"ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ევროკავშირიდან პარტნიორების ძალისხმევით ჩვენი ძმები დაბრუნდნენ" - რას აცხადებს ფაშინიანი? - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ევროკავშირიდან პარტნიორების ძალისხმევით ჩვენი ძმები დაბრუნდნენ" - რას აცხადებს ფაშინიანი?

სომეხი სამხედრო ტყვეები, რომლებიც აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა, უკვე სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ - მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მისი მომხრეების შეკრებაზე, გავარში განაცხადა.

მისი თქმით, ორი დღის წინ შეხვდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ფილიპ რიკერს, რომელმაც მასთან ისაუბრა სახელმწიფო მდივნის მიერ მისთვის მიცემულ მითითებაზე, რომ მიაღწიოს გარღვევას სამხედრო ტყვეების საკითხთან დაკავშირებით.

რიკერმა განაცხადა, რომ თუკი სომხეთის მხარე მზად არის თანამშრომლობისთვის, მაშინ აშშ მზად არის ჩაერთოს პროცესში. ფაშინიანმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენი ძმები დაბრუნდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ევროკავშირიდან პარტნიორების ძალისხმევის დახმარებით. ისინი აზერბაიჯანიდან საქართველოში წითელი ჯვრის დახმარებით გადავიდნენ, იქიდან კი - ბაგრატაშენის საკონტროლო გამშვები პუნქტით სომხეთში შემოვიდნენ“, - განაცხადა ფაშინიანმა.