ჯეიმს აპატურაი: "რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ არ გავჩერდებით და საქართველოზე ხელს არ ავიღებთ" - კვირის პალიტრა

ჯეიმს აპატურაი: "რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ არ გავჩერდებით და საქართველოზე ხელს არ ავიღებთ"

"როდესაც პოლიტიკური თანავარსკვლავედი თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება, საქართველოს პრაქტიკული ბარიერები არ ექნება ნატოში გაწევრებისთვის"

"ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა მიზეზი ტექნიკურია - დროის სიმცირე. ჩვენ მხოლოდ სამი საათი გვქონდა. ეს საგანგებო სამიტი გარკვეულწილად მორგებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განრიგზე, რომელიც დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ ჩვენთან მოვა და ნატოში საკუთარ კოლეგებს შეხვდება, შემდეგ კი პრეზიდენტ პუტინთან მოუწევს შეხვედრა..."

რატომ არ მიიწვიეს საქართველო და უკრაინა ნატოს სამიტზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი.

- უმჯობესი იქნება, საუბარი სამიტისა და, ზოგადად, "ნატო 2030"-ის სტრატეგიის განხილვით დავიწყოთ. რას უნდა ელოდეს საქართველო?

- ამ სამიტზე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს ნატოს სამომავლო პოლიტიკას უახლოესი ათწლეულის მანძილზე. ეს პოლიტიკა მრავალი კომპონენტისგან შედგება, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი ნატოს ღია კარის პოლიტიკის არა მარტო შენარჩუნება, არამედ გაძლიერებაა, რათა მეტად დავეხმაროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ, ნატოს წევრი გახდნენ. რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ განუხრელად ერთგული ვრჩებით იმ დაპირებისა, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე დავდეთ - საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან! ამ მიზნის მისაღწევად გვსურს მეტი გავაკეთოთ საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად.

- სანამ ამ "მეტის" განხილვას შევუდგებოდეთ, მინდა გკითხოთ, რატომ არ იყვნენ მიწვეული საქართველო და უკრაინა სამიტზე? ამან ორივე ქვეყანაში დაბნეულობა გამოიწვია, კიევში უკმაყოფილება დაუფარავად გამოხატეს. - დიახ, ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა მიზეზი ტექნიკურია - დროის სიმცირე. ჩვენ მხოლოდ სამი საათი გვქონდა. ეს საგანგებო სამიტი გარკვეულწილად მორგებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განრიგზე, რომელიც დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ ნატოში საკუთარ კოლეგებს შეხვდება, შემდეგ კი პრეზიდენტ პუტინთან მოუწევს შეხვედრა. ამ უკიდურესად შეზღუდულ დროში უნდა განვიხილოთ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, მათ შორის - რუსეთსა და ჩინეთთან დაკავშირებით. მოგვიწევს, ამ სამ საათში ჩავატიოთ სამიტზე დამსწრე ყველა წევრი ქვეყნის ლიდერის გამოსვლა და პარტნიორებისთვის დრო აღარ რჩება.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ევროკავშირიც, რომელიც ყოველთვის ესწრება ჩვენს შეხვედრებს, ამჟამად არ იქნება. ჩვენ მომავალ წელს გვექნება კიდევ ერთი სამიტი, რომელიც ჩვეულ გარემოში ჩატარდება და, რა თქმა უნდა, საქართველო და უკრაინაც იქნებიან მიწვეული.

- თუ რუსეთი მთავარი განსახილველი თემაა, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლური იქნებოდა დისკუსიაში უკრაინისა და საქართველოს ჩართვა. - ქართველ და უკრაინელ პარტნიორებთან ამ თემაზე თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ, მათ შორის - უმაღლეს დონეზე. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ რუსეთთან დაკავშირებით თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, უკრაინისა და საქართველოს შეხედულებები აქ კარგად არის ცნობილი. კიევიც და თბილისიც კონსულტაციებისთვის რეგულარული პარტნიორები არიან. ველოდები, რომ უფრო მაღალი დონის შეხვედრები გვექნება არა მხოლოდ სამიტზე, არამედ დეკემბერში, საგარეო საქმეთა მინისტერიალზეც. ასე რომ, კონსულტაციის უამრავი შესაძლებლობა გექნებათ.

- ნატო აცხადებს, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება. თუ ასეა, რატომ ვერ ახერხებენ თბილისი და კიევი, ამ კარში შეაბიჯონ? რუსი შვეიცარი გყავთ? - კარგი მეტაფორაა. რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოების ყველა ცდას დასაწყისიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. გავიხსენოთ გასული წლის პრეცედენტი - როდესაც ჩრდილოეთ მაკედონია გახდა ნატოს წევრი, რუსეთი ყველანაირად ცდილობდა, ეს არ დაეშვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნატო რეგულარულად იძენს ახალ წევრებს. ასე რომ, კარი ღიაა. მეორე ასპექტი, რომელსაც გამოვყოფდი, არის ის, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრებას, მაგრამ მოკავშირეები საჯაროდ და ყველას გასაგონად იმეორებენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას, საქართველო გახდეს ნატოს წევრი! რა თქმა უნდა, გულუბრყვილო არავინაა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ რუსეთი ასე აქტიურად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომ მას ჯარები ჰყავს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. ეს საქმეს არ გვიადვილებს, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ამის გამო გავჩერდებით და საქართველოზე ხელს ავიღებთ. "მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში" - ამ მიდგომის ერთგული ვრჩებით და მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, შეიძლება ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ.

- მაკედონიისა და მონტენეგროს მაგალითზე გკითხავთ - მართებულია ამ ქვეყნების საქართველოსა და უკრაინასთან შედარება? ერთია, რომ მათ რუსეთთან საერთო საზღვარი არა აქვთ, მეორე - არც რუსეთის სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გამხდარან. როგორ აპირებს ნატო ამ ორი დაბრკოლების გადალახვას და პოლიტიკურ განცხადებებზე მეტის გაკეთებას უკრაინისა და საქართველოს ალიანსში რეალური და განუხრელი ინტეგრაციისთვის? - ვფიქრობ, ჩვენ უკვე დიდი ხანია გავცდით პოლიტიკური განცხადებების ხანას და პრაქტიკული ნაბიჯების ფაზაში გადავედით. ერთი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ნატოს მზარდი ჩართულობა საქართველოში. მსგავსი მაგალითი არ გვაქვს თუნდაც ჩრდილოეთ მაკედონიაში. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სასწავლო ცენტრი, გვაქვს ყოველწლიური წვრთნები, თბილისში მუშაობს ნატოს მუდმივი წარმომადგენელი საკუთარი გუნდით. რა თქმა უნდა, გვაქვს უწყვეტი და მაღალი დონის სამხედრო თუ პოლიტიკური ვიზიტები. იზრდება თანამშრომლობა შავი ზღვის კონტექსტში - საქართველოს სანაპირო დაცვის მშენებლობაში ვეხმარებით. გვაქვს აშკარა და მნიშვნელოვანი პროგრესი. როდესაც ვუყურებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ვადარებ იმას, რაც 10 წლის წინ იყო, განსხვავება დღისა და ღამის ტოლფასია, რაც შესანიშნავი მიღწევაა. განხორციელდა რეფორმები იმ მნიშვნელოვან სფეროებში, რომლებიც ნატოსთან არის დაკავშირებული, მაგალითად, უსაფრთხოების სამსახურში, სადაზვერვო სამსახურსა და მმართველობაში.

ასე რომ, მხოლოდ სიტყვებს არ ვჯერდებით. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა რეფორმას, რაც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის. ეს მხარდაჭერა არის როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული, რაც იმის წინაპირობაა, რომ