"ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე" - კვირის პალიტრა

"ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე"

ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

“ეს დღე ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია, მეორე მხრივ, ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი ახალგაზრდობა და არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა. ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი. მაშინ მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა, რაც იმ დროს გასაკეთებელი იყო. მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მათ ხსოვნას“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.

სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"