"ივანიშვილის გახარიასადმი კრიტიკით სრულად იხსნება გავრცელებული ხმა, რომ ის მისი პროექტია. თუმცა ამ განცხადებით ფაქტობრივად, მოხდა გახარიას ოპოზიციონერად "კურთხევა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის გახარიასადმი კრიტიკით სრულად იხსნება გავრცელებული ხმა, რომ ის მისი პროექტია. თუმცა ამ განცხადებით ფაქტობრივად, მოხდა გახარიას ოპოზიციონერად "კურთხევა"

"გახარიამ უფრო მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რით იყო განპირობებული მისი გადადგომა"

7 ივნისს "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა "თავისთავად არასწორი მოვლენაა", გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც "სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად".

ივანიშვილის განცხადებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიორგი გახარიაც.

"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!", - დაწერა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში.

აღნიშნული განცხადებისა და მისი პასუხის შეფასება ანალიტიკოსებს ვთხოვეთ. რამაზ საყვარელიძის განცხადებით,

უნდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ამ განცხადებით ის ისევ ახდენს გავლენას პოლიტიკაზე, მაგრამ ისიც ფაქტია, ამ განცხადებასაც აქვს ლოგიკა.

- გახარიას გამოჩენის შემდეგ ბევრმა ჩათვალა და ბევრჯერ ითქვა, რომ ეს არის "ოცნება" ნომერი 2 და ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მართლაც ტრიალებდა ეს ვერსია და ამაზე საპასუხოდ გააჟღერა ივანიშვილმა ეს განცხადება, უპასუხა. პოლიტიკური გავლენის მატარებელი იქნება მისი ეს რეაქცია, რადგან ის ივანიშვილია და მის ნათქვამს ძლიერი გავლენა აქვს. ასეთი განცხადება მართალია, არ გაკეთებულა გახარიას პარტიის მხრიდან, მაგრამ საზოგადოებაში არსებულმა ეჭვმა, რომ შეიძლება ივანიშვილის პროექტია, ვფიქრობ, იგი აალაპარაკა. რაც შეეხება განაწყენებას, განაწყენება რომ ყოფილიყო მიზეზი, მაშინ ის თავის პოზიციას არ დააყოვნებდა და როცა გადადგა, მაშინ დააფიქსირებდა. მას ხმა არ ამოუღია მაშინ, ამიტომ მგონია, მიზეზი განაწყენება არ არის, მიზეზი არის იმ ვერსიის შეჩერება, რომ ეს შეიძლება ივანიშვილის პროექტია. ვხედავთ, მან საკუთარი გუნდის ღალატი უწოდა გახარიას წასვლას. გახარიაც მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ ამ სიმართლის დადგენის პროცედურა დაიწყება. ადრე თქვეს, რომ გამოძიება უნდათ დაიწყოს და გამოძიება არის ყველაზე სწორი გზა სიმართლის დასადგენად. გამოძიებაში თემის გადაყვანა, ალბათ, ყველაზე რაციონალური და დასავლურია, რადგან მართლაც, ამ ნათქვამით რამე დასკვნების გაკეთება პოლიტიკაში ძნელია. ამ მხრივ გახარია გადადგამს, ალბათ, ნაბიჯებს. მის პასუხს ველოდები მე უფრო სხვა საკითხში. ყველაზე საგრძნობი და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მეჩვენება ივანიშვილის კრიტიკა იმაზე, რომ იდეოლოგიური და კონცეპტუალური ბაზა არ აქვს გახარიასო, რომ ამბობს და - დროებითი ინსტრუმენტი იყოო. საჩქაროდ არავინ ითხოვდა გახარიასგან ამაზე პასუხებს და ახლა აშკარა გახდა, რომ მას მოუწევს დაკონკრეტება ყველაფრის, თავისი ხედვის, თუ როგორ უნდა წავიდეს საქართველო, რა სირთულეებია და ამ სირთულეების გზაზე ვინ ესახება თავის მომავალ პარტნიორად და ვისთან პარტნიორობა არის გამორიცხული - ამაზე პასუხი უდავოდ მოუწევს ახლა გახარიას.

