"გავიგე, რომ ხაზარაძე დიმიტრი გელოვანს ეძებს, მაგრამ არა მგონია, ამ საკითხზე ოპოზიცია შეთანხმდეს" - კვირის პალიტრა

"გავიგე, რომ ხაზარაძე დიმიტრი გელოვანს ეძებს, მაგრამ არა მგონია, ამ საკითხზე ოპოზიცია შეთანხმდეს"

"გახარიამ თქვა, რატომ წამოვიდა "ქართული ოცნებიდან", მაგრამ არ თქვა, რატომ ბრუნდება პოლიტიკაში"

"როგორც ჩანს, ამერიკელმა სენატორებმა გადაწყვიტეს, ნახონ რა ხდება საქართველოში შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის გაფორმების შემდეგ", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოში ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის ვიზიტს. სენატორები ჩვენს ქვეყანაში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ხვდებოდნენ ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, დაათვალიერეს ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორია. სტრატეგიული პარტნიორების ვიზიტის მიზეზსა თუ მიზნებზე და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- ამერიკელები დიდი ხანია საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ ბოლო 6 თვის განმავლობაში. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს ჩამოსულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ, როგორ ვითარდება პროცესები მიშელის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეჭვობდნენ, დაიწყებდნენ თუ არა თანამშრომლობას ხელისუფლება და ოპოზიცია, თუ დაპირისპირება გაგრძელდებოდა.

დაპირისპირება, როგორც ჩანს, გრძელდება, უბრალოდ, მან ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა.

სასიამოვნო და მოულოდნელი იყო ერთგვარი მორატორიუმის შემდეგ საქართველო-უკრაინის ურთიერთობის განახლება. 2012 წლიდან დღემდე ჩვენ უფრო ევროკავშირისა და ნატოს მიმართ დამოკიდებულება, საგარეო პოლიტიკის შესახებ საერთო ხედვა გვაკავშირებდა, ვიდრე ორმხრივი ურთიერთობა. ბუნებრივია, ეს დაკავშირებული იყო სააკაშვილის ფაქტორთან და ძალიან კარგია, რომ დღეს ეს გავლენას ვეღარ მოახდენს საქართველოსა და უკრაინის სავაჭრო და პოლიტიკურ ურთიერთობაზე. შეიძლება ითქვას, ქართულ პოლიტიკაში ერთი ეტაპი დასრულდა და ახალი, პოლიტიკურად უფრო გამართული პერიოდი იწყება. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გასტანს, რადგან გვიახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე გაცილებით დაძაბულ ვითარებაში ჩატარდება. ეს პრობლემა აუცილებლად დაგვიდგება შემოდგომაზე.

- რის საფუძველზე ფიქრობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე გაცილებით მწვავე დაძაბულობა იქნება? - ასეთი ფიქრის საფუძველს მაძლევს "ოცნების" დათქმა ხმების 43%-ის შესახებ. ოპოზიციის აზრით, მმართველი გუნდი ვერ აიღებს 43%-ს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მართლაც ვერ აიღოს და დღის წესრიგში დადგეს რიგგარეშე არჩევნები. არადა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას აქვს უპირატესობა.

ოპოზიცია ფრაგმენტირებული, ჩამოუყალიბებელია და თუ არჩევნებამდე ასეთი ფორმით მივა, "ოცნებას" არ გაუჭირდება 43%-ის აღება.

თუმცა, რა იქნება ოთხი თვის შემდეგ, არ ვიცი. აქ კიდევ ერთი მომენტია - გაუგებარია "ნაცმოძრაობის" გადაწყვეტილება, პარლამენტში შედიან, მაგრამ ხელს არ აწერენ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს.

თუ "ნაციონალები" მიშელის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერენ, საერთაშორისო ასპარეზზე მათი მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდება. ეს ხომ ერთი კაცის დოკუმენტი არ არის?! "ნაციონალების" ასეთი პოზიცია ხელს აძლევს "ოცნებას".

- "ნაციონალების" პროტესტი უმთავრესად უკავშირდება ამნისტიის კანონპროექტს... - გეთანხმებით, მაგრამ არის ერთი მომენტი - "ქართულ ოცნებას" მანევრირების დიდი დიაპაზონი აქვს. შეუძლია გააჭიანუროს სასამართლო პროცესები და დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრება დასავლეთისთვის აღარ იქნება ისეთივე რეზონანსული, როგორიც თებერვალში იყო. ერთი თვე მაინც რომ არ აეყვანათ მელია, მის გამო მღელვარება ნელ-ნელა მინავლდებოდა და უპრობლემოდ დააპატიმრებდნენ.

