"ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება" - ოპოზიური პარტიების წარმომადგენელთა რომელ ფრაზებს მოუყარა თავი ირაკლი კობახიძემ? - კვირის პალიტრა

"ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება" - ოპოზიური პარტიების წარმომადგენელთა რომელ ფრაზებს მოუყარა თავი ირაკლი კობახიძემ?

ნიკა მელიამ თქვა - "99.9% პარლამენტში ვერ და არ შევალ“ , როგორც ხედავთ, ხანდახან 0.1%-იც მუშაობს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც "ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასე მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება.

"ძნელი მოსასმენია, როცა ასეთ რამეს ვისმენთ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და ბრალდებული არც მეტი არც ნაკლები პარლამენტში შეღწევის მცდელობისთვის. ეს არის მძიმე, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის, ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მისი მხრიდანაა ჩადენილი და ის რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენდით. ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსებისა და პარტიებს მომავალი არ და ვერ ექნება. ყველაფერს საზოგადოება გასცემს პასუხს. "არ გადავიხდი ვერ დამიჭერთ!“- ყველას გახსოვთ ნიკა მელიას ეს ცნობილი ფრაზა, ყველას ისიც გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ. "ვერ გადამიხდით არ გამოვალ“ - ესეც კარგად გვახსოვს, ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა. ვერც ამ შემთხვევაში შეასრულა თავისი სიტყვა.

ახლა კი ფრაზები პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით: 1. "ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება“,- თქვა ხატია დეკანოიძემ. როგორც ვხედავთ, ბოლოს ქალბატონმა ხატიამ თავი გაიმეტა და შემოვიდა. 2. "ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემომდგმელი არ ვარ“, - თქვა თაკო ჩარკვიანმა და ისიც არის პარლამენტის სტუმარი. 3. "ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ვაპირებთ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობას“, - ლევან ბეჟაშვილი, ისიც პარლამენტის სტუმარია. 4. "99.9% პარლამენტში ვერ და არ შევალ“- ნიკა მელია, როგორც ხედავთ ხანდახან 0.1%-იც მუშაობს. ამ და სხვა მრავალი ხმამაღალი ფრაზების ავტორებს დღეს მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა და მისი ლეგიტიმურობის მყარად აღიარება, რაც თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხმა ვერცერთი თავისი სიტყვა ვერ შეასრულა. მინდა მივმართო "ნაციონალებს“, როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება“, - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"