- ამ დღეებში გახარიას გამოსვლებიც მოისმინეთ. თქვენი აზრით, რატომ წამოვიდა მმართველი გუნდიდან, ამაზე პასუხი მიიღეთ? - ის ქვეყნის პირველი პირი იყო და სხვანაირი პასუხისმგებლობა აქვს პრემიერს, მაგრამ პირველი შემთხვევა ხომ არ არის ოპოზიციაში გადასვლა. ბევრი გადავიდა ამ წლებში, იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილს არ უპირისპირდებოდნენ, მათ, ძირითადად, კობახიძის, მდინარაძის თუ "ოცნების" სხვა, ახალგაზრდა  ლიდერებთან დაპირისპირების შედეგად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმ სამზარეულოში შექმნილი კონფლიქტის შედეგად, რომლის წევრებიც იყვნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ანალოგიური პროცესი იყო გიორგი გახარიასთანაც. ჰქონდა, როგორც პრემიერს, გარკვეულ სახელისუფლებო გუნდის წევრთან დაპირისპირება მას შემდეგ, რაც ივანიშვილი უკვე აღარ იყო ამ ჯგუფში. რამდენად აწყობილი იყო იქ ურთიერთობა, თუ რამე კონფლიქტი იყო, მე არ ვიცი, მაგრამ...  რადგან ადრეც იყო შიდა დაპირისპირება, ახლაც შეიძლება ანალოგიური მიზეზი არსებობდეს, თუმცა ის, რაც ეპატიება პარტიის რიგით წევრს, არ ეპატიება პრემიერ-მინისტრს, რადგან ის სახელმწიფოც მეთაურიც არის. ეს არის ახლა ხაზგასმული ივანიშვილის განცხადებაში. ნებისმიერი სახელმწიფო მეთაურისგან უფრო მეტ პასუხისმგებლობას ველით. გახარიამ უფრო მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რით იყო განპირობებული მისი გადადგომა.

- როგორ ფიქრობთ, გახარიას განცხადებები და შეფასებები უფრო მწვავე იქნება? - ჯერჯერობით არ მაქვს ამის მოლოდინი, მაგრამ პარტიას ჯერ თავისი პროგრამა არ ჩამოუყალიბებია, პროგრამა, რომლითაც გაირკვევა, ვინ არის მისი მეგობარი და ვისთან ერთად მოქმედებს. გახარია ამბობს, არავის წინააღმდეგ არ ვიქნებიო, მაგრამ მას მოუწევს იმის დასახლება, ვინ იქნება მისი პარტნიორი პოლიტიკურ პროცესებში. ფაქტია, ივანიშვილის განცხადებების შემდეგ მას უფრო ადრე მოუწევს ამ თემაზე მსჯელობა, სხვა გზა არ აქვს.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, როგორც ჩანს, ვითარება ძალიან რთულია და "ქართულ ოცნებას" კვლავ დასჭირდა ივანიშვილის ჩართვა ამ ბატალიებში. - რაც შეეხება გახარიას მიმართ ივანიშვილის დამოკიდებულებას, საკმაოდ მკვეთრი დამოკიდებულებაა. უკვე მერამდენედ ამბობს ივანიშვილი ფრაზებს, რომ ის არ ელოდა, რომ ისევ შეცდა და ა.შ. თუ ეს გულწრფელი ნათქვამია. ასე ამბობდა ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაშიც. ამ ამოცანას ასე შევხედოთ - გაუჭირდა "ქართულ ოცნებას" და შეეშინდათ 43-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის. თუნდაც ნაწილი საზოგადოების თუ ჩათვლიდა, რომ გახარია არის ივანიშვილის პროექტი, მაშინ, დიდი ალბათობით, ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფი გახარიასკენ გადაინაცვლებდა და შეეშინდათ ეს ხმები დაეკარგათ. ახლა კი უნდათ ის ხმები, 0-დან 5 პროცენტი, რომელიც წავიდა "ქართული ოცნებიდან" სხვა ოპოზიციურ პარტიებში, გახარიამ წაიღოს და არ წაიღოს მან "ქართული ოცნების" ხმები. ივანიშვილმა იცის, რომ დაკარგულ ხმებს უკან ვერ მოაბრუნებს. მისი გახარიასადმი კრიტიკით კი სრულად იხსნება გავრცელებული ხმა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია. თუმცა ამ განცხადებით ფაქტობრივად, მოხდა გახარიას "კურთხევა" ოპოზიციონერად. 2001 წლის მოვლენებიდან თუ განვიხილავთ, სისტემა სულ ერთნაირად მუშაობს. მაშინაც სააკაშვილიც, ჟვანიაც, ბურჯანაძეც შევარდნაძის გუნდის წევრები იყვნენ, დაპირისპირება გაკეთდა და ახალი გუნდი ჩამოყალიბდა. "ქართული ოცნება" რამდენად შეძლებს 43 პროცენტი შეინარჩუნოს, ახლა ამაზე მიდის მუშაობა, მას სჭირდებოდა დამხმარე ძალა და ეს ძალა აღმოჩნდა ისევ ბიძინა ივანიშვილი, ეს მნიშვნელოვანია. მისი განცხადება იქნება "ქართული ოცნების" ხმების გარკვეულწილად დაზღვევა და, მეორე მხრივ, მოხდა გიორგი გახარიას "კურთხევა" ოპოზიციონერად.

