"ჩვენ "ოცნებას" ყალთაბანდობის საშუალებას არ მივცემთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ "ოცნებას" ყალთაბანდობის საშუალებას არ მივცემთ"

"ძალიან კარგი რამ მოხდა - ცესკოს თავმჯდომარეს უფუნქციოდ ვტოვებთ", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი ჩიხლაძემ. მისი თქმით, ცესკოში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი, რაც ძალიან დიდი მიღწევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სერგი ჩიხლაძე გვესაუბრება:

- შარლ მიშელის დოკუმენტმა არჩევნების გაყალბების 90%-ით შემცირების საშუალება მოგვცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანური ფაქტორი ამოვაგდოთ საარჩევნო უბნიდან და მაქსიმალურად დავნერგოთ ტექნოლოგიები. სახის ამომცნობი სისტემა წუთში ამოიცნობს არჩევნებზე მისულ თითოეულ მოქალაქეს. ახალი თაობის ბიულეტენები საერთო სისტემაში ბარკოდებით აღირიცხება, რათა არავინ გაიტანოს უბნიდან გარეთ. ხმის დათვლისას დასკანირდება ყველა ბიულეტენი, ხმების დათვლას ონლაინ შევძლებთ. კამერა ყველა ბიულეტენს გადაიღებს.

შეიძლება ითქვას, საკანონმდებლო საქმიანობის დასაწყისი ნაყოფიერი გამოდგა. ამ ძალიან კარგ სიახლესთან ერთად ჩვენ რამდენიმე საინტერესო კანონპროექტი შევიტანეთ. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და "ქართული ოცნების" მიღებული ბოლოდროინდელი დრაკონული კანონების გაუქმება, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილება ლექტორის არჩევის წესის შესახებ. მზად გვაქვს კანონპროექტი, რომელიც პენსიონერებისთვის ბანკების დაწესებული კაბალური პირობების მოხსნას და შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. ვმუშაობთ სხვა კანონპროექტებზეც. ამასთან, აქტიურად ვართ ჩართული განხილვებში.

- ესე იგი, პარლამენტში სანახაობის ნაცვლად საქმიან ვითარებას ვიხილავთ? - დიახ. მე ვერ ვიტყვი, რომ ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში ქაოსია. დღეს ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა "ქართული ოცნება" ვაიძულოთ შეცვალოს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და სწორად მოიქცეს. მათ ყალთაბანდობის საშუალებას არ მივცემთ. პირობითად ვამბობ, 15 პუნქტიდან თუ ორი ვერ შესრულდება, ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენ 13-ზეც უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ გვახსოვს, "ქართულმა ოცნებამ" არა მარტო საქართველოს მოქალაქეების, არამედ საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დადო პირობა, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს და მერე ყველა გავხდით იმის მომსწრე, როგორ "გადააგდეს" მსოფლიო. ასეთ რაღაცებს ისევ ველით ამ პოლიტიკური გუნდისგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ და აღარაფერი გავაკეთოთ. ბოლოს და ბოლოს, ორი პოლიტპატიმარი გარეთ არის, საარჩევნო პროცედურებისა და კანონმდებლობის საკითხებზეც შესანიშნავად ვითანამშრომლეთ. ეს შედეგები განგვაწყობს იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაც" ვაიძულოთ ქვეყნის ინტერესები პარტიულზე წინ დააყენოს.

ძალიან კარგია, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ რა აზრი აქვს, თუ არც დოკუმენტს მოაწერენ ხელს და არც პროცესებში მიიღებენ მონაწილეობას?! კიდევ უფრო ალოგიკურად მეჩვენება ხელი არ მოაწერო დოკუმენტს მაშინ, როცა ამბობ, რომ დოკუმენტში მოცემული პირობების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებ.

ჩვენი პარტიისა და ფრაქციის სახელით ვამბობ, რომ ყველანაირად ვეცდებით პარლამენტში მუშაობა იყოს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ხათუნა ბახტურიძე