"ნაცმოძრაობამ" თამაში წააგო და იძულებული გახდა პარლამენტში შესულიყო, რომ არ დარჩენილიყო გარეთ იზოლირებული და მარგინალიზებული" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობამ" თამაში წააგო და იძულებული გახდა პარლამენტში შესულიყო, რომ არ დარჩენილიყო გარეთ იზოლირებული და მარგინალიზებული"

"ეს პარტია ვერ გათავისუფლდა რევოლუციური მუხტისგან... დღემდე ვერ გაუაზრებიათ, რომ ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ასე იოლად შეიძლება რევოლუცია მოაწყო"

ქვეყნის შიდა პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება.

- "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდა. 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ისევ არის პრობლემები, რადგან "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს. თქვენი აზრით, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში აღმოფხვრილია?

- კრიზისი დიდი ხანია, აღმოფხვრილია, მას შემდეგ, რაც პატარა პარტიები შევიდნენ პარლამენტში. აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" თამაში წააგო და იძულებული გახდა ბოლოს პარლამენტში თვითონაც შესულიყო, რომ არ დარჩენილიყო გარეთ იზოლირებული და მარგინალიზებული. ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა, რომ შარლ მიშელის შედგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ, რადგან ამით დასავლეთის თვალში სახელს ილახავენ. ბოლო წლებია, "ნაცმოძრაობა" ლამის პროდასავლურობასთან გაიგივდეს და ცოტა უხერხულია მათგან ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა. მათთვისვე აჯობებს, ხელი მოაწერონ, მაგრამ რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს მარცხის აღიარება იქნება. ვნახოთ, რომელი მიმდინარეობა გაიმარჯვებს პარტიაში - ემოციური თუ რაციონალური. თუ რაციონალური გაიმარჯვებს, მაშინ ხელი უნდა მოაწერონ. პარლამენტში შესვლით მათ მაინც დაკარგეს ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობა, თუმცა ყველა - არა. მათ ეყოლებათ 300-400 ათასი ამომრჩეველი, მაგრამ ამ საქციელით დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავენ. ამდენი ხანი რომ გაიძახი, "ოცნება" პრორუსულია და ჩვენ ვართ პროდასავლურიო და მერე ასეთ ნაბიჯს დგამ, რისი იმედი უნდა გქონდეს? გადის ეს მატარებელი, მითები "ოცნების" პრორუსულობის შესახებ ნელ-ნელა ქრება, მით უმეტეს - ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

- როგორ ფიქრობთ, დასავლეთმა ვერ შეძლო "ნაციონალური მოძრაობის" დარწმუნება, რომ ამ დოკუმენტში ასახული საკითხების შესრულება მნიშვნელოვანია? - "ქართული ოცნება" თავს რატომ მოიკლავდა, "ნაციონალები" დაერწმუნებინა, ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის?! რაც შეეხება დასავლეთს, ის ცდილობდა, მაგრამ "ნაციონალებს" ხომ თავიანთი შიდა პოლიტიკური გათვლები აქვთ?!

ამ გათვლებით, თუ ხელს მოაწერენ, გამოდის, საბოლოოდ ყველაფერზე თანხმდებიან "ოცნებას" და როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ეს შელახავდა მათ რეპუტაციას, დაკარგავდნენ ამომრჩეველს... მაგრამ ჩემი აზრით, ეს სწორი არ არის. ამომრჩეველთა ბირთვს ისინი ისედაც შეინარჩუნებენ, სანამ დედამიწაზე მიხეილ სააკაშვილი არსებობს, ასე რომ, ჯობდა, ხელი მოეწერათ.

ეტყობა, მათში იმძლავრა ემოციურმა მუხტმა - არ დავნებდეთ, ბრძოლა ბოლომდეო. ეს პარტია ვერ გათავისუფლდა რევოლუციური მუხტისგან. ცხრა წელია, რაც არჩევნები წააგეს და მას შემდეგ სულ რევოლუციაზე ფიქრობენ. დღემდე ვერ გაუაზრებიათ, რომ ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ასე იოლად შეიძლება რევოლუცია მოაწყო.

