"რატომ არ უნდა შესთავაზოს ნატომ "მაპ"-ი საქართველოსა და უკრაინას" - რას წერს ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"რატომ არ უნდა შესთავაზოს ნატომ "მაპ"-ი საქართველოსა და უკრაინას" - რას წერს ამერიკული გამოცემა

ამერიკულმა ანალიტიკურმა გამოცემამ War On the Rocks-მა გამოაქვეყნა საკმაოდ ვრცელი სტატია სათაურით - "რატომ არ უნდა შესთავაზოს ნატომ "მაპ"-ი საქართველოსა და უკრაინას" (ავტორი - ჰენრი ლარსენი, ფილოსოფიის დოქტორი, ციურიხის ფედერალური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების თაობაზე დისკუსია 13 წლის წინ დაიწყო, როცა ალიანსში აზრთა სხვადასხვაობა გამოიხატა ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წლის აპრილში, მიიღეს კომპრომისული ფორმულირება, რომ ორივე ქვეყანა "ნატოს წევრი გახდებოდა", თუმცა მალე გახდა ცნობილი, რომ პოსტსაბჭოთა უკრაინისა და საქართველოს ადგილი ნატოში არ იქნებოდა.

რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში, ყველამ დაინახა, რომ თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, მთელი თავისი ძლიერებით, მზად არ იყო გაერისკა და რუსეთთან ომი დაეწყო.

2014 წელს, უკრაინის ყირიმსა და დონბასში მომხდარი ამბების შემდეგ, "ნატო კიდევ უფრო ნაკლებად იყო მზად კონფლიქტში უკრაინის მხარეს ჩარეულიყო და უფრო მეტად იმას დარდობდა, ვაითუ რუსეთმა ახლადმიღებულ წევრებზეც ზეწოლა განახორციელოსო".

ამის მიუხედავად, უკრაინა და საქართველო, რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვთ, მათ შორის -  დემოკრატიული რეფორმების გატარების, ტერიტორიული მთლიანობისა და მოუგვარებელი საზღვრების საკითხებში, მაინც დაბეჯითებით ითხოვენ ნატოში გაწევრების "სამოქმედო გეგმის" ("მაპ"-ის) მიცემას. თუ ეს მოხდება, მაშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვალდებული იქნება, სერიოზულად დაიწყოს ფიქრი თბილისისა და კიევის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება კოლოსალურ ძალისხმევასთან, მათ შორის - ფინანსურ საკითხებთანაც, რის მაგალითსაც დღეისათვის პოლონეთი წარმოადგენს: რუსეთის ახლოს მდებარე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებულ სამხედრო წრთვნებზე ყოველწლიურად 4,5-6,5 მილიარდი დოლარი იხარჯება და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მცდელობისა, რასაც ნატო მიმართავს "რუსული აგრესიის" შესაკავებლად. და მაინც, უამრავი წრთვნის მიუხედავად, რუსეთს მაინც სამხედრო უპირატესობა აქვს ამ რეგიონში.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ახალ წევრებად პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სავარაუდო მიღების შემდეგ ნატოს დასჭირდება, უპრეცედენტო ზომები მიიღოს მათი დაცვის მიზნით, კონვენციალური თავდაცვის ორგანიზაციისათვის.

უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსეთის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რასაკვირველია, ალიანსის მიმართ წყენას გამოხატავენ. ცხადია, მათ აქვთ უფლება, 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე "მაპ"-ის მიცემა მოითხოვონ, მაგრამ თბილისმა და კიევმა თვითონაც კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ეს არარეალურია. არ არის ამისთვის საჭირო ლობირება, ნატოზე ასეთი გზით ზეწოლა უშედეგო იქნება. ალიანსმა ამ ორ ქვეყანას უნდა მოუწოდოს, რომ საჯაროდ უკმაყოფილო განცხადებების გაჟღერებისაგან თავი შეიკავონ, თორემ მაშინ ნატოც იძულებული გახდება, მკვეთრი პოზიცია გამოხატოს იმ მიზეზების ღიად ჩამოთვლით, რომელთა გამოც ალიანსს ბუქარესტის დაპირების შესრულება უახლოეს ხანში არ შეუძლია.

უკრაინას ძალიან დიდი ფართობის მქონე ტერიტორია აქვს, საქართველო კი საკმაოდ შორს, პერიფერიაში მდებარეობს. ეს ფაქტორები ეჭვქვეშ აყენებს ნატოს უნარს, სწრაფად გაშალოს თავისი მნიშვნელოვანი ძალები და მატერიალური ნაწილი სავარაუდო საომარ თეატრში, რთული იქნება სარეზერვო ჯარებისა და ტექნიკის გადასროლაც, აუცილებლობის შემთხვევაში.

მოკლედ, ნატო ვერ უზრუნველყოფს საქართველოსა და უკრაინის დაცვას რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, რის შედეგადაც მათი ნდობა ალიანსისადმი მკვეთრად დაეცემა.

ნატოს (და ევროკავშირის) წევრებმა, რასაკვირველია, უნდა გააგრძელონ პოლიტიკური და ფინანსური დახმარების გაწევა ორივე ქვეყნისადმი, ასევე - სამხედრო თანამშრომლობა. თავის მხრივ, თბილისმაც და კიევმაც მეტი ძალისხმევა უნდა მიმართონ სამართლებრივი და ეკონომიკური სფეროს რეფორმირებისაკენ. ფაქტია, რომ ნატოს წევრობა საქართველოსა და უკრაინისათვის საკმაოდ შორეულ მიზნად რჩება, თუმცა, ალიანსის დახმარებით, მათ შეუძლიათ საკუთარი ძალებით თავდაცვის ორგანიზებაც. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