"დამონტაჟდა სამონიტორინგო სისტემა, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონტროლი იმ კონკრეტული არეალის, საიდანაც ეს მეწყერი წამოვიდა" - კახი კალაძე 13 ივნისის ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"დამონტაჟდა სამონიტორინგო სისტემა, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონტროლი იმ კონკრეტული არეალის, საიდანაც ეს მეწყერი წამოვიდა" - კახი კალაძე 13 ივნისის ტრაგედიაზე

13 ივნისი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გაწმენდით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

"ყველას გვახსოვს 2015 წელს რამხელა ტრაგედია დატრიალდა, ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს თბილისს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ამ ადიანების ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი დღეები, როდესაც ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რამხელა ძალა დაინახა საზოგადოებამ. 6 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით ღონისძიებებში იმისთვის, რომ დაზარალებულ მოსახლეობას გვერდში დადგომოდა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ტკივილი და სიმძიმე შეემსუბუქებინა“,-განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით რიგი პროექტები განხორციელდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა სამუშაო ჩატარდა, რასაც ექსპერტები მიუთითებდნენ.

"დამონტაჟდა სამონიტორინგო სისტემა, რითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონტროლი იმ კონკრეტული არეალის, საიდანაც ეს მეწყერი წამოვიდა. გარდა ამისა, დამონტაჟდა ხეობაში 2 ცხაული, რომელიც არის შემაკავებელი, ღმერთმა დაგვიფაროს და თუ განმეორდება ანალოგიური შემთხვევა, ეს იქნება შემაკავებელი. გარდა ამისა, ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ვერეს ხეობის გასამაგრებლად. ადიდებულმა მდინარემ კონკრეტული ადგილები დააზიანა და ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რეკომენდაცია, რაც იყო მითითებული ექსპერტების მხრიდან, ყველა სამუშაო განხორციელდა“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა.

"ინტერპრესნიუსი"