თუ "ოცნება" ისევ გაიმეორებს თებერვალში დაშვებულ შეცდომას, გაჩნდება კითხვის ნიშნები, მათ კი გაუჭირდებათ დასაბუთება, თუ რატომ აკეთებენ ამას. ეს უკვე თავისთავად გულისხმობს დეკლარირებულ დასავლურ კურსზე უარის თქმას.

- გახარიასა და სააკაშვილის შეთქმულების შესახებ მხოლოდ ექსპერტთა ვერსიები კი არ ვრცელდება, უკვე მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს ამ საკითხზე. - გახარია ორ ცეცხლს შუა მოჰყვა. მისი რეიტინგი აფრთხობს როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე ოპოზიციას. მართალია, "ნაციონალების" რეიტინგამდე მის პარტიას ბევრი აკლია, მაგრამ პატარა პარტიების თავსატეხი კი ნამდვილად არის. "ოცნება" არ იქნებოდა ასეთი აგრესიული, რომ არა ყბადაღებული 43%.

მე არ მჯერა გახარია-სააკაშვილის შეთქმულების იმიტომ, რომ ორი-სამი დღე კი არა, როგორც უკვე ვთქვი, ერთი თვეც უნდა გაეწელათ მელიას დაპატიმრების საკითხი. ასეთ შემთხვევაში "ნაცმოძრაობის" ოფისში ზუსტად იგივე სიტუაცია იქნებოდა, რაც რუსთაველზე პერმანენტული აქციების დროსაა ხოლმე - ფაქტობრივად, იქ აღარავინ იქნებოდა.

ამიტომ ლოგიკიდან გამომდინარე, ვერანაირ შეთანხმებასა და მოლაპარაკებას გახარიასა და სააკაშვილს შორის ვერ ვხედავ. კარგი, დავუშვათ ეს სცენარი იგეგმებოდა, როგორ უნდა განხორციელებულიყო? ზღაპარია იმაზე საუბარი, თითქოს სააკაშვილი დაიხურავდა ქუდს და შორტით გადმოვიდოდა სარფში. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი რისკიანია?! დღეს ხალხში ისეთი განწყობაა, სააკაშვილი კი არა, რობესპიერით დაწყებული ლენინით დამთავრებული, ყველა რევოლუციონერი რომ გააცოცხლო და საქართველოში ჩამოიყვანო, ვერ შეძლებენ რევოლუციის მოწყობას. ხალხი რაღაცნაირად მოშვებულია, თითქოს თვლემს.

- როგორ თვლემს, ნამოხვანჰესის გამო პროტესტი? შუქრუთელებმა პირიც კი ამოიკერეს, ზესტაფონსა და ბორჯომში აქციებია, ცოტა ხნის წინ რუსთავში მეტალურგები აპროტესტებდნენ დაბალ ხელფასებს... - მე ის კი არ მითქვამს, სულ მოკვდა ერი-მეთქი! ზემოჩამოთვლილ პროტესტის ფაქტებს მედიის უფრო მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ვიდრე საზოგადოების. ხალხი იღებს ინფორმაციას, მაგრამ ამაზე აგრესია არ უჩნდებათ. ამიტომ ვამბობ, თვლემს-მეთქი.

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის შიში გახარიას გამო საფუძვლიანია? - გახარიამ თქვა, რატომ წამოვიდა "ქართული ოცნებიდან", მაგრამ არ თქვა, რატომ ბრუნდება პოლიტიკაში.

ვერ გავიგე, რას აპირებს, თუ ისევ პრემიერი გახდება. ამასთან, არც გუნდი ჰყავს დიდად მებრძოლი. ის ორჯერ წარდგა საზოგადოების წინაშე და ვერც ერთხელ ვერ დავინახე როგორც ოპოზიციონერი ლიდერი, ორჯერვე ისე ილაპარაკა, როგორც ყოფილმა პრემიერმა. თუ ასე აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდეს.

- მოლოდინი იქმნებოდა, რომ გახარიასთან ერთად ვიხილავდით კახა კალაძესაც. კულუარებში ლაპარაკობდნენ კალაძისა და კობახიძე-თალაკვაძის დაპირისპირებაზეც, თუმცა დღეს უკვე ვიცით, რომ კალაძე "ოცნებიდან" იბრძოლებს თბილისის მერობისთვის, საარჩევნო შტაბს კი კობახიძე უხელმძღვანელებს. რა შეიძლება მომხდარიყო კულუარებში? - არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, "ოცნებას" პრობლემები აქვს, მას არა ჰყავს კალაძის ტოლი რეიტინგული ფიგურა. მოკლედ, თუ გუნდში უთანხმოება იყო, საკითხი კალაძის სასარგებლოდ გადაწყდა. კალაძე გახარიასთან წასულიყო კი არა, საერთოდ რომ გარიდებოდა პოლიტიკას, "ოცნებისთვის" მაინც დიდი დარტყმა იქნებოდა. ამიტომ შეიძლება ითქვას, მმართველ გუნდში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

