"ჩემი მშობლების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ" - კვირის პალიტრა

"ჩემი მშობლების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ"

"ჩვენ ვაჯობეთ მათ და რა ვქნა, აღარც ვიტრაბახო?! ხომ ვამბობდი, შემოსვლა უნდათ და ვერ ბედავენ-მეთქი..."

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პირველი იყო, ვინც ერთიანი ოპოზიციის ბოიკოტის დროს პარლამენტში შევიდა, რის გამოც ოპოზიციამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. როგორ თანამშრომლობენ დღეს და რას ფიქრობს ახალი შემადგენლობის პარლამენტზე, "კვირის პალიტრას" ალეკო ელისაშვილი ესაუბრა:

- "ნაცმოძრაობის" წევრები პარლამენტში შემოსვლის პირველივე დღეებში ძალიან აგრესიული იყვნენ. კვირის ბოლოსთვის განელდა და პარასკევს უკვე აშკარად კეთილგანწყობილი ჩანდნენ, ბევრად ადამიანური გარემო იყო. თავადაც დაძაბული შემოვიდნენ, "ოცნებაც" დაძაბული დახვდა. პირველ-მეორე დღეს ზიზღის ამოფრქვევის დღე იყო. იმედია, ისეთი პარლამენტი გვექნება, სადაც საქმის კეთება დაფასდება.

მე და ლევან იოსელიანი სულ ორი კაცი ვართ, მაგრამ მაინც ვეცდებით საქმეზე გადავიდეს და წინა პარლამენტს არ დაემსგავსოს, სადაც ბოკერია და მისი რაზმი ლანძღვის, ფურთხებისა და ტელეკამერებთან კეკლუცობის მეტს არაფერს აკეთებდა, "ოცნება" კი პასუხის გაცემით იყო დაკავებული. ამასობაში წლები შემოგვეფშვნა და ქვეყანა გაღატაკდა. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ საქმიანი კალაპოტიდან ვერც ერთმა ინტრიგანმა ვერ ამოგვაგდოს... "ნაცმოძრაობა" აკლიმატიზაციას გადის.

- პარლამენტში ის გუნდი შეიკრიბა, ვინც "ოცნების" გაკონტროლებას შეძლებს? - "ოცნებაშიც" კარგად აქვთ გააზრებული, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში არიან, დიდი დრო გავიდა, ქვეყანა მძიმე დღეშია და ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ამას ნათლად ვხედავ "ოცნებაში" და საქმის კეთების მზაობასაც, უბრალოდ, კარგი მიწოლა სჭირდება, რომ დაიქოქოს. კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ოპოზიცია და ხელისუფლება იმისთვის არ არსებობენ, რომ ერთმანეთი ეზიზღებოდეთ.

განვითარებული ქვეყნები ნორმალური იმიტომ გახდნენ, ორივე ძალა ისწრაფოდა, რომ უკეთესი ქვეყანა შეექმნა: ოპოზიცია ცდილობდა სახელისუფლებო გუნდისთვის შეცდომების დაშვების უფლება არ მიეცა და სწორი კალაპოტი მიეჩინა. იმედია, ამისკენ მივდივართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით, ჭრიალით, ემოციებით და მტკივნეულად, მაგრამ მაინც მივდივართ. იქნებ ერთხელ შევძლოთ ისე მუშაობა, რომ ერთმანეთი კი არ გვეზიზღებოდეს და ოპონენტის დახრჩობა კი არ გვინდოდეს, ხალხის პრობლემებზე ვფიქრობდეთ.

ოცდაათი წელია ოპოზიცია ცდილობს ჩამოაგდოს ხელისუფლება, ხელისუფლების მიზანია - გასრისოს ოპოზიცია. ამას ხან ავტომატებით, ზარბაზნებითა და ტანკებით ვაკეთებდით, ხან კი რევოლუციებით და ვარდებით. უნდა შევეშვათ ასეთ დამოკიდებულებას.

- ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შედიან იმიტომ, რომ "ოცნება" იქიდან გამოიყვანონ. მისი გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ მმართველ გუნდს მათი შესვლის გამო ისტერიკა ჰქონდა. - რადიკალიზმი მათი სტილია, თან პირველი დღეები იყო და დაძაბული იყვნენ, მაგრამ ორი დღის შემდეგ ზიზღი და აგრესია შემცირდა. ვერ ვიტყვი, რომ ყველანი ხელიხელგადახვეული ერთ ხმაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ბევრად ადამიანური გარემო იყო. ერთი მოსმენით გავიტანეთ საკითხი განმეორების შემთხვევაში ნასვამი მძღოლების უფრო მკაცრად დასჯის შესახებ. ასევე, საარჩევნო რეფორმა, რასაც ყველამ დაუჭირა მხარი და რაც ჩვენი მთავარი დანაპირები იყო. ვმუშაობთ პენსიების საკითხზეც - ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა, რომ სამინისტრო მზად არის ვეტერანებს დახმარება გაუზარდოს, რაც პირველად მოვისმინე და ძალიან კმაყოფილი ვარ.

შესაძლებლობა მომეცა პირდაპირ მეთქვა ფინანსთა მინისტრისთვის დაესახელებინა კონკრეტული ციფრები და თანხა, რაც მოსახლეობის საჭიროებას მოხმარდა.

პარლამენტში შემოსვლა ადასტურებს, რომ ქუჩა-ქუჩა სიარული და ყვირილი კი არა, პარლამენტში მუშაობაა საჭირო. არადა, გვემუქრებოდნენ, თუ დამოუკიდებლად შესვლას გავბედავდით, ისე გაგვანადგურებდნენ პოლიტიკურად, ფეხზე ვეღარასდროს დავდგებოდით...

ჩვენ ისე მოვიქეცით, როგორც ჯობდა, ვაჯობეთ მათ და რა ვქნა, აღარც ვიტრაბახო?! თავს რომ იქაჩლებდნენ, პოლიტიკის კეთება ვიცითო, სწორედ მათ ვაჩვენეთ პოლიტიკური კლასი. ხომ ვამბობდი, შემოსვლა უნდათ და ვერ ბედავენ-მეთქი...

- ბოიკოტის ერთგული დარჩნენ შალვა ნათელაშვილი და მისი გუნდი. ლეიბორისტული პარტია თქვენდამი ნეგატიურ დამოკიდებულებას არასდროს მალავდა, გიორგი გუგავამ "სუს-ის კორუმპირებული აგენტიც" გიწოდათ... - მეტიც, პირად და მშობლების შეურაცხყოფაზეც გადმოვიდა. გუგავა ჩემთვის ყოველთვის კომიკური პერსონაჟი იყო, სერიოზული პასუხის ღირსად არასდროს ჩამითვლია, მაგრამ ახლა ასეთი კომიკური და ზნედაცემული პერსონაჟისგანაც კი მიუღებელია ასეთი საქციელი. რაც ბოლოს იკადრა, რა სიტყვებითაც "შემამკო", ყველანაირ ზღვარს გასცდა. ამიტომ ამ სიტყვებისთვის პასუხს აუცილებლად მოვთხოვ.

- უჩივლებთ? - ჯერ არ ვიცი, მაგრამ ბოდიშის მოხდა ნამდვილად მოუწევს, მხოლოდ ჩემთვის არა, ჩემი მშობლებისთვისაც. მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, არც არავისთვის მიპატიებია.

- გიორგი გახარიას გუნდს ზოგი ივანიშვილის პროექტს უწოდებს, ზოგიც მესამე ძალას. თქვენ რას ფიქრობთ? - არ ვიცი, ვისი პროექტია. რა პერსპექტივა ექნება, თვითმმართველობის არჩევნებზე გავიგებთ. ვუსურვებდი სატელევიზიო ინტერვიუებში თუ პრესკონფერენციებზე უფრო გულწრფელი იყოს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი გახარია ჯერჯერობით ჩინოვნიკისა და მინისტრის როლიდან ვერ გამოდის. შორისდებულებით ლაპარაკობს და გულწრფელობა აკლია. მას გონიერ ადამიანად იცნობენ, მაგრამ არაგულწრფელია და ამას საზოგადოებაც შეამჩნევდა. ვისურვებდი პირდაპირ ესაუბრა ყველაფერზე, შეცდომებზე, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას წააწყდა. როგორც პარტიას, წარმატებას ვუსურვებ, თუმცა მთავარი მსაჯული მე კი არა, ხალხი იქნება, რომელიც ოქტომბერში გადაწყვეტს, ვის რამდენი ხმა უნდა ჰქონდეს.