"ოცნებამ" შესაძლებლობა დაიტოვა, ბოლომდე დაამარცხოს მოწინააღმდეგე" - კვირის პალიტრა

"ოცნებამ" შესაძლებლობა დაიტოვა, ბოლომდე დაამარცხოს მოწინააღმდეგე"

"სენატორებთან შეხვედრაზე ნიკა მელიას მაინცდამაინც არ გაუპროტესტებია შარლ მიშელის დოკუმენტი"

"სულ ვფიქრობ, რაც აქ ხდება, როგორ შეიძლება ფხიზელი ადამიანის მოწყობილი იყოს?!" - წერს პარტია "გირჩის" თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. რას გულისხმობდა "გირჩის" ლიდერი, რას ფიქრობს კოლეგებზე და რას აპირებს ვახტანგ მეგრელიშვილი თავად გვესაუბრება:

- მას შემდეგ, რაც "ნაცმოძრაობა" პარლამენტში დაბრუნდა, პროცესები გააქტიურდა. პირველი დღეები ემოციური იყო, 7-თვიანი კრიზისის შემდეგ რაღაც ორივე მხარემ უნდა უთხრას თავის მომხრეებს. პარლამენტში გაგრძელდა ის კინკლაობა, რაც ადრე იყო "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. ნებისმიერი საკითხი ბრალდებების საგანი ხდება ამ ორ პარტიას შორის. არადა, კრიზისი ახლახან დამთავრდა და თუ სასწრაფოდ რამე არ გავაკეთეთ, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა უფრო დამძიმდება. არა, ისევ ძველებურად აგრძელებენ კინკლაობას. ალბათ, ამის გამო ვთქვი, ეს ყველაფერი არ შეიძლება ფხიზელი ადამიანის მოწყობილი იყოს-მეთქი. კინკლაობა და დაპირისპირება ერთადერთი სტრატეგიაა, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს აქვთ არჩეული.

- პარლამენტში ინიცირებული იყო "ამნისტიის შესახებ" ორი კანონპროექტი: ერთი "ქართული ოცნების", მეორე კი ოპოზიციის. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციის კანონპროექტი ჩააგდო, ცხადი გახდა, რომ კანონად "ოცნების" ვერსიას მიიღებენ. რა მოხდება, თუ მელია შეწყალებას არ ითხოვს? - მიშელის დოკუმენტის მთავარი პუნქტი ამნისტიაა, მისი მიზანი კი დაპირისპირების დასრულებაა. დაპირისპირების ყველაზე მწვავე ნაწილია პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრება. შესაბამისად, კულმინაცია არის ნიკა მელიას ქეისი.

როდესაც პარლამენტში ორი კანონპროექტი გაჩნდა, ჩვენ პირველივე მოსმენით დავუჭირეთ მხარი "ოცნების" ვერსიას, რადგან ბევრად ახლოს დგას მიშელის დოკუმენტთან. თუმცა "ქართული ოცნების" ვერსიაში იყო კრიზისის თავიდან დაბრუნების შესაძლებლობა. ესე იგი, კანონი მელიას საშუალებას აძლევს შეწყალებაზე თქვას უარი და საბოლოოდ მაინც ციხეში მოხვდეს.

ასეთი სახის ამნისტია, თუნდაც ტექნიკურად, საქართველოში არასდროს გვქონია. შესაბამისად, ჩვენი ვარაუდია, რომ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლებლობა დაიტოვა, რაღაც მომენტში დაბრუნდეს კრიზისში ან ბოლომდე დაამარცხოს მოწინააღმდეგე. ამიტომ მეორე მოსმენაზე კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ.

"ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ხელი მოწერილი უნდა ჰქონდეს შარლ მიშელის დოკუმენტზე, იმიტომ, რომ უკვე ნასარგებლები აქვს მისი სიკეთე, მელია ქუჩაში დადის, ამერიკაში წავიდა... 43%-იანი ზღვარი, რომელსაც "ნაციონალები" რეფერენდუმს უწოდებენ, ასევე ამ დოკუმენტის დამსახურებაა. როდესაც პარტია სარგებლობს ამ დოკუმენტის ბენეფიტებით, გაუგებარია, რატომ არ აწერენ ხელს. ჩვენი ამოცანაა მოვახერხოთ პარლამენტში მუშაობის დაწყება ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ ჩაჯდება არც ერთი პარტიის ინტერესებში.

- როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ამერიკიდან მელიას ჩამოსვლის შემდეგ?

- ჩვენ ყველა, მათ შორის ნიკა მელიაც, ერთად ვიყავით სენატორებთან ვახშამზე. მაშინ მელიას მაინცდამაინც არ გაუპროტესტებია შარლ მიშელის დოკუმენტი, ყოველ შემთხვევაში, მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება. იმედია, ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ მელია შეუერთდება შეთანხმებას.

- თქვენ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოხსენებასაც მოუსმინეთ და ოპოზიციის კრიტიკასაც. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ კინკლაობა მოისმინეთ? - ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლა 7,2 მილიარდი ლარი დაჯდა. "ოცნებამ" ილაპარაკა, რა მაგარი ფინანსთა მინისტრი ჰყავთ და რა მაგარ რაღაცებს აკეთებენ, ოპოზიციამ კი აბსოლუტურად ყველაფერი გააკრიტიკა. ფინანსთა მინისტრის მოსმენაც და ყველა სხვა მსგავსი საკითხი ახლა მხოლოდ ყოყლოჩინობასა და ქიშპობას იწვევს.

- რას აკეთებს "გირჩი" ასეთ დროს? - ჩვენ ამ კვირაში ვიწყებთ საარჩევნო კამპანიისთვის მზადებას. გვინდა იმ საკითხებთან დაკავშირებული პროექტი გავაკეთოთ, რომლითაც ჩვენ პარლამენტში შევედით: დაწყებული მელიათი და დამთავრებული კობახიძით, ყველას უნდა დაველაპარაკოთ და გავიგოთ, ვინ გვეთანხმება, ვინ არის იმდენად დამოუკიდებელი, სწორედ ის აზრი დააფიქსიროს, რაც სინამდვილეში აქვს. ხუთ თვეში გვექნება არჩევნები, რომლის მსგავსიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა.

მას შემდეგ, რაც მთელი პოლიტიკური სპექტრი გადალაგდა, საინტერესოა ამ არჩევნების შედეგად როგორი კონფიგურაცია ჩამოყალიბდება. ჯერ არ ვიცი, ჩემი კოლეგები რა სტრატეგიას აირჩევენ, ვინ ვისთან ითანამშრომლებს. ჩვენ არავისთან არ ვითანამშრომლებთ ბლოკის ან ფრაქციის შექმნისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა დავაკვირდეთ, შევძლებთ თუ არა მეორედ სასწაულის მოხდენას და უფულოდ მივიღებთ თუ არა იმ შედეგს, რისთვისაც სხვა პარტიებს მილიონები სჭირდებათ.

- დამოუკიდებელი თამაში საკუთარი ძალის მოსასინჯად გადაწყვიტეთ თუ სხვა გამოსავალი არა გაქვთ? - წინა არჩევნების დროს ჩვენ ვიყავით მთელი ოპოზიციის გაერთიანების ინიციატორი. ვგულისხმობ თემებზე შეთანხმებას და არა პარტიულ გაერთიანებას. იმავეს ვაკეთებთ ახლაც.

ჩვენთან სხვა პარტიებს მაინცდამაინც კარგი დამოკიდებულება რომ არა აქვთ, მათი პრობლემაა. მოუწევთ ახსნა, ასე რატომ გვექცეოდნენ, მოუწევთ დასაბუთება, რატომ მოაწერეს ხელი იმ პუნქტებს, რომლებზეც ხელმოწერას ჩვენ თვეებით ადრე ვთავაზობდით და ამის გამო რატომ არ გველაპარაკებოდნენ? იქნებ ადრე რომ შევთანხმებულიყავით, ახლა უკეთესად ვყოფილიყავით.