარ პოპულისტი?! მჩაგვრელებითა და კორუმპირებულებით არის სავსე ქვეყანა!

- კორუფციაზე ისაუბრა გიორგი გახარიამაც. თქვენთვისაც დაუჯერებელია, რომ ის დამოუკიდებელი მოთამაშეა? - რა თქმა უნდა, არ მჯერა. თავად რას აკეთებდა, როდესაც ქვეყანაში კორუფცია იყო? რიგითი ჩინოვნიკი ხომ არ იყო?! ხან ეკონომიკის მინისტრი იყო, ხან შინაგან საქმეთა და ბოლოს პრემიერი. რომელი თანამდებობა გამოიყენა კორუფციასთან ბრძოლისთვის?! არაფერი გამოვა, სანამ ამ უსამართლობას სისტემურად არ დავუპირისპირდებით.

ხათუნა ბახტურიძე