"ჩემო კარგო ქვეყანავ" ოსური "დაცვის" თანხლებით - კვირის პალიტრა

"ჩემო კარგო ქვეყანავ" ოსური "დაცვის" თანხლებით

"იმ ქართველების დარგული ორასწლოვანი ხეები ისევ დგანან ცხინვალში, ქართველები - ვეღარ..."

სიამოვნებით ვნახავდი ფოტოს, რომელზეც ცხინვალის თეატრის სპექტაკლის, "ბახტრიონის" ის სცენა იქნება ასახული, ერეკლე მეფის დროინდელი დროშა რომ აღმართეს ქართველებმა, შეიარაღებული ოსები კი გარს შემოერტყნენ და კინაღამ დაცხრილეს თეატრი. კაცმა არ იცოდა, ვინ როგორ გამოვიდოდა თეატრის შენობიდან. შეიძლებოდა, ყველა დაეხვრიტათ...

ან ვნახავდი ფოტოკადრებად ნაამბობ, ცხინვალში დადგმულ მერაბ ელიოზიშვილის პიესას "ყველასაგან ყველასათვის". ამბობენ, ცხინვალის მაშინდელ პირველ მდივანს სპექტაკლი რომ უნახავს, ტვინში სისხლი კინაღამ ჩაექცაო... სამწუხაროა, რომ ვერც ერთ ამ ფოტოს ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ 1991 წელს, ცხინვალის ოკუპირებისას, ბევრი რამ დარჩა იქ. ფოტოს ვინ ჩივის - ადამიანები დარჩნენ, ვერ გამოასწრეს და მერე ხანგრძლივი წამებით თუ დახვრეტის განაჩენით სამუდამოდაც დარჩნენ.

1989 წელს, როცა ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია, მაკა გელაძემ თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და ცხინვალში გაამწესეს.

- ერთ შენობაში იყო კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის რუსული და ოსური დასები. ამავე შენობის პირველ სართულზე სახელმწიფო ანსამბლ "სიმდის" რეპეტიციები მიმდინარეობდა. მეორეზე ჩვენი დარბაზი იყო...

მერაბ ელიოზიშვილის "ყველასაგან ყველასათვის", სადაც მოქმედება ცხინვალის იმდროინდელ მთავრობას ეხებოდა, წნეხის ქვეშ გაატარეს.

- თეატრში იყავით, როცა შეიარაღებული ოსები შენობას მოაწყდნენ?

- შეიარაღებული ხალხით გარშემორტყმულებმა ვითამაშეთ "ბახტრიონი". სპექტაკლში  ერეკლე მეფის დროშა რომ აღვმართეთ, სულ გადაირივნენ - დროშის აღმართვა არ გაბედოთო... სიამაყით აღვსილმა მაყურებელმა კი შიშის გრძნობა დაკარგა და სპექტაკლის შემდეგ "ჩემო კარგო ქვეყანავ" წამოიწყო. ახლაც რომ მახსენდება, თვალს ცრემლი მადგება.

- თეატრში შემოჭრა არ უცდიათ?

- მსახიობებმა და თეატრის ადმინისტრაციამ ყველაფერი იღონეს, რომ ასე არ მომხდარიყო, ადმინისტრაცია იმაზე დარდობდა, შენობა არ გააპარტახონო. რუსულ დასში თამაშობდა ალანა გაგლოევას ბებია - რაია გასიევა. ისიც სხვა ოსებივით გვიბღვერდა, - რად გინდათ, ასეთ სპექტაკლს რომ თამაშობთ, ეროვნულ მოძრაობას რატომ ჰყვებითო. რაიას რომ ვუთხარი, - სიტუაცია დაძაბულია, ახლა საჭიროა, კულტურულმა საზოგადოებამ ყველაფერი გავაკეთოთ სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად-მეთქი, მიპასუხა, - არ ხართ ღირსებიო...

მახსოვს, ცაგოლოვი ჩამოვიდა - რუსების გენერალი. შეხვედრა თეატრში შედგა. არც იცოდა, ქართველები თუ ვესწრებოდით. როცა დაპირისპირება დაიწყო, ქართველი ბიჭი მოკლეს,  მერე ქართველებმა იძიეს შური - ოსი მოკლეს. ცაგოლოვმა იმ ქართველზე ძალიან უხეშად თქვა: "ონ ნე ნამი ბილ უგრობლენო". ამან აღაშფოთა თეატრის შენობაში შეკრებილნი. გაცხარებული კამათისას შევნიშნე, სცენის მუშამ გასაღები აიღო, რათა თეატრის კარი გაეღო და გარეთ თავმოყრილი ოსები შემოეშვა. ვიყვირე: - არ გაბედო-მეთქი. გარეთ კი ამბავი გავიდა - ქართველი და ოსი ჩხუბობენო. ისეთი აგრესიული გარემო შეიქმნა, საშიში გახდა შენობიდან გასვლა. მე ოსმა დაცვამ გამაპარა... თეატრები გაიყო. ჩვენ გავხდით მაჩაბლის სახელობის თეატრი, გამოგვეყო შენობა, რომელიც უნდა გარემონტებულიყო, მაგრამ არ დაგვცალდა. 1991 წელს გამოგვდევნეს...

მეგობართან ვიყავი სტუმრად, გორბაჩოვმა რომ გამოაცხადა, ოსებს დავეხმარებითო. თითქოს მიწა იძრა, კორპუსები აზანზარდნენ. ოსები სიხარულით ღრიალებდნენ!

...მაკა გელაძე ახლა დევნილია. მძიმე მოგონებებში რჩება ცხინვალი, ის ტერიტორია, რომელზეც ხეთაგუროვის სახელობის თეატრის შენობა იდგა, XIX საუკუნეში მაკას პაპის დიდედის ოჯახს - ყაზახაშვილებს ეკუთვნოდა. ბებია ხიმშიაშვილის ქალი იყო... მაჩაბლები, ყაზახაშვილები, ხიმშიაშვილები, მაჭავარიანები, მეზობლები იყვნენ. წყაროსთან იყრიდნენ თავს, ერთობოდნენ, დოღს მართავდნენ. ესეც სიზმარივით შერჩა ისტორიულ მეხსიერებას... იმ ქართველების დარგული ორასწლოვანი მუხა და კაკლები ისევ დგანან ცხინვალში... ქართველები - ვეღარ...

KvirisPalitra.Geრუსული კომპანია ცხინვალში თეატრს აშენებს

ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1876 წელს დაარსდა. საბჭოთა დროს მას კოსტა ხეთაგუროვის სახელი მიაკუთვნეს, დასიც ორად გაიყო: ქართული და ოსური სპექტაკლები იდგმებოდა. ყველაფერი გაკეთდა, რომ ავტონომიურ ოლქში უპირატესობა ოსებს ჰქონოდათ... 1991 წელს ცხინვალში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, თეატრი იძულებული გახდა, მშობლიური კერა მიეტოვებინა.

ამჟამად ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობაში მართავს სპექტაკლებს...

ცხინვალში კი წელს სეპარატისტები დრამატული თეატრის აშენებას გეგმავენ. ცხინვალის დრამატული თეატრი კოსტა ხეთაგუროვის სახელობისა იქნება. ასე განაცხადა სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ. თეატრის შენობას რუსეთის ქალაქ სამარის სამშენებლო კომპანია ააშენებს (ამ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს).