"პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ"
"პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ"
"პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ - ასეთი უცნაური პარტია ვართ, რისიც გვჯერა, ყოველთვის მხარს დავუჭერთ და არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნება" გამოიტანს თუ სხვა",- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი დემოკრატიისთვის საფრთხეს არ ქმნის და დემოკრატიისთვის ბრძოლას ვერავინ ასწავლის.

"მე არ მომწონს ფარისევლობა და ის წესები, რაც ჩვენთან არის დამკვიდრებული, რომ რადგან ოპოზიციაში ხარ, ამიტომ არაფერი არ უნდა მოგწონდეს, რასაც მმართველი პარტია
გამოიტანს და პირიქით. ზოგ შემთხვევაში, იძულებული ხარ, რაღაცას, რასაც შინაგანად ეთანხმები, ფარისევლურად თქვა, რომ არ მოგწონს, რადგან დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ეს კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ. იმის პრევენციისთვის არის, რომ მომავალში აღიკვეთოს ნებისმიერი პარტიის მიერ ხალხის ფულის ფლანგვა და მუქთახორობა. "ნაციონალურ მოძრაობას" რომ გამოეტანა ეს
საკითხი, მხარს დავუჭერდი, ნებისმიერს რომ გამოეტანა, დავუჭერდი მხარს. რა ვქნათ, "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა და რადგან ოპოზიციაში ვარ არ დავუჭირო მხარი? ნურავინ მასწავლის დემოკრატიისთვის ბრძოლას, ნურც "ნაციონალური მოძრაობა", ნურც "ქართული ოცნება", ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, პირიქით, ეს პასუხისმგებლიანს გახდის პოლიტიკურ ველს, ამის მჯერა. ასეთი უცნაური პარტია ვართ, რისიც გვჯერა, ყოველთვის მხარს დავუჭერთ და არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნება" გამოიტანს, ვაშაძე, "ნაციონალური მოძრაობა" თუ სხვა. ვისურვებ და ტენდენცია მიდის ისეთი, რომ ლეიბორისტული პარტიისნაირი მუქთახორა პარტიები სულ უფრო კარგავენ მხარდაჭერას. მე ვიყავი შეურაცხყოფილი, როცა წლების წინ გავიგე, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ თითქოსდა მანდატები დახია და აღმოჩნდა, რომ მერე წლების განმავლობაში, ხელფასს იღებდნენ პარლამენტში, ისე რომ არ დადიოდნენ,"-განაცხადა ელისაშვილმა.

შგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრები ისე დასრულდა, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივისთვის კენჭი არ უყრიათ.

საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა 11 ივნისისთვის გადაიდო.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მხრიდან დაისვა წინადადება კანონის ამოქმედების ვადის 2024 წლისათვის დაწევის შესახებ.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს. ამ მიმართულებით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, "საარჩევნო კოდექსში" და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. საკანონმდებლო პაკეტი "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები