"რეგიონში ჩვენ ვიღებთ ძლიერ ალიანსს საქართველო-ამერიკის სახით" - კვირის პალიტრა

"რეგიონში ჩვენ ვიღებთ ძლიერ ალიანსს საქართველო-ამერიკის სახით"

მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. 11 ივნისს დიდ ბრიტანეთში "დიდი შვიდეულის" სამიტი გაიხსნა, რომლის მთავარი თემა გლობალური ანტიპანდემიური სამოქმედო გეგმის წარდგენაა. ამის პარალელურად მსოფლიო ინტერესით ელის 16 ივნისს ბაიდენ-პუტინის შეხვედრას, რომლის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ-სთან ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეაო. საინტერესოა, რომ უკვე 14 ივნისს იწყება ნატოს სამიტი, რომელზეც სტუმრის სტატუსით საქართველო და უკრაინა არ მიიწვიეს, მაგრამ რთული გასახსენებელია ბოლო წლებში ასეთ მნიშვნელოვან ფორუმებზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამ ორ ქვეყანაზე ამდენი ელაპარაკათ.

"სამიტზე განიხილება ჩვენი ღირებული პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ჩვენს დედაქალაქში დიდი სტუმრიანობა გრძელდებოდა. ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის შემდეგ, საქართველოს ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, რომელმაც შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. რეგიონული ვიზიტი მან აზერბაიჯანსა და სომხეთში განაგრძო, რის შემდეგაც კვლავ საქართველოში დაბრუნდა. "19 აპრილის შეთანხმება, რა თქმა უნდა, მოითხოვს პარტიებისა და მათი ყველა წარმომადგენლისგან ერთად, კეთილსინდისიერად მოქმედებას, - განაცხადა ფილიპ რიკერმა და დასძინა, - ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინაშე დგას, ღრმა პოლარიზაციის შესუსტებაა, რაც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიის წინსვლას".

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატოს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის", - ეს კი ამონარიდია წერილიდან, რომელიც საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებულმა სენატორმა რობ პორტმანმა გამოცემა ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ში გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ბაიდენ-პუტინის შეხვედრის წინ ეს ვიზიტები თუ განცხადებები შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს აქტიურობა და საქართველოსთან დაკავშირებული რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას დასავლეთმა? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- ამ თემაზე ბევრს ვფიქრობ და ვცდილობ გავაანალიზო ბოლოდროინდელი მოვლენები. მართალია, საბოლოო პასუხი არა მაქვს, მაგრამ შემიძლია ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ. დავიწყოთ იქიდან, რომ ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რაც საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა საქართველოში, 10 წლის წინ რომ ყოფილიყო, ამდენ ძალისხმევას დახარჯავდა დასავლეთი? - რა თქმა უნდა, არა... ალბათ, რაღაცას მოიმოქმედებდნენ, დაფინანსების ნაწილს შეგვიწყვეტდნენ და ამით დასრულდებოდა ყველაფერი.

საქმე ისაა, რომ დღეს მსოფლიოში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია. დავიწყოთ ჯო ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევით. ტრამპისგან განსხვავებით, ის გამოცდილი პოლიტიკოსია და განსხვავებულად ფიქრობს როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ისე გლობალიზებულ მსოფლიოზე. ამას დაემატა კოვიდკრიზისი, რომელმაც ცხადყო, რომ გლობალიზაციას ალტერნატივა არა აქვს. აღარავინ კამათობს იმაზე, რომ პანდემიას მხოლოდ გლობალურად შეგვიძლია გავუმკლავდეთ - გლობალურ გამოწვევებს გლობალური პასუხი სჭირდება. ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, მსოფლიოსთვის დღეს "გლობალური კოვიდი" ვლადიმირ პუტინია და ამ "კოვიდსაც" სჭირდება სერიოზული პასუხი.

დასავლეთს, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, აღელვებს თურქეთ-ირან-რუსეთის შესაძლო კავშირი. მართალია, თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ამ ეტაპზე დასავლური დემოკრატიების სანდო პარტნიორად ვერ განიხილება. შესაბამისად, დასავლეთს აუცილებლად სჭირდება რეგიონში სანდო პარტნიორი და ასეთი ერთადერთი აქტორი საქართველოა. ამიტომაც დასავლეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოთი. თქვენ საქართველო-უკრაინა ახსენეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ამ პაკეტში ლოკომოტივი საქართველოა. საქართველოს მხარდაჭერა გლობალური მიდგომის მხარდაჭერაა.

