"პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე" - კვირის პალიტრა

"პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მას შემდეგ რაც "ნაციონალების" დეპუტაცია პარლამენტში შევიდა შიდა პოლიტიკაც და პარლამენტის კედლებში გადასული პოლიტიკური ცხოვრება გაცილებით საინტერესო გახდა.

თუ ამ სურათს იმასაც დავამატებთ, რომ შემოდგომის არჩევნებამდე ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის გამოჩენას უხმაუროდ არ ჩაუვლია, ცხადად დავინახავთ, რომ საშინაო პოლიტიკის ძირითადი აქტორების აქტივობებიც მრავალასპექტიანი გახდა.

იმედია მალე პარლამენტარებს მოსწყინდებათ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით თემებზე მსჯელობა და ქვეყნისა და ხალხის პრობლემებზე მეტად იმსჯელებენ. თქვენ როგორ შეაფასებდით შიდა პოლიტიკაში მომხდარ ცვლილებებს და იმ დინამიკას რომლითაც იგი ახლა ხასიათდება?

- "ვინც დიდხანს იცდიდა, კიდევ ცოტა ხანს მოიცდის" - გაბრიელ გარსია მარკესის ეს სიტყვები არაჩვეულებრივად ესადაგება ჩვენს მდგომარეობას. სხვა გზა არ გვაქვს, - ცოტა ხანიც უნდა მოვითმინოთ. მერწმუნეთ, კულმინაცია უკვე იყო და მას მალე მოჰყვება კვანძის გახსნაც.

"ჯვარედინი ცეცხლი", რომლითაც ხელისუფლება და ოპოზიცია შეხვდა გახარიას პოლიტიკაში გამოჩენას, გარწმუნებთ, თეთრი ბაირაღით არ დამთავრდება. ქართულ პოლიტიკაში თვისებრივი ძვრები ხდება და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.

ვითარება ცალსახად ფეთქებადსაშიშია. მისი სათავე "ოცნების" რვაწლიანი მმართველობის მეორე ნახევრიდან მოდის. ივანიშვილმა საკმაოდ ჭრელი კოალიცია დაშალა, გაემიჯნა მმართველი ამორფული ერთობის პოლიტიკურ მდგენელს და მიზნად პოლიტიკის დეპოლიტიზაცია დაისახა. გარშემო თავისი თანაშემწეები შემოიჯარა და ქვეყნის ასე მართვას შეუდგა.

მე მაშინაც ვვარაუდობდი, რომ ეს ყველაფერი დიდი არეულობით და მოვლენათა ეპიცენტრის ქუჩაში გადანაცვლებით დასრულდებოდა. და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

ახლა პოლიტიკური ველის ორ მთავარ აქტორს ჰგონია, რომ გახარიამ არია კარტები და თუ მას გაანადგურებენ, გამარჯვება გარდუვალი იქნება. ასე ფიქრობენ ბიძინას მემკვიდრეები, მის მიერ ხელდასმული პოლიტიკოსებად და ასე ფიქრობს პრონაციონალური ოპოზიციაც. არადა, ორივე ცდება.

პრობლემა გახარია არ არის. პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც "ოცნება" უნდა სამომავლოდ ხელისუფლებაში, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის გარეშე და არც პრონაციონალური კოალიცია, მიშა სააკაშვილით, ან მის გარეშე.

აქვე, არც იმის უთქმელობა ეგების, რომ ამ ორი ძალის ალტერნატივად ქართული საზოგადოების უმეტესობა არც ლევან ვასაძეს მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ზემოხსენებული ორი ძალის ალტერნატივაა, ჯერ-ჯერობით არარეალურია, რომ იგი, მხარდამჭერებთან ერთად, იქცეს "ალტერნატივად საქართველოსთვის".

არსებული კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ მგონია, ლევან ვასაძე და მისი მომხრეები შორს წავიდნენ, ვიდრე "ალტერნატივა გერმანიისთვის" გერმანიაში, ან "ნაციონალური ფრონტი" საფრანგეთში. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, და ხილულ პერსპექტივაში. პოლიტიკურ მარათონში დაწინაურებულების ალტერნატივა, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, გიორგი გახარიაა.

გახარია იმ ელექტორატის უმეტესობის სიმპათიით სარგებლობს, რომელიც გაუცხოებულია ქვეყნის პოლიტიკური კლასისგან და ამ "ჯვარედინი ცეცხლის" შემდეგ რომც დაეცეს ბრძოლის ველზე გახარია, ელექტორატი "ოცნებას" და "ნაციონალებს" მაინც არ გაყვება.

ახლა, ის ინფორმაციები, რომლებიც გახარიას რუსეთში ყოფნის პერიოდზე ბევრ მინიშნებას აკეთებს, ბუნებრივია, გადასამოწმებელია და დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ამას ქართული და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნების სპეცსამსახურები როგორმე მოახერხებენ შესაბამისი შედეგებით...

- არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. გარდა იმისა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც ცესკოს დაკომპლექტების წესსაც გულისხმობს, პარლამენტმა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზეც უნდა იზრუნოს.

შეთანხმებაზე მხარეებს შორის აზრთა ფუნდამენტური სხვადასხვაობა არ ტოვებს იმის განცდას, რომ სასამართლოსთან და თუნდაც ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეები კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველა 19 აპრილის შეთანხმების "სულისკვეთებაზე" საუბრობს, რჩება შთაბეჭდილება, მიშელის შეთანხმების პუნქტები სწორედაც რომ მისი სულისკვეთების შესაბამისად არ და ვერ შესრულდება....

- დიახ, ასეა. თუმცა, იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტებიდან რომელიმეს უნდა შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტების შესრულება? - არამც და არამც. ეს შეთანხმება აღქმული იქნა, "ქართული ოცნების" გამარჯვებად.

მმართველ ძალას აქვს რესურსი, რომ ფორმალურად 19 აპრილის შეთანხმება შესრულდეს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არ იქნება სრული კონსენსუსის შედეგი, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას არ უერთდება. აღარ უნდა ახლა ამას დავიდარაბა და მიეთ-მოეთი. გააგრძელეთ კითხვა