"ზელენსკი საეჭვოდ მოკლე ჯავშანჟილეტით, სააკაშვილი - ხალათში" - რას წერს რუსული გამოცემა საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"ზელენსკი საეჭვოდ მოკლე ჯავშანჟილეტით, სააკაშვილი - ხალათში" - რას წერს რუსული გამოცემა საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებაზე

რუსული პრესა უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მარიუპოლში ყოფნასა და იქ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცში" (Московский комсомолец) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "დონბასური გასტროლები: ზელენსკი - "ლიფჩიკში", სააკაშვილი - ხალათში" // "საქართველოს ექსპრეზიდენტი დასასვენებლად ყველას მარიუპოლში იწვევს" (ავტორი - ოლეგ ბაზაკი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"ვლადიმერ ზელენსკიმ მშობლიური დნეპროპეტროვსკის ოლქის მონახულებისას დონბასში შევლაც გადაწყვიტა. მან "ტვიტერში" პათოსით დაწერა - "ისევ დონბასში... ისევ წინა ხაზზე..." ფოტოსურათზე ჩანს, რომ პრეზიდენტს საეჭვოდ მოკლე ჯავშანჟილეტი ჩააცვეს (რასაც ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი ჯიუტად "ლიფჩიკს" უწოდებს). პრეზიდენტი ჯარისკაცებს შეხვდა და მათ უამბო, თუ რას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება მშვიდობის შესანარჩუნებლად...

დაახლოებით, იმავე დროს მარიუპოლში "წარმოდგენებს" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავდა, რომელიც ამჟამად უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელ საბჭოს ხელმძღვანელობს. მასთან ერთად იყო საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" წევრი ალექსანდრე კაჩურაც.

ტელეკომპანია "უკრაინა-24"-ის ეთერში 30 წლის დეპუტატი და 53 წლის ექსპრეზიდენტი უშუალოდ აზოვის ზღვის ნაპირიდან ქალაქ მარიუპოლის საინვესტიციო მიმზიდველობაზე საუბრობდნენ და ამ დროს ორივეს აბანოს თეთრი ხალათები ემოსა.

უკრაინულ მასმედიაში გამოქვეყნებულ ფოტოს კომენტარი გაუკეთა "ეროვნული ანტიკრიზისული ჯგუფის" მმართველმა ტარას ზაგოროდნიმ და მას "ორაზროვანი" უწოდა, ხოლო რუსული "ნოვაია გაზეტას" უკრაინელმა კორესპონდენტმა ოლღა მუსაფიროვამ მამაკაცების პიკანტურ სახეებში მათი ჩაცმულობის სრულიად შესაფერისი მიზანი დაინახა - აზოვის ზღვაზე რაც შეიძლება მეტი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები მიიზიდონ.

კიევის მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვიქტორ შლინჩაკმა კი ვარაუდი გამოთქვა, რომ სულ მალე, ალბათ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტელევიზია საუნაში გვაჩვენებს: "არ ვიცი, დაიმახსოვრებენ თუ არა მაყურებლები მის ნათქვამს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ, მაგრამ ის, თუ როგორ ფორმაში მყოფი ლაპარაკობს ამას საქართველოს ექსპრეზიდენტი, ნამდვილად გაახსენდებათ", - ირონიულად წერს პოლიტოლოგი". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