- მაინც გახარიას წისქვილზე ასხამს წყალს ივანიშვილის ეს განცხადება? - მთლად გახარიას წისქვილზე წყალს არ ასხამს, მაგრამ არც უიმედო მდგომარეობაში ტოვებს. წყლის დასხმა იქნებოდა მაშინ, თუ საერთოდ არ გააკეთებდა განცხადებას ივანიშვილი და "ქართული ოცნების" ხმებიც წავიდოდა მაშინ მისკენ. ახლა ნახავთ, მუდმივად იქნება საარჩევნოდ ხაზგასმა იმაზეც, რომ თუ 43 პროცენტი არ ავიღეთ, დაბრუნდება "ნაცმოძრაობაო". როგორ განვითარდება მოვლენები, ეს მაინც დამოკიდებული იქნება ადგილობრივ არჩევნებზე. ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს 43 პროცენტის აღება, ვუყურებ მოსახლეობის განწყობას, მაგრამ თუ ისევ დადგა ხელახალი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში, არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი პოლიტიკაში ისევ მობრუნდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადანაწილდება ხმები.

ზოგადად, განცხადება თავისი სულისკვეთებითა და მიზნობრიობით ემსახურებოდა ორ რამეს - არის თუ არა ოპოზიციონერი გახარია და დგას თუ არა ივანიშვილი მის უკან, ეს თემა მოხსნილიყო, მაგრამ მოიხსნა თუ არა საბოლოოდ, ამას ვერ გეტყვით. გახარიას პრეზენტაცია შთამბეჭდავი არ იყო. ივანიშვილის ეს განცხადება კი ამბობს, რომ გახარიას უკან ის არ დგას და ის ამომრჩეველი, რომელიც ორჭოფობდა, გახარიასთვის მიეცა თუ არა ხმა და ფიქრობდა, რომ მის უკან ივანიშვილი იდგა, ის ხმები "ქართულ ოცნებას" დაუტოვა, ერთი მხრივ, მაგრამ, მეორე მხრივ, ვინც ივანიშვილს ვერ იტანდა და ოცნებიდან გაღიზიანებული წავიდა სხვა პარტიებში, შეიძლება ის ხმები გადავიდეს გახარიას ფლანგში. იმის თქმა არ შემიძლია, რომ გახარიას სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა ივანიშვილი.

- რა მოჰყვება ამას? - ვფიქრობ, გახარია უპასუხებს. მით უმეტეს - მას ახლა გახსნილი აქვს ხელფეხი. გახარია გახდება უფრო რადიკალური, უფრო შემტევი, როგორც "ქართული ოცნების", ისე - ივანიშვილის მისამართით. მაგრამ ეს როდის მოხდება, უახლოეს პერიოდში თუ არჩევნების შემდეგ, ამას ვერ გეტყვით. ივანიშვილი განცხადების ბოლოს საუბრობს სააკაშვილზე, რომელიც, თურმე, ვერაფრით მოშორდა "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ჩანს, ვერც თვითონ მოშორდა "ქართულ ოცნებას", რადგანაც ამბობს, ჩემი პარტია ყველანაირად მაგარია და ასე გაგრძელდებაო. ვფიქრობ, გახარიას შეფასებების დროს საერთოდ უადგილო იყო მისი მხრიდან "ნაცმოძრაობის" ხსენებაც კი...

(სპეციალურად საიტისთვის)