"დღეს "ნაციონალები" პარლამენტში არიან, მაგრამ ცალი ფეხი კარვებში აქვთ" - კვირის პალიტრა

"დღეს "ნაციონალები" პარლამენტში არიან, მაგრამ ცალი ფეხი კარვებში აქვთ"

"მას შემდეგ, რაც პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" შემოვიდა, ბევრი პირის თვითლუსტრაცია მოხდა", - ასე აფასებს საკანონმდებლო ორგანოში ბოლოდროინდელ მოვლენებს მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური. მისი თქმით, რადიკალებსა და მიშა სააკაშვილის დავალებების შემსრულებლების გარდა, ოპოზიციაში არიან კონსტრუქციული ადამიანებიც, რომლებიც მონაწილეობენ განხილვებში და მუშაობა ნაყოფიერი ხდება. რა საკითხები განიხილა საკანონმდებლო ორგანომ, რა საკითხზე მუშაობა აღმოჩნდა ნაყოფიერი და რამდენად კონსტრუქციულად შეიძლება გაგრძელდეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის თანამშრომლობა, თუ "ნაციონალების" ლიდერმა შეწყალებაზე უარის თქმით პოლიტიკური სპექტრი ახალი დილემის წინაშე დააყენა, ამის შესახებ ალუდა ღუდუშაური გვესაუბრება:

- "ნაცმოძრაობა" კვლავაც ქვეყნის არევისთვის არის მომართული... ამბობდნენ, რომ სახელმწიფო კანონს ვერ აღასრულებდა, მერე მათი ლიდერი უარს ამბობდა გირაოს გადახდაზე და ვინც გადაუხდიდა, მტრად რაცხავდა. სახელმწიფომ კანონი აღასრულა, მოგვიანებით მელიამ გირაო მიიღო. ამის შემდეგ მოღალატეები და პუფები უძახეს პარლამენტში შესულ ოპოზიციას, საბოლოოდ კი თავადაც შემოვიდნენ.

დარწმუნებული ვარ, მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს და არც მათი ლიდერი მოინდომებს ციხეში შებრუნებას. სხვათა შორის, მათ შორის ზოგიერთი ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერა საჭიროა...

მათ არც რესურსი აქვთ და წესით აღარც სურვილი უნდა ჰქონდეთ უკრაინიდან წამოსული რადიკალური დავალებების შესრულების და ტემპერატურის ხელოვნურად აწევის. ახლა იმის დროა, ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის აღმშენებლობისთვის ვერთიანდებოდეთ, ჩვენი მუშაობა პარლამენტში იყოს უფრო კონსტრუქციული და ნაყოფიერი - ჩვენი დღის წესრიგი ასეთია.

თუ ოპოზიცია ისევ დესტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს, ისიც "ევროპული საქართველოს" ბედს გაიზიარებს, რომელიც, ფაქტობრივად, ერთი კაცის პარტიად დარჩა.

- ნიკა მელია ახლა ამერიკაშია, როგორ გგონიათ, რას ჩამოიტანს იქიდან?

- ამაზე არანაკლებ საინტერესოა, რა წაიღო აქედან? როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შეხვდება, რას ეტყვის?

ამერიკა არის ქვეყანა, სადაც კაპიტოლიუმში შეჭრა შეფასდა როგორც ქვეყნის შიდა ტერორიზმი. რას ეტყვის მათ მელია, კაცი, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას ცდილობდა მაშინ, როცა იცის, რომ მისი ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, სხვა თუ არაფერი, ოკუპანტი მეზობელი ჰყავს! საინტერესოა, რას ეტყვიან ამერიკელი ლიდერები, რომლებმაც საკომიტეტო მოსმენაზე პირდაპირ თქვეს, დიახ, მელიამ დაარღვია კანონი, როდესაც სამაჯური მოიხსნაო.

პრობლემა ის არის, რომ "ნაცმოძრაობას" კანონი და "ქართული ოცნება" ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან. ერთ რამეს შეგახსენებთ - როდესაც მელია თავისი პარტიის ოფისში იყო გამაგრებული, ამბობდა, დიახ, ვიდრე "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, კანონს დავარღვევო. ესე იგი, საჯაროდ ეუბნებოდა სახელმწიფოს, დავარღვევ კანონს და თქვენ ვერაფერს იზამთო.

რა კონტექსტში ჯდება, როდესაც პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვს, სახელმწიფოს უპირისპირდება! ეს როგორ უნდა აუხსნას ამერიკელებს? ვაშინგტონში კარგად იციან, რა პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი "ოცნებას" და როგორ მოქმედებს ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური! დარწმუნებული ვარ, მას ურჩევენ, რომ სააკაშვილის რევანშისტულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს.

- საკანონმდებლო ორგანოში შეჭრაზე არანაკლები დანაშაულია ქვეყნის, საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულება... ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერი გახარია საჯაროდ დაადანაშაულა "ნაციონალებთან" ერთად ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში... - არსებობს პოლიტიკური მოვლენები და პოლიტიკური შეფასება... უცნაურია, პოლიტიკოსი ხარ და აცხადებ, რომ გუნდიდან მიდიხარ იმიტომ, რომ კანონის აღსრულებისთვის ორი დღე გჭირდებოდა და გუნდმა არ მოგცა.

დღემდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რისთვის სჭირდებოდა ორი დღე? იმიტომ ხომ არა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის ლიდერს აქვთ ასეთი გეგმები...

