"საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მტრები შეიძლება იყვნენ არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაში ან სხვა ქვეყნებშიც" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მტრები შეიძლება იყვნენ არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაში ან სხვა ქვეყნებშიც" (ექსკლუზივი)

"პრეზიდენტი ერდოღანი და ყველა უწყება შეთანხმდნენ, რომ, დიახ, მეგობარ საქართველოს ასე გამორჩეულად უნდა დავხვედროდით. ჩვენ თვალს ვადევნებთ პროპაგანდას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების საბოტაჟს ისახავს მიზნად. ბატონი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი, უპირველესად, თურქეთისადმი საქართველოს დამოკიდებულებას ასახავს..."

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან.

- ქალბატონო ჯერენ, თავდაპირველად მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩვენთან სასაუბროდ დრო გამონახეთ. ახლახან თურქეთში საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მოწმენი გავხდით ძალიან მაღალი დონის შეხვედრისა - ვგულისხმობ როგორც დახვედრის ცერემონიალს, ისე შედეგებს. ვიზიტის დასრულების შემდეგ ერთობლივი სამომავლო გეგმებით უკვე თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ვიხილეთ თბილისში. საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივდა თურქეთში გამგზავრებისთვის დაწესებული კოვიდშეზღუდვებიც. მანამდე ჩვენ გვახსოვს პრემიერის ავადმყოფობით შეწუხებული თურქეთის პრეზიდენტის თბილი წერილი... და ეს ყველაფერი 14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტის წინ ხდება. რა არის თურქეთის მიზანი - მეტი ნატო თუ მეტი თურქეთი საქართველოში?

- A ტიპის პროტოკოლით დახვედრისა და ცერემონიალის განსაკუთრებულობის მიზეზი რეგიონში მომხდარი კონფლიქტის (ყარაბაღის მოვლენები - ავტ.) შემდეგ და პანდემიის დროს საქართველო-თურქეთის ურთიერთობის მნიშვნელობის წარმოჩენა იყო. ეს არ არის არც "მეტი თურქეთი" და არც "მეტი ნატო" საქართველოში, ეს ჩვენი კეთილმეზობლობის მნიშვნელობას გამოხატავს. ბატონი პრეზიდენტი და ყველა უწყება შეთანხმდნენ, რომ დიახ, მეგობარ საქართველოს ასე გამორჩეულად უნდა დავხვედროდით. პანდემიამ მთელ მსოფლიოში თავისი კონიუნქტურა შექმნა. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ რეგიონში მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან ძალიან მტკიცე კავშირი უნდა ჰქონდეთ! ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, გამოკვეთილია უსაფრთხოების პრობლემებიც - იქნება ეს შავი და კასპიის ზღვების აუზი თუ შუა აზია. ჩვენ თვალს ვადევნებთ პროპაგანდას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის საბოტაჟს ისახავს მიზნად. ბატონი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი, უპირველესად, თურქეთისადმი საქართველოს დამოკიდებულებას ასახავს.

ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს 90-იანი წლები. არადა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თურქეთი და საქართველო მეგობარი და მონათესავე ქვეყნები არიან. ორი თვის წინ პარლამენტში დამტკიცდა ყველა ადრე ხელმოწერილი ხელშეკრულება, რათა პანდემიით გამოწვეული პრობლემები სწრაფად მოგვარებულიყო. დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და ერთ-ერთი გზა პრემიერის ვიზიტის მომზადება გახლდათ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩამოსვლას თბილისში, ეს უფრო ადრე იყო დაგეგმილი.

- გასულ წელს თურქეთის პრეზიდენტს ველოდით საქართველოში... - ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტამდე დაგეგმილი იყო უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომა. ამის შემდეგ ჩამოვიდოდა ჩვენი პრეზიდენტი საქართველოში, თუმცა პანდემიის გამო სხდომა გადაიდო. ამასობაში ბატონი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, წესისამებრ კი ახალარჩეული პრემიერი მეზობელ ქვეყნებს უნდა ეწვიოს. ის ორ ქვეყანაში უკვე იყო, თურქეთი მესამეა...

