"ოპოზიცია ხელისუფლებას აქამდე ქუჩიდან უპირისპირდებოდა, ახლა შიგნით შევიდა... პური ისევ არ გვექნება, მაგრამ სანახაობა - ბლომად!"
"ოპოზიცია ხელისუფლებას აქამდე ქუჩიდან უპირისპირდებოდა, ახლა შიგნით შევიდა... პური ისევ არ გვექნება, მაგრამ სანახაობა - ბლომად!"
"ბევრი ოპოზიციონერი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რესტორანშიც მშვენივრად ქეიფობს"

"ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. თავად სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ "რუსების მონები არიან"...

"ვერ მოითმინეს და შესხდნენ, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა" - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა, "კანონი და
სამართალის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა შეამკო კოლეგა ოპოზიციონერები.

"მე შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან..." - ამ მუქარის ავტორი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია გახლავთ.

როგორი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტი, - სანახაობრივი თუ შემოქმედებითი? რას შეცვლის ოპოზიცის პარლამენტში შესვლა? ამის შესახებ ანალიტიკოსები
გვესაუბრებან.

გია ხუხაშვილი:

- ვფიქრობ, ეს პარლამენტი სანახაობრივი უფრო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შევიდა პარლამენტში და ამით აღიარა დე ფაქტო ვითარება, არ უღიარებია არჩევნების შედეგები. ანუ, კრიზისის საფუძველი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შემოდგომისთვის გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, არა თვითმმართველობის ორგანოების არჩევის კუთხით, არამედ - 43%-იანი ბარიერის გადალახვა-არგადალახვის თვალსაზრისით. შესაბამისად, პარლამენტი იმუშავებს საარჩევნო რეჟიმში, რაც, ბუნებრივია, უფრო ნეგატიურ, სანახაობრივ დღის წესრიგს გულისხმობს და არა - შინაარსობრივსა და პოზიტიურს. ასე რომ, პური ისევ არ გვექნება, მაგრამ სანახაობა - ბლომად!

თორნიკე შარაშენიძე:

- ჩემი აზრით, პარლამენტი იქნება სანახაობრივი, იმიტომ, რომ მოსახლოებას სანახაობა აინტერესებს... ისინი თავიანთი განცხადებებით და ქცევებით ამბობენ, - აი, შევედით პარლამენტში, მაგრამ ახლა აქ ვიბრძვით. ამით არის გამოწვეული ეს ცირკები, თორემ მერწმუნეთ, ხალხის ზურგს უკან, მშვენივრად მეგობრობენ ერთმანეთთან.

- ნიკა მელია როგორ იმეგობრებს კოლეგებთან, რომლებმაც ციხეში გაუშვეს?
- ეჭვი მაქვს, რომ მშვენივრად იმეგობრებს! ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რესტორანშიც მშვენივრად ქეიფობს.
გუბაზ სანიკიძე ხან "ოცნების" მეგობარია, ხან "ნაცების". არ მესმის, ამომრჩეველმა რატომ უნდა ინერვიულოს გუბაზ სანიკიძის ჩხუბზე, თუ თავად გადასარევად მეგობრობს ყველასთან.

- ალბათ, ესეც საკითხავია, ამომრჩეველი ნერვიულობს თუ ხალისობს პოლიტიკოსების ჩხუბზე.
- მერწმუნეთ, ნერვიულობს და სწორედ მათი ნერვიულობით იკვებებიან პოლიტიკოსები. მართლა რომ არ ნერვიულობდეს ამომრჩეველი, პოლიტიკოსები უფრო მეტად შეფუცხუნდებოდნენ და საქმეს მიხედავდნენ, პოპულიზმს და დემაგოგიას თავს დაანებდნენ.

რამაზ საყვარელიძე:
- მე უფრო მეტად სანახაობრივს ველოდი. ნამდვილად არ გამკვირვებია ამ სურათის ხილვა. დაპირისპირება ადრეც იყო. ოპოზიცია ხელისუფლებას აქამდე ქუჩიდან უპირისპირდებოდა, ახლა შიგნით შევიდა. დაპირისპირება ინერციით გრძელდება, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არჩევნები მოდის...

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია, ავად თუ კარგად, საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება, ეს პროცესი ნამდვილად პოზიტიურია.

- ყველაზე არაორდინარული პარტია "გირჩი" პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც ხშირად იწვევს ადამიანების გაოცებას, აღშფოთებას, ზოგჯერ - გახალისებასაც... თქვენი ვერსიით, ეს მათი პოლიტიკური ხელწერაა თუ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრის მცდელობა?
- "გირჩი" სხვანაირი რომ იყოს, პარლმენტში ვერ მოხვდებოდა. მათთვის პარლამენტში ყოფნა უჩვეულოა, როგორც მიჩვეულები არიან, ისე საუბრობენ და მოქმედებენ. ამ ხალხის მიმართ გაღიზიანება არაადეკვატურობად მიმაჩნია, "გირჩი" "გირჩია"... სინამდვილეში პრობლემას ის ხალხი წარმოადგენს, ვინც "გირჩის" პარლამენტში შესვლას მისცა ხმა. სხვათა შორის, უფრო ზომიერები არიან, ვიდრე ველოდი. აშკარად ცდილობენ, საპარლამენტო საქმიანობის ფორმატში ჩასხდნენ.

- სავარაუდოდ, თაკო ჩარკვიანიც ქუჩაში დაწყებული ხაზის გაგრძელებას ცდილობს პარლამენტში...
- დიახ. სალომე სამადაშვილს დავესესხები და მეც ვიტყვი, ამომრჩევლის თვალით თუ შევხედავთ პროცესს, ის ასე გამოიყურება - ვინც გაიძახოდა პარლამენტში შესვლა არ შეიძლებაო და ახლა პარლამენტში არიან, არ შეუძლიათ გათვალონ მოვლენების თანამიმდევრულობა და საკუთარი ქცევა. ოპოზიციას ნამდვილად აქვს ასეთი ხარვეზი, - წინასწარ არ ითვლიან საკუთარ ნაბიჯებს და, ძირითადად, ემოციებით ხელმძღვანელობენ. ამ შემთვევაში გამონაკლისი არც თაკო ჩარკვიანია და არც გუბაზ სანიკიძე.

- "სათითაოდ გაგიყვანთ პარლამენტიდან" - ეს გაბრაზებული, ემოციური ადამიანის მუქარა იყო თუ პოლიტიკური განაცხადი?
- ნიკა მელია დგას ასეთი ამოცანის წინაშე - ამომრჩეველს, რომელიც მათ არათანმიმდევრულობას ადევნებს თვალს, დაანახვოს, რომ ის თანმიმდევრულია. სახის შესანარჩუნებლად სჭირდება მას ასეთი განცხადებები. კითხვა მაინც რჩება, თუ პარლამენტიდანაც შეიძლებოდა ამ "ქართული ოცნების" გატანა, მაშინ ქუჩიდან რატომ ჩხუბოდა?!

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები