"საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ" - კვირის პალიტრა

"საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ"

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ჰუმანიტარულ შეთანხმებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

"ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას. საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ. ნდობის შენება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში".

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.