რატომ მოხდა ეს მხოლოდ ბაიდენის არჩევის შემდეგ? იმიტომ, რომ ერთმანეთს ისევ სინერგიულად შეერწყა ევროკავშირისა და აშშ-ის პოლიტიკა, რაც ტრამპის დროს შუაზე იყო გახლეჩილი. ამ სინერგიას ხელი პანდემიამაც შეუწყო. ამერიკელ ხალხს ესმის, რომ სასწრაფოდ აღსადგენია ანგლოსაქსურ-ევროპული ერთიანი მიდგომა მსოფლიო პოლიტიკაში და აქ საქართველო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ევროპელების გაწეული ძალისხმევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად, ასევე ამერიკული დიპლომატიის გააქტიურებაც.

- როგორ ფიქრობთ, ეს განცხადებები, თუნდაც ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით, მხოლოდ განცხადებებად დარჩება თუ კონკრეტულ მოქმედებებსაც უნდა ველოდოთ?

- რაღა დაგიმალოთ და, ველი კონკრეტულ ქმედებებსაც. შესაძლოა ჯერ იყოს ფარული და ლატენტური, მაგრამ მალე ცხადად გამოჩნდება. უკვე ითქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აღარავინ დაუშვებს. მალე გერმანიაში ანგელა მერკელიც აღარ იქნება მთავარი მოქმედი პირი, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ნატოს გაფართოების საკითხზე დასავლეთევროპულ პოლიტიკაში მიდგომები შეიძლება შეიცვალოს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

- როგორც ცნობილი გახდა, ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური შუამავლობით და ფილიპ რიკერის მონაწილეობით აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით ოჯახებს დაუბრუნდნენ. - ეს ნამდვილად მისასალმებელია, რაც იმედია, არ იქნება ერთეული შემთხვევა და საქართველოს შუამავლობა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივ მოქმედებას, ჩემი აზრით, ორი ასპექტი აქვს: პირველი - აშშ, რომელიც რუსეთის გამო პირდაპირ ვერ ახერხებს მუშაობას სომხეთთან და ამას საქართველოს საშუალებით აკეთებს. იმავდროულად, იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია აზერბაიჯან-საქართველოს პარტნიორობა, როგორი გავლენა აქვს ერთმანეთზე ამ ორ ქვეყანას და ამასაც იყენებს.

მეორე მხრივ, ეს ძალისხმევა აშკარად მიმართულია რეგიონში საქართველოს ფუნქციისა და გავლენის გასაძლიერებლად. ამიტომაც ვფიქრობ, ეს არ იქნება ერთჯერაადი აქტი. ჩემი აზრით, რეგიონში ჩვენ ვიღებთ ძლიერ ალიანსს საქართველო-აშშ-ის სახით. ეს არის ორი პარტნიორის სინქრონული მოქმედება, რომელსაც გაცილებით სერიოზული პოზიტიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი მეორედ წავიდა პოლიტიკიდან, გასულ კვირას საზოგადოებას თავი პირველად შეახსენა მორიგი წერილით, რომლის მთავარი გმირი ოპოზიციაში წასული გიორგი გახარიაა... "თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება საკუთარი გუნდის ღალატი იყო. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი", - ვკითხულობთ წერილში. ექსპრემიერი, რომელიც მმართველ გუნდში საუკეთესო მმართველად და კრიზისმენეჯერად მოიხსენიებოდა, "ქართული ოცნებისთვის" უცებ მოღალატედ იქცა. შეიძლება ითქვას, გახარიას წინააღმდეგ ორმხრივი ფრონტია გახსნილი - მის ლანძღვაში ლამის ერთმანეთს ეცილებიან "ქართული ოცნება" და ოპოზიცია. - დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელშიც ის გახარიას მოღალატედ მოიხსენიებს. თუ გახარია მართლაც მოღალატეა, ეს კადრების შერჩევაში ბიძინა ივანიშვილის სისუსტეს ცხადყოფს. რამდენიმე კანდიდატურამ მართლაც ძალიან გაუცრუა იმედი. ვფიქრობ, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო გიორგი მარგველაშვილი, რომლის პრეზიდენტად არჩევისთვის ყველაფერი გააკეთა, მეორე ასეთივე პროექტი კი იყო გახარია - ივანიშვილმა ჩამოიყვანა საქართველოშიც და დანიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდგომ ეკონომიკის, მერე შს მინისტრად და ბოლოს პრემიერად. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე ფიქრობს ასე. თუმცა ასევე მახსოვს მისი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის დროს, როდესაც რამდენიმე გარემოებას გაუსვა ხაზი, მათ შორის თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია მაქსიმუმს - მესამე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ამის მერე მოუწევს ოპოზიციაში გადასვლაო და დასძინა, რომ იმედი ჰქონდა, გამოჩნდებოდა მესამე ძალა, რომელიც არ იქნებოდა რადიკალური და კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში დაუპირისპირდებოდა "ქართულ ოცნებას". სწორედ ამგვარ ძალად გადაქცევის შანსი აქვს გახარიას. ახალგაზრდა და გონიერი კაცია და ვფიქრობ, ამ პროექტისთვის კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ამას მოწმობს ისიც, რომ თანამოაზრეების ნაწილი შეიყვანა პარლამენტში, რათა იქ ტრიბუნა ჰქონოდა.

გახარიას ხელისუფლებიდან წასასვლელად საბაბი სჭირდებოდა და კარგი საბაბი იყო თუ ცუდი ნიკა მელიას თემის გამოყენება, ეს გემოვნების საკითხია. შეიძლება მომენტი და საბაბი სწორად ვერ შეარჩია, მაგრამ ის, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იყო, პრემიერობის დროსაც ცხადზე ცხადად ჩანდა.

ახლა შევაფასოთ ის კრიტიკა, რაც გვესმის, ერთი მხრივ, "ქართული ოცნებისგან" და მეორე მხრივ, ოპოზიციისგან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე გვიმტკიცებს, რომ ლოგიკურად მსჯელობს, როცა გიორგი გახარიას რაღაც შეთქმულებაში მონაწილეობას აბრალებს, მაგრამ ლოგიკას აქვს თავისი კანონები, მათ შორის ერთ-ერთია სრული ინდუქციის კანონი, რაშიც კობახიძის მსჯელობა ძალიან მოიკოჭლებს. მისი თქმით, გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავებისთვის ორი დღე მოითხოვა და სწორედ ეს დრო სჭირდებოდა "ნაციონალურ მოძრაობას" თითქმის რევოლუციის მოსაწყობად, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ჩამოსვლას და ა.შ.

უკაცრავად, მაგრამ გიორგი გახარიამ გადადგომით მელიას დაკავება ორი დღით კი არა, ექვსით გადადო, თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ დროს შეიქმნა სამთავრობო კრიზისი, საკმაოდ ძლიერი საფუძველი ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შესაქმნელად. ისმის კითხვა, რატომ არ შეიქმნა ამგვარი მთავრობა, რატომ არ ჩამობრძანდა მიხეილ სააკაშვილი? რამ შეუშალა ხელი ამ ვითომ შეთქმულების შესრულებას?! კობახიძის ვითომ ლოგიკური მსჯელობა" ძნელად დასაჯერებელია. ჩვენი მოქალაქეები ნუ ჰგონიათ იმდენად ბრიყვები, რომ ასეთი ზღაპრები დაიჯერონ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა არ არის მზად ამგვარი ნაბიჯების გადასადგმელად. ამ ყველაფერს სჭირდება დიდი სახალხო პროტესტი, რისი ნატამალიც არ იგრძნობა. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა რიონის ხეობის მცველების თბილისში გამართული აქციებისას - დიდ ხალხმრავლობას ელოდნენ, მაგრამ იმედი ძალიან გაუცრუვდათ.

როგორც ძველი რომაელი პოლიტიკოსი კატონი-უფროსი ყველა გამოსვლას სენატში ასრულებდა სიტყვებით: "კართაგენი უნდა დაინგრეს", ლამის მეც ეგრე ვარ. უკვე რამდენი ხანია ყველა ინტერვიუსა და პუბლიკაციაში ვცდილობ ვთქვა, რომ საქართველოს სჭირდება მესამე შუალედური ძალა და ამ ძალის შესაქმნელად ყველაზე კარგი კანდიდატურა გიორგი გახარიაა.

რატომ აგორდა მისი სალანძღავი ტალღა ორივე მხრიდან? - იმიტომ, რომ ეშინიათ მისი. ფიქრობენ, რომ ამომრჩეველს წაართმევს, მაგრამ ყველაზე მეტად იმას უფრთხიან, რომ გახარიამ შეიძლება შემოიკრიბოს ის ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან მიდის და ხმას არავის აძლევს. ვფიქრობ, მისი პოლიტიკა სწორედ ამისკენ იქნება მიმართული. მისი სამიზნე ელექტორატის სწორედ ეს ნაწილია.

გარდა ამისა, უკვე წლებია ვამბობ, რომ საქართველოს სჭირდება არაპოლიტიკური, ტექნოკრატიული მთავრობა და ზუსტად იმავეს ამბობს გიორგი გახარიაც, უნდა შევქმნათ არაპოლიტიკური ბიუროკრატების ფენაო.

შევხედოთ წამყვან დასავლურ ქვეყნებს, სადაც ხელისუფლების ცვლილებისას მხოლოდ ტოპმენეჯმენტი იცვლება, მთელი ბიუროკრატია, აღმასრულებელ-პროფესიული სტრუქტურა კი უცვლელი რჩება. ჩვენთან რა ხდება? - როცა ახალი ძალა მოდის, სამინისტროებში დამლაგებლებსაც კი ცვლიან. ასე სახელმწიფო ვერ განვითარდება. შესაბამისად, გახარიას ეს მიდგომა სწორია. მართალია, დიდი პოლიტიკური დოქტრინები და მსოფლმხედველური იდეოლოგია არა აქვს, მაგრამ ამბობს, სახელმწიფო უნდა აშენდეს და ამისთვის საჭიროა პროფესიული საქმიანობაო. მან წარადგინა გეგმა, რომელიც წავიკითხე და ვფიქრობ, ამ გეგმაში ბევრი რამ სწორია, მაგრამ არ არის უნაკლო. მისი უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ მასაც, როგორც ჩვენში ყველას, დაავიწყდა მეცნიერება. ლაპარაკია ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, განათლებაზე, მაგრამ არა მეცნიერების განვითარების მნიშვნელობაზე...

- ერთია, რა მოლოდინია გახარიას მიმართ და მეორე, თვითონ რა შეუძლია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მისი მინისტრობისა თუ პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომების თანამონაწილეობას ვერსად გაექცევა... - რა თქმა უნდა, აქვს ხელისუფლებაში ყოფნისას მომხდარი მოვლენების ტვირთი, თუმცა კარგად უმკლავდება, აცნობიერებს პასუხისმგებლობას. ყურადღებით ვადევნებ თვალს მის განცხადებებს, მომეწონა მისი გამოსვლები, ცდილობდა შეძლებისდაგვარად დელიკატური ყოფილიყო. როდესაც ღალატში დაადანაშაულეს, არც კი უპასუხა, რაც სწორია, დროს არ კარგავს სხვის კრიტიკასა და უსაფუძვლო ბრალდებებზე პასუხში. მას სურს ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი პოლიტიკური მიზნები და არჩეული გზა სწორია. რა არის "ნაციონალური მოძრაობის" ან "ქართული ოცნების" პოლიტიკა, ყველამ კარგად ვიცით, მათ კრიტიკაზე დროის დაკარგვა არც ღირს.

თავის დროზე ვამბობდი, რომ ამ მესამე ძალად შეეძლო ქცეულიყო მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სიძულვილმა აიძულა არასწორი გზით ევლო და შედეგად 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ხაზარაძე გაითქვიფა და დაიკარგა ოპოზიციურ სპექტრში. იმედია, გიორგი გახარია ამას არ გააკეთებს.

გარდა ამისა, იმის მიუხედავად, "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს აიღებს, არსებობს ალბათობა იმისა, რომ დადგება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, რადგან შეიძლება უმრავლესობა დაიშალოს. ამის გაკეთება კი თუ ვინმეს ხელეწიფება, გახარიაა. ისიც ცხადია, რომ

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი პარტია ვერ მოვა ისეთი უმრავლესობით, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს, და საჭირო გახდება კოალიციის ჩამოყალიბება. კოალიციური მთავრობები რესპუბლიკური დემოკრატიების საყრდენი ძალაა. დიდი იმედია, საქართველოშიც მალე დადგება ამის აუცილებლობა.

- გასულ კვირას "ნაციონალური მოძრაობა" და მის გარშემო საარჩევნოდ გაერთიანებული პოლიტიკური ძალების დეპუტატები აქტიურად ჩაერთვნენ საპარლამენტო საქმიანობაში. საინტერესოა, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ სრულად შეკრებილმა საკანონმდებლო ორგანომ? - ახალი არაფერია: ისევ არაკონსტრუქციული ლაპარაკი, ლანძღვა-გინება, ძველი ამბების წამოძახება...

არაფერი ხდება ისეთი, რაც ადრე არ ხდებოდა, რაღა დაგიმალოთ და, ამ პოლიტიკური კონგლომერატისგან, რაც დღეს მივიღეთ პარლამენტში, მეტს არც ველი.