"ლარის კურსთან მიმართებით რყევებს არ ველოდებით" - რას აცხადებს ფინანსთა მინისტრი? - კვირის პალიტრა

"ლარის კურსთან მიმართებით რყევებს არ ველოდებით" - რას აცხადებს ფინანსთა მინისტრი?

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლარის კურსის გამყარებას დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით, ტურიზმის ამუშავებით, პოლიტიკური სტაბილურობითა და ხელისუფლებისადმი ინვესტორების ნდობით ხსნის.

მინისტრის განმარტებით, ვალუტას მცირე მერყეობა ახასიათებს, რადგან საუბარია გაცვლით კურსზე.

"ლარის კურსის მკვეთრი გამყარება ბოლო პერიოდში გამოწვეულია იმ ახალი რეალობით ეკონომიკაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მათ შორის, დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით, დაჩქარებული ვაქცინაციით, ტურიზმის განახლებით. ასევე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა ქვეყანაში, ბიზნესის მიერ გაუმჯობესებული ნდობით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისადმი და ასევე, საერთაშორისო ინვესტორების საკმაოდ მაღალი ნდობით საქართველოს ხელისუფლებისადმი. ლარის გამყარება იყო უკვე ახალი რეალობის ასახვა მის კურსზე. ბუნებრივია, მცირეოდენი მერყეობები ვალუტის კურსს აქვს, იმიტომ, რომ ეს არის გაცვლითი კურსი, თუმცა ამ ნაწილში რყევებს ლარის კურსთან მიმართებით არ ველოდებით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"