- როგორც უკვე აღვნიშნე, 14 ივნისს იმართება ნატოს სამიტი, სადაც ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. მას შემდეგ, რაც ბაიდენმა თურქეთში სომეხთა გენოციდი აღიარა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლიდერების შეხვედრა მარტივი არ იქნება. საქართველოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულების დემონსტრირებით ხომ არ ცდილობს თურქეთი, შექმნას შთაბეჭდილება, რომ მას, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის საპირწონე ინტერესების დაცვა შეუძლია? როგორც ცნობილია, სამიტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში შუშას ესტუმრება... - 1921 წელს ნატო არ იყო, თუმცა თურქეთი საქართველოსთან დაკავშირებით ისეთივე პოლიტიკას ატარებდა, როგორსაც დღეს. ათათურქის პერიოდში ეს პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ისახავდა მიზნად. 1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თურქეთმა განაგრძო ძველი პოლიტიკის დაცვა. თურქეთი ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი აქვს. ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრებას უჭერს მხარს. თქვენ სომეხთა გენოციდი ახსენეთ... პირდაპირ გეტყვით, რომ თურქეთი კავკასიის რეგიონში საკუთარ პოლიტიკას შიდაპოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად არ წარმართავს... ჩვენი საქართველოსადმი დამოკიდებულება თურქეთის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. კავკასიაში სხვა ქვეყნების პოლიტიკა შეიძლება მართლაც ამგვარი იყოს, თუმცა თურქეთისა - არა. რეგიონში ჩვენი პოლიტიკა ემყარება იმას, რომ ქვეყნებმა, სომხეთის ჩათვლით, უნდა გაატარონ ისეთი კურსი, რომელიც მომავალი თაობების ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყობს ხელს და მათთვის უსაფრთხოების გარანტია იქნება. თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს ბევრი მიმართულებით ეხმარება. თუ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია კვლავ იქნება ქართველი ხალხის, ხელისუფლების სურვილი, მაშინ ამ მხრივ თურქეთის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. თურქეთისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია იმის მიუხედავად, გახდება თუ არა ის ნატოს წევრი ქვეყანა.

- ასეთი პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტამდე გასაგები იქნებოდა, თუმცა ეს კონფლიქტი აღმოჩნდა პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ისე ჩაერია, რომ ეს მას უშუალოდ არ ეხებოდა... გასული წლის 10 დეკემბერს პრეზიდენტმა ერდოღანმა წამოაყენა თამამი "ექვსთა პლატფორმის" ინიციატივა - სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ირანის, რუსეთისა და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთის თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი. პრეზიდენტმა ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ აშკარად მიანიშნა სამხრეთ კავკასიაში თურქეთის განსაკუთრებულ ინტერესებზე... - თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა "ექვსთა პლატფორმაზე" საუბრისას განაცხადა: "საქართველო რეგიონში არის გასაღები!" თუმცა დასძინა, თუ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო სამმხრივ ფორმატს შექმნიან, თურქეთი მზად არის, ამას მხარი დაუჭიროსო.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ძველ და ტრადიციულ რეგიონში. გეოგრაფიული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში სრულიად ახალი ვერაფერი შეიქმნება. ჩვენი მიზანია უკეთესი თანამშრომლობის მოდელის შექმნა. საქართველო ომის შემდგომ სტაბილურობის მაძიებელი ქვეყანაა, ისევე, როგორც თურქეთი, ამიტომ ჩვენ მიმართ ინტერესი დიდია... ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ყოველთვის შევახსენებთ, რომ თურქეთი და საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყნებია და ჩვენი პოზიციები თანხვდება ერთმანეთს... ისინი, ვისაც მიზანში აქვს ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა, ამას სხვაგვარი ინტერპრეტაციით წარმოაჩენენ. მინდა ფრჩხილები გავხსნა - თქვენ თქვით, რომ თურქეთი ყარაბაღის ომში ჩაერია...

- მე ვთქვი, რომ თურქეთი ჩაერია სამხრეთ კავკასიის საკითხებში...

- თურქეთი ყარაბაღის ომში მხარე არ ყოფილა. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იყო და მისი რეგიონები - ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დარღვეულია. პრინციპები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა თურქეთი ომის მონაწილე არ ყოფილა. ომი დასრულდა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობა გრძელდება; არის ერთობლივი დოკუმენტი, რომლის მონაწილე თურქეთი არ არის. ჩვენ, ისევე, როგორც საქართველოს, გვინდა, ომის შემდგომ პროცესი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებით წარიმართოს...

- შეგახსენებთ პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვებს, რომლებიც 14 მაისს პალესტინის მხარდასაჭერად წარმოთქვა: "ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს აზერბაიჯანს თავისი ოკუპირებული მიწების გათავისუფლებაში და ასეთივე შემართებით ვიწყებთ მოქმედებას იერუსალიმისა და პალესტინის სხვა ქალაქების ჩაგვრის წინააღმდეგ"... თურქეთი აღიარებს საქართველოს, როგორც სტაბილურობის გარანტს რეგიონში და აღნიშნავს ურთიერთობის მნიშვნელობას. რა არის ამ სიტყვების მიღმა? ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით თქვენს მტკიცე მხარდაჭერას უნდა ველოდოთ? ან თუ იკისრებთ მედიატორის როლს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის, მაგალითად, აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორიები? - საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. მეორე მსოფლიო ომში აზერბაიჯანი და საქართველო მხარდამხარ იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ; 1918 წელს ერთ შენობაში გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და ამ საკითხებში ჩარევა არცერთ მხარეს არ უთხოვია. ვფიქრობთ, თქვენ შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა შესაძლებელს გახდის პრობლემების ადვილად მოგვარებას. ჩვენ პატივს ვცემთ არა მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათ სუვერენიტეტს. მე მსგავსი შეკითხვა ადრეც დამისვეს და გამიკვირდა, რატომ მეკითხებოდნენ...

- ამის მიზეზი ცნობილი ფრაზაა: "ერთი ერი, ორი სახელმწიფო"... - დიახ, ერთი ერი, თუმცა - ორი სახელმწიფო. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შენი საქმე გაქვს, მე - ჩემი. შენ შენს სახლში ხარ, მე - ჩემსაში. ზემოთ ვახსენე, რომ ვიღაცებს მიზანში აქვთ ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა და ამისთვის ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებენ. ვფიქრობ, ანალოგიური საფრთხე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასაც ემუქრება - შესაძლოა, ამ ურთიერთობის გაფუჭებაც სცადონ. თუ ჩვენ საფრთხე დავინახეთ, ორივე მოძმე ქვეყანას გავაფრთხილებთ... ყველა ქვეყანას შორის არის შეუთანხმებელი საკითხები, თუმცა ამან არ უნდა იმოქმედოს ურთიერთობის საერთო საფუძველზე. როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი საბჭოეთის დროს ოკუპაციის პრობლემას შეეჯახა, ამიტომ ორივე მხარე გაგებით უნდა მოეკიდოს თავის მდგომარეობას და წინ ერთობლივი ინტერესები დააყენოს. ამ საკითხზე ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა და, დარწმუნებული ვარ, შედეგსაც მიაღწევენ, თუ გარედან არავინ ჩაერია...

- ქალაქ კონიაში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გეოპოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა: "თქვენ თუ კავშირს იპოვით სირიის ხმელთაშუა ზღვასა და სამხრეთ კავკასიის კრიზისულ ზონებს შორის, დაინახავთ მავანთა მისწრაფებას, ალყაში მოაქციონ თურქეთი. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის მთლიანობას, ამიტომ ვცდილობთ გავარღვიოთ ალყა..." ვინ ან რა ძალები იგულისხმა პრეზიდენტმა, როცა კავკასიაზე მიანიშნებდა? თუ საქართველოს მაგალითით ვიმსჯელებთ, წარმოუდგენელია, საქართველო თურქეთის ალყის ნაწილი იყოს. რა ძალებზეა ლაპარაკი? - ვინაიდან ჩემმა პრეზიდენტმა არ გახსნა ფრჩხილები, ჩემგან ამის გაკეთება სწორი არ იქნება. ქართველ ხალხს რომ ინფორმაცია მივაწოდო, ვიტყვი: 1-ლი მსოფლიო ომის შემდეგ დაიდო "ლოზანის ხელშეკრულება" და გაფორმდა თურქეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მანამდე თურქეთის ტერიტორიები ოკუპირებული იყო სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ. "ლოზანის ხელშეკრულებით" მსოფლიოს რუკაზე დადგინდა თურქეთის საზღვრები. შემდგომ იყო ჰატაის პლებისციტი, რომლითაც თანამედროვე თურქეთის ტერიტორია განისაზღვრა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი, სტალინის ხელმძღვანელობით, დაემუქრა თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას...

