"ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მყარი მეგობარი გვყავს, რომელიც მოგვყვება რთულ გზაზე" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მყარი მეგობარი გვყავს, რომელიც მოგვყვება რთულ გზაზე"

"ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მყარი მეგობარი გვყავს, რომელიც მოგვყვება რთულ გზაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგა, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მას საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ლიეტუვას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

"მოხარული ვარ, რომ დღეს იმყოფებით საქართველოში. ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში და პირველი ვიზიტისთანავე მოვაწერეთ ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ორივე ქვეყნის ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მამართულებით ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, ასეთი მყარი მეგობარი გვყავს, რომელიც მოგვყვება ამ რთულ გზაზე. მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები ჩვენი საუბრის დროს. ეს წელი საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირმა, ჩვენ დავძლიეთ შიდა პოლიტიკური კრიზისი, ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოს პოლოტიკური სტაბილურობა. ეს ნიშანი არასდროს უნდა დავივიწყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ეს წელი საქართველოს შიდა პოლიტიკური სივრცის თვალსაზრისით, რამეთუ ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და აქაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ჩვენი მთავარი იარაღია იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ და ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროკავშირში. ეს წელი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ რაიმე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები, ზაზა გახელაძე ამის სამწუხარო მაგალითი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე დაათვალიერა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ ძალიან მძიმე მდგომარეობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცებას და ქვეყნებს შორის სტაბილურობას.

"ევროკავშირთან და ნატო-სთან მიმართებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები გვაქვს წელს, ნატო-ს სამიტი იმართება 14 ივნისს, მომავალ კვირას. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველო-უკრაინის და ღია კარის პოლიტიის საკითხი იყოს ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები. ასევე, მივიღოთ იმის ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება და ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, გადმოგვცემს"

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ლიეტუვასა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.

ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ლიეტუვას დღეების და ასევე, ლიეტუვაში საქართველოს დღეების გამართვის საკითხიც განიხილეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მივიღოთ ასეთივე სოლიდარობის ნიშნები, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და იქნება ძალიან დაფასებული.

ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღვნიშნე, რომ ჩვენი საზღვრები ღიაა ვაქცინირებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც PCR ტეტსი ექნება. ძალიან საჭიროა საქართველოსთვის, რომ ტურისტული ურთიერთობები აღდგეს რაც შეიძლება ჩქარა, რამეთუ ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიური აღდგენის ამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ.

ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობაზე. ჩვენს მოქალაქეებს შორის საჭიროა, რომ მეტი კულტურული ურთიერთობები იყოს და ვისაუბრეთ იმის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენ ხელახლა დავგეგმოთ საქართველოს დღეები ლიუტუვაში და ლიეტუვას დღეები საქართველოში და ამით ურთიერთგაგება გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ. ესეც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმაა. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთგაგებას და მხარდაჭერის კონკრეტული ფორმების მოძიებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.