- მერობის კანდიდატის შესახებ მამუკა ხაზარაძის აზრს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თქვენ რას ფიქრობთ მერობის კანდიდატად მეურნე პერსონის დასახელების იდეაზე? - გავიგე, რომ ხაზარაძე დიმიტრი გელოვანს ეძებს. თეორიულად სწორი სვლაა, მაგრამ არა მგონია, ამ საკითხზე ოპოზიცია შეთანხმდეს. ვფიქრობ,

"ნაცმოძრაობა" თავის კანდიდატს დაასახელებს და მეორე ტურში გასულ კანდიდატს კალაძესთან მოუწევს დაპირისპირება, რაც კალაძის მოგებით დასრულდება.

- "ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი", - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ გახარიამ მუქარიანი წერილი გადასცა. თქვენი აზრით, "ოცნება" სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ყოველივე იმაზე, რაც გახარიას უკავშირდება? - კობახიძემ ძალიან მარტივად აარიდა თავი პასუხს და მშვენიერი გამოსავალი მოძებნა. კობახიძეს ამ თემაზე პოლემიკის გავრცობა არ სურს და ეს ლოგიკურია.

- კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა - შეიქმნა ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი", სადაც გრიგოლ ვაშაძესა და ზურა ჯაფარიძესთან ერთად ხათუნა სამნიძე ვიხილეთ. სამნიძის ფრაქციაში გაერთიანებას რესპუბლიკელებში განხეთქილება მოჰყვა - პარტია დატოვეს თამარ კორძაიამ და ლევან ბერძენიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ფრაქციის არც ერთი წევრი არ მიაჩნია იმის ღირსად, რომ რესპუბლიკელები მათთან თანამშრომლობდნენ. რით შეიძლება იყოს განპირობებული ასეთი დამოკიდებულება ფრაქციის წევრებთან? - მეც მიკვირს, თუ "ნაცმოძრაობასთან" შეიძლებოდა ბლოკში ყოფნა, "სტრატეგია აღმაშენებელთან" რატომ არ შეიძლება? ისე, მე ამ ფრაქციას "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს" კი არა, ვაშაძეების ფრაქციას დავარქმევდი. არ მომეწონა ეს სათაური.

- ყველაზე მნიშვნელოვან თემას დავუბრუნდეთ - ამერიკელმა სენატორებმა გვითხრეს, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილი უნდა გახდეს და ეს ნატოს წევრობასაც გულისხმობს. ცოტა ხნის წინ კი ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის წარდგენისას დადებით პასუხს ვერ მიიღებს, რომ ტყუილად არ უნდა გვქონდეს იმედი. - მარინა კალიურანდმა სწორი გვითხრა! მას შემდეგ, რაც ევროკავშირში აღმოსავლეთის ქვეყნები შევიდნენ, სოციალურ და ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური პრობლემებიც გამოჩნდა. რბილად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა მთლად ევროპულობა ვერ გამოავლინა. ამიტომ ლოგიკურია, ევროპარლამენტარები უფრო ფრთხილად ეკიდებიან კავშირის გაფართოების საკითხს. თურქეთს 30 წელია განცხადება შეტანილი აქვს, მაგრამ დღემდე არ არის ევროკავშირის წევრი. ნატოში ჩვენი გაწევრებაც თავის დროზე გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს. მზად უნდა ვიყოთ და მომენტი არ გავუშვათ ხელიდან.

ჩემი დაკვირვებით, ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირში შესვლის საკითხს პიარისთვის იყენებს და ეს თვალში საცემია. დღეს ქვეყანა არც მენტალურად, არც სოციალურად, არც ეკონომიკურად და პოლიტიკურად მზად არ არის სრულად მიიღოს ევროკავშირის რეგულაციები.

- ნატოსთვის რამდენად ვართ მზად, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობელი რუსეთია? - ნატო სხვა თემაა. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია პოლიტიკური და სტრატეგიული, სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებები. თუ სტრატეგიულად გახდა საჭირო ნატოს გაფართოება და საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა, რუსეთი დარჩება გაღიზიანებული, მაგრამ ომს ვერ დაიწყებს...

ამერიკასთან ერთად ევროკავშირი გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას და დახმარებას, ოღონდ ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი ცოტა მაინც, თუ ტვინსაც გავანძრევთ, უკეთესი იქნება!

ხათუნა ბახტურიძე