- როგორ ცნობილია, ეს იყო არდახანი, ართვინი, ყარსი და ტრაპზონი - ანუ საქართველოს ძირძველი მიწები... - დიახ, მაშინ სტატიაც დაიწერა... შემდგომ, ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირის პოლიტიკა მიზნად ისახავდა ახლო აღმოსავლეთში სატელიტი სახელმწიფოების შექმნას და ამგვარად თურქეთზე ზეწოლას. ამ მიზნით საბჭოთა კავშირმა ერაყში ქურთების სახელმწიფოს შექმნა სცადა, სირიაში - "ბაასის" რეჟიმის ("ბაასი" - არაბულად "აღორძინება", არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის გავრცელებული სახელი) გამოყენება და მხარს უჭერდა თურქეთის საწინააღმდეგო მოქმედებებს. 1970 წლიდან დაიწყო სომხური ორგანიზაცია "ასალას" მიერ თურქი დიპლომატების მკვლელობათა სერია. ამ ორგანიზაციას თურქეთში დასავლეთ სომხეთის სახელმწიფოს შექმნა სურს.

- ანუ "დიდი არმენიის" აღდგენა? - დიახ. ამის შემდეგ საბერძნეთშიც გამოჩნდნენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები, რომლებიც პრეტენზიას უკვე შავ ზღვაზე აცხადებდნენ, პონტო ჩვენიაო.

საბჭოთა პერიოდში თურქეთში გააქტიურდა PKK (ქურთ მუშათა პარტია), რომელსაც აშშ, ევროკავშირი და თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. სირიაში PKK-ს ორგანიზაციაა YPG, რომელსაც აშშ ოფიციალურად მხარს უჭერს. დღეს ასევე ვხედავთ, რომ PKK-ს ლიდერშიფი ევროკავშირის პარლამენტში მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას ცდილობს. დაბოლოს, მოწმენდილ ცაზე სომხეთი იღებს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტს, სადაც მიუთითებს "სევრის" ხელშეკრულებას. რა თქმა უნდა, თურქეთის მოქალაქეებმა ამ ფაქტების შესახებ იციან, ჩვენ აქ ვცხოვრობთ თითქმის 1000 წელია და არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ყოველთვის ვიცხოვრებთ ჩვენს კუთვნილ მიწაზე, ტერიტორიაზე, რომელიც ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებით დადგინდა! სწორედ 1924 წელს ამ ხელშეკრულების შემდეგ იწყება პერმანენტული თავდასხმები თურქეთზე ტერიტორიული პრეტენზიებით.

- გამოდის, ერთადერთი ქვეყანა სამეზობლოში, რომელიც ტერიტორიებზე პრეტენზიას არ აცხადებს, საქართველოა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოსადავებელი ბევრი იყოს... ჩვენ დიდგორის გამარჯვებასაც არ აღვნიშნავთ სათანადოდ. - დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ...

- როგორ? - დღესასწაული არის დიდი მოვლენა ქვეყნის მთლიანობის აღსანიშნავად. დიდგორობა ერთიანი საქართველოს დაარსების დღესასწაულია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი. საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ - მან დამოუკიდებლობის 200 წლისთავი აღნიშნა და მთელი დღესასწაული თურქეთთან მტრობის თემით წარმართა. დავით აღმაშენებლის გამარჯვების შედეგი რა იყო? - ქვეყნის გამთლიანება.

- მტერს მნიშვნელობა არ აქვს? - ომის მნიშვნელობა მისი შედეგია. დიდგორის ომის მნიშვნელობა ის იყო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, თორემ ქართველებს მანამდეც და მერეც არაერთი ომი მოუგიათ. მტერიც ბევრი იყო, მაგრამ არცერთ იმ ომს არ ჩაუყრია საფუძველი ძლიერი ქვეყნისთვის. როცა დიდგორის ომს ვახსენებთ, ეს რა დღესასწაულია? რას ვზეიმობთ?

- ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, დიდგორი მტერზე უბადლო გამარჯვების სიმბოლოა. განა თურქეთი ართვინის გათავისუფლებას არ ზეიმობს? - მერე ეს სწორი არ არის... როდესაც ჩვენ ვამბობთ, მტერზე გავიმარჯვეთო, ამით მტრობას ვკვებავთ და სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. თუ მტერზე გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს განმტკიცება, მაშინ რატომ არ ვამახვილებთ ასეთ ყურადღებას სხვა ბევრ ომზე, რომლებიც საქართველოს მოუგია?