- თქვენი აზრით, პარლამენტში მათი შესვლით რა შეიცვლება? - მეტი სანახაობა და ჩხუბი იქნება, სხვა განსაკუთრებული არაფერი მოხდება, მათი შესვლით არაფერი შეიცვლება. უმრავლესობაში ისინი არ არიან, "ქართული ოცნება" ყველა სასურველ კანონპროექტს გაიტანს. კონსტიტუციურ ცვლილებებს ის არ აპირებს, ჩვეულებრივ კანონებს კი ადვილად დაამტკიცებს.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, ოპოზიციის ამდენთვიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდება თუ არა, უნდა გაირკვეს, ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ამას "ქართული ოცნების" ხმები გადაწყვეტს. როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია შეძლებს "წაართვას" ხმები "ქართულ ოცნებას"? - ეს რომ იყოს საპარლამენტო არჩევნები, ამის შანსი იქნებოდა, მაგრამ ეს არის ადგილობრივი არჩევნები, სადაც ხალხი ნაკლებად აქტიურობს, ნაკლებად არის მოტივირებული და ეს მაშინ, როცა მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს მაქსიმალურად იყენებს. შესაბამისად, მმართველ პარტიას ამ შემთხვევაში უპირატესობა აქვს. ვხედავთ იმასაც, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, ჯერ საარჩევნო კამპანიაც არ დაუწყიათ, ამასობაში კი ზაფხული ნელ-ნელა გადის და ძალიან ცოტა დრო რჩება. ვერ გამიგია, რას აპირებენ. რეფერენდუმზე რომ ლაპარაკობენ, მუშაობა ხომ უნდა დაიწყონ ამომრჩევლებთან?! ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ოპოზიციას ფული აღარ აქვს, რადგან თავიანთი რესურსის დიდი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებზე დახარჯეს. ვფიქრობ, ამით აიხსნება ეს პასიურობა. ამის გათვალისწინებით, ოპოზიციას არ აქვს დიდი შანსი, რომ რამე შეიცვლება.

- ალბათ, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას შეფასებები და კითხვებზე პასუხიც მოისმინეთ. ბევრი კრიტიკაც ისმის მისი მისამართით. თქვენ რა კითხვები გაქვთ გახარიასთან და როგორ ფიქრობთ, ის "ქართულ ოცნებას" ხმებს "წაართმევს"? - გახარიას კითხვები დავუსვი 20 ივნისის შემდეგ, როცა შევხვდი... ახლა მასთან კითხვები არ მაქვს. წესით, ის ხმების ნაწილს წაართმევს "ქართულ ოცნებას" და იმ პატარა პარტიებს, რომლებიც ახლა სადღაც შუაში არიან. "ნაცმოძრაობას" თავის ამომრჩეველს ვერავინ წაართმევს, მაგრამ იქნება კი ეს საკმარისი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხმების 43% ვერ აიღოს? გაიძახიან, "ქართული ოცნება" გახარიას წასვლამ დაასუსტაო. იმავეს ვერ ვიტყვით "ნაცმოძრაობაზე"? ხომ ვხედავთ, რომ შარშანდლის შემდეგ ეს პარტია სერიოზულად დასუსტდა, მათგან ბევრი ლიდერი წავიდა, "ევროპული საქართველო" კი, პრაქტიკულად, დაიშალა. შესაბამისად, ოპოზიცია უფრო დასუსტდა, ვიდრე - მმართველი პარტია.

- მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა. მისი განცხადების ადრესატი ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია იყო, მას მოღალატეც კი უწოდა. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს ხომ არ შეეშინდა, რომ გახარია "ქართულ ოცნებას" ხმებს წაართმევდა და ამიტომ ხომ არ გამოჩნდა? - არა მგონია, ეს ყოფილიყო მიზეზი. იქ რაღაც სხვა ხდება. როგორც ჩანს, მთლად კომფორტულად არ არის ივანიშვილი. იქ საქმე ისე არ არის, როგორც უნდა, ამიტომაც რჩება თვითონაც. არა მგონია, მის ძალაუფლებას გახარიას გამო საფრთხე ემუქრებოდეს. ვფიქრობ, ამ განცხადებით უფრო განწყობა გამოხატა. ბიძინა ივანიშვილი გულწრფელია ხოლმე. ჩანს, მისთვის გახარიას წასვლა დიდი იმედგაცრუება იყო და ეს გამოჩნდა კიდეც ფაქტებით. მან ბევრი დააფიქრა თავისი წერილით. აბრალებდნენ, გახარიას წასვლა მისი ჩაწყობილი იყოო და ამ კითხვასაც გაეცა პასუხი - გაირკვა, რომ ასე არ იყო. ივანიშვილს არ მოეწონა მისი წასვლა. მერე რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ გახარია ისე წავიდა, მას არ შეუთანხმდა და ამ წასვლით ივანიშვილი არ გაახარა.

- თუ ამომრჩევლის დაკარგვის არ შეეშინდა, მაშ, რამ აიძულა ბიძინა ივანიშვილი, ისევ გამოჩენილიყო პოლიტიკაში? - ივანიშვილმა რომც მოინდომოს, ამ მოცემულობით ის პოლიტიკიდან მთლად ვერ წავა. შეიძლება წასვლა არც უნდა, იმიტომ, რომ მას ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის. თუ ძალაუფლებას დაკარგავს, ეს მისთვის ცუდია. ძალაუფლება უნდა გადააბაროს ისეთ პირს, რომელიც მას ანგარიშს გაუწევს და ხელშეუხებლობის გარანტიას მისცემს. "ქართული ოცნება" რომ არჩევნებში დამარცხდეს, ეს იქნება ისევ "ნაცმოძრაობასთან" დამარცხება და ეს ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის გარანტია, რომ ხელშეუხებელი იქნება, პირიქით, ეს მისთვის სახიფათოა.