გახარიამ კანონის აღსრულებაზე თქვა უარი. რას ნიშნავს ეს? ამ საქმეს გინდ მარჯვნიდან შეხედეთ, გინდ მარცხნიდან, სიმართლე ერთია, პრემიერი ასე არ უნდა იქცეოდეს... დღეს "ნაციონალები" პარლამენტში არიან, მაგრამ ცალი ფეხი კარვებში აქვთ. როდესაც სხდომათა დარბაზში საჭირბოროტო საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა, მათი სკამები ცარიელია.

შეგახსენებთ მელიას 15-წუთიან გამოსვლას პარლამენტში. 5 წუთზე მეტი დრო მოანდომა იმაზე ლაპარაკს, თურმე როგორ დევნის საწყალ გახარიას "ქართული ოცნება". უყურეთ და თქვენც ნახავთ, როგორი "რომანი" აქვს გაჩაღებული "ნაცმოძრაობას" გახარიასთან.

- ერთ-ერთ ტელეარხზე გავიდა სიუჟეტი, სადაც გახარიასთან დაკავშირებულ ნეპოტიზმზეა საუბარი. რომ არა მისი ოპოზიციონერად შემობრუნება, ამ ამბავს გაიგებდა საზოგადოება? - ნებისმიერი ჩინოვნიკის ნათესავს აქვს განვითარების უფლება. ადამიანი მხოლოდ იმიტომ არ უნდა იჩაგრებოდეს, რომ მისი ოჯახის წევრი მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. გახარია ოპოზიციაში ცდილობს თავის დამკვიდრებას ასეთი განცხადებებით.

როდესაც ნეპოტიზმზე საუბრობ და თავად ხარ ამის შემოქმედი, ეს რა კონტექსტში ჯდება? უხერხულია, როდესაც ამ დანაშაულის შემოქმედი გუნდიდან მიდის და ზურგს უკან ტალახს ისვრის. მე მის ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა... თუმცა ისე არათანამიმდევრულად ლაპარაკობს, ამ კაცისგან არაფერი მიკვირს.

- როგორ გენიშნათ ის, რომ გახარიამ "ოცნების" თითქმის ყველა ლიდერი, ყველაზე მეტად კი ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და აუგი არ დასცდენია ბიძინა ივანიშვილზე? - არ ვიცი, მაგრამ რა აქვს სათქმელი, რა უნდა თქვას ბიძინა ივანიშვილზე?

- თქვენი ლოგიკით არც "ქართულ ოცნებაზე" აქვს სათქმელი, მაგრამ ამბობს. - კაცი იყო ქვეყნის ეკონომიკის, მერე შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო პრემიერი და ჟურნალისტებთან ისე ისაუბრა, თითქოს ემა ტუხიაშვილი იყო შს მინისტრი, ინგა გრიგოლია - პრემიერი, თავად კი მსხვერპლი. გახარიას უტიფრობას საზღვარი არა აქვს.

მის სიტყვებს გავიმეორებ - ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკაში მოსვლა, მით უფრო დაბრუნება, ტყუილებით და ცილისწამებით ძალიან ცუდია! "ნაცმოძრაობის" ბრალდებული თავმჯდომარის მიმართ რომ არ აღსრულებულიყო კანონი, გუნდიდან კარი გაიჯახუნა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ კარი ბოლომდე არ ჰქონდა გაჯახუნებული, რომ მოტრიალდა და უარგუმენტოდ ტალახის სროლა დაიწყო, ორღობის ჭორიკანასავით მოიქცა. ის პრეზენტაციიდან პრეზენტაციამდე, ინტერვიუდან ინტერვიუმდე დეგრადირდება.

- ბოლო ერთი კვირა შთამბეჭდავი იყო ინიციატივებისა და კანონპროექტების წარდგენის თვალსაზრისით. თქვით, კონსტრუქციული ოპოზიცია მზად არის სათანამშრომლოდო, თუმცა მათ კანონპროექტი პარტიების დაფინანსების შესახებ ურჩების დასჯის მცდელობად აღიქვეს. - ელისაშვილმა მათ კარგი პასუხი გასცა. ხაზინასთან ხელგამოწვდილი იდგე, ხალხის ფული გინდოდეს და მათ მიერ მონიჭებული მანდატი არ გინდოდეს, არ გამიგონია!

დავით კირკიტაძე გამოვიდა და თქვა, დიახ, კანონი შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, ვენეციის კომისიის შენიშვნებიც გაზიარებულია, მაგრამ 2022 წლის პირველ იანვარს კი არა, 2024 წლის იანვარში უნდა ამოქმედდესო. თუ 2022 წელს აპირებენ კარვებში ადგილების დაკავებას, პირდაპირ თქვან. 2022 წელს არასწორია და 2024 წლისთვის სწორი როგორ არის?

იცით, რა ქნეს? 2008 წელს მიიღეს კანონი და უკუქცევითი ძალა მიანიჭეს. ახლა დამწკრივდებიან და სისულელეებზე ლაპარაკობენ. ჩვენ ამ კანონში ბოიკოტზე არა გვაქვს საუბარი. რეგლამენტი ამბობს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროს ყველას აქვს ბოიკოტის უფლება. ჩვენ ვსაუბრობთ საბოტაჟზე ანუ ქმედებაზე, როდესაც წინასწარი განზრახვით ცდილობ საქმის დაზიანებას. როგორ შეიძლება საბოტაჟისთვის საკუთარ ხალხს ფული მოსთხოვო?!

ხათუნა ბახტურიძე