სოციალურ დონეზე ისტორიის გამოყენება იწვევს მეტ მღელვარებას და უფრო ემოციურ დამოკიდებულებას. 1000 წლის წინანდელი გამარჯვების აღნიშვნა და ისტორიის ცოდნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჩვენ მნიშვნელობას მხოლოდ წარსულს მივანიჭებთ, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი დღით არ ვცხოვრობთ. გამარჯვება ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ისე, რომ არ დავაკნინოთ ჩვენი მაშინდელი მოწინააღმდეგე და არ მივცეთ საშუალება დესტრუქციულ ძალებს, ეს პროპაგანდისათვის გამოიყენონ. დღეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის ენა...

- ბოლოს მინდა ნამოხვანის პროტესტზეც გკითხოთ, უფრო სწორად, კომპანია "ენკას" პოლიტიკაზე. სიმართლე გითხრათ, როდესაც თურქი დირექტორის მიერ მომიტინგეების შეურაცხყოფის ვიდეოკადრები ვნახე, ბრაზი მომერია. სტამბოლში არაერთხელ შევსწრებივარ, როგორი სოლიდარული არიან თურქები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ასე იქცევა... გასაგებია თურქული მხარის პრეტენზიები და ისიც მესმის, რომ ასეთ დროს ემოციის მოთოკვა რთულია, თუმცა იქნებ მეტი თავშეკავება მართებს მეორე მხარეს, როცა აქციის მონაწილეებს ასეთი ტონით მიმართავს. - მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი, თუმცა ერთი რამ ცხადია - ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაიწყო პროტესტი და 5-7 ადამიანი აპროტესტებდა მშენებლობას. არჩევნების პერიოდში (მაშინ ნახსენები ვიდეო არც არსებობდა), როდესაც ფირმამ სამუშაოები წამოიწყო, დასაქმებული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მათზე დაიწყო ზეწოლა, რომ ქართველებს არ უნდა ემუშავათ თურქებთან. ინტერესი რომ გაეზარდათ, დაიწყეს რელიგიური სიმბოლოების გამოყენება. შემდეგ მოხდა ის, რაც ვიდეოში ვნახეთ - ერთ-ერთი ჯგუფი აჩერებს ფირმის დირექტორის მანქანას, შეურაცხყოფას აყენებენ მას და არ აძლევენ გზის გაგრძელების საშუალებას. ამ დროს ის გადმოდის მანქანიდან და მათ უპირისპირდება.

პროტესტი თავიდან ეკოლოგიური საფრთხის გამო გაჩნდა, თუმცა გარემოზე ზემოქმედების შესახებ არსებობს საერთაშორისო კომპანიის დასკვნა. შემდგომ დაიწყეს ლაპარაკი კონტრაქტის იმ მუხლზე, რომელშიც მიწების გადაცემაზეა ლაპარაკი, მერე კი წილების განაწილების საკითხი წამოსწიეს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მუდმივად ცვალებადია. ურანის შემდეგ იყო ლაპარაკი ოქროს საბადოებზე, ამას მოჰყვა მცდარი განცხადება, თითქოს კომპანია 20 000 თურქის ჩამოყვანას და სოფლების აშენებას აპირებდა... ჩვენ ვხვდებით, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურები აშენდეს...

- საუბრის დროს როდესაც საბოტაჟის მცდელობაზე ამახვილებდით ყურადღებას, ნამოხვანთან დაკავშირებულ პროცესებს გულისხმობდით? - არამარტო... "ნონსტოპით" მიდის აჭარით მანიპულირება ყარსის ხელშეკრულების კონტექსტში. ამ მანიპულატორებმა ახლა უკვე მიზანში ამოიღეს თურქული ფირმა, რომელიც ჰესს აშენებს და ახლა აქ დაიწყეს პროცესი...

- ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, ან რომელი ქვეყანა? - უნდა ვიმუშაოთ და ეს უნდა გავიგოთ... სავარაუდოდ, ამ ძალის კუდები საქართველოშიც არის და საზღვარგარეთაც. როდესაც თურქეთი საქართველოს ნატოში, ევროკავშირში გაწევრებაზე იწყებს ლაპარაკს, ეს პრესინგი უმალ იზრდება.

- რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საზღვართან ნატო არ უნდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთსაც გულისხმობთ? - რუსეთი რომ ვახსენო, საამისოდ ხელთ არაფერი მაქვს. საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მტრები შეიძლება იყვნენ არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაში ან სხვა ქვეყნებშიც, რომლებსაც არ სურთ ჩვენ შორის კარგი ურთიერთობა, მაგრამ ერთი რამ ნათელია - საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი. ინვესტორის მონდომება არ უნდა დაიკარგოს.

"საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მტრები შეიძლება იყვნენ არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაში ან სხვა ქვეყნებშიც"