თუ "ქართული ოცნება" არჩევნებს "ნაცმოძრაობასთან" წააგებს, იგი ვერ წავა პოლიტიკიდან, როგორც უნდა მოინდომოს. მას საქართველოში მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება უნდა და ამისთვის სჭირდება, სრულად გაანეიტრალოს ყველა საფრთხე. ჯერ მან საფრთხეები მხოლოდ ნაწილობრივ გაანეიტრალა.

- სააკაშვილი მუდმივად იმუქრება, რომ ჩამოვა საქართველოში, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია. თქვენი აზრით, ახლა "ნაცმოძრაობის" ტაქტიკა როგორი იქნება? - ალბათ, იგივე, რაც აქამდე იყო - გაიძახიან, რომ სააკაშვილი ჩამოვა და რევოლუციას მოაწყობენ.

"ნაცმოძრაობას" ამომრჩეველი იმანაც დააკარგვინა, რომ მიშა სააკაშვილი ამბობს, ჩამოვდივარო და არ ჩამოდის. თუ წელსაც ასე გააგრძელებს, ეს სერიოზულად დაარტყამს მის რეპუტაციას. რამდენი ხანი უნდა იძახოს, ჩამოვდივარო? ან უნდა გაჩუმდეს, ან - ჩამოვიდეს. ფაქტი ერთია - ამ კაცს ვერ წარმოუდგენია თავი ძალაუფლების გარეშე, არადა, 10 წელი გავიდა მას შემდეგ და რით ვერ შეეგუა ძალაუფლების დაკარგვას?! როგორც ჩანს, ვერც ვერასოდეს შეეგუება, მაგრამ სადამდე უნდა გასტანოს ამ ცირკმა?

- პოლიტიკიდან მისი ჩამოშორებით "ნაცმოძრაობა" ხომ დაიშლება? - თუ ეს მოხდა, კიდევ უფრო განახევრდება მათ მხარდამჭერთა რაოდენობა. სააკაშვილის წასვლას შეიძლება მოჰყვეს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ წავიდეს პოლიტიკიდან. თუ პოლიტიკიდან წავლენ ივანიშვილი და სააკაშვილი, მერე მართლაც შეიძლება მივიღოთ საპარლამენტო დემოკრატიის მსგავსი რამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი დარჩება პოლიტიკაში მანამდე, სანამ სააკაშვილია მისთვის საფრთხე. სანამ სააკაშვილი აქტიურობს, ამომრჩეველთა უმრავლესობა ისევ ივანიშვილს ამჯობინებს, ეს ფაქტია, შესაბამისად, ბიძინას ხელს აძლევს, დაუძინებელი მტერი ჰყავდეს მიშას სახით. პარადოქსია, მაგრამ გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს აცოცხლებენ.

- ხომ არ ელით, რომ ივანიშვილი ოფიციალურადაც დაბრუნდეს პოლიტიკაში? - გამორიცხული არ არის, მაგრამ ჯერ არა მგონია, ეს მოხდეს.

- დიდი მოლოდინია საარჩევნო კოდექსის შეცვლის და ელექტრონული სისტემის დანერგვის. ახალი საარჩევნო კოდექსის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ხმაური საბოლოოდ შეწყდება? - საკანონმდებლო ბაზის შექმნა ძალიან კარგია და ყველაფერი, ალბათ, 2024 წლისთვის მოესწრება. ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. პროპორციულთან ერთად ელექტრონული ნიშნავს, რომ ვატარებთ სანიმუშო არჩევნებს და კითხვებიც აღარ იქნება. აღარც ქუჩაში გამოვარდნა და პროტესტია მოსალოდნელი.

- თქვენი აზრით, არჩევნებამდე რა ამოცანები უნდა გადაწყვიტოს "ქართულმა ოცნებამ"? - ყველა მთავრობის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიღარიბესთან ბრძოლა. უფრო ხანგრძლივი და რთული იქნება განათლების რეფორმა, რომელსაც ვერავინ მოაბა თავი. სააკაშვილის დროს მხოლოდ მისაღები გამოცდების წესი შეიცვალა და ამით კორუფციის აღმოფხვრა მოხერხდა, მეტი არაფერი მომხდარა. სამწუხაროდ, განათლების რეფორმა დღემდე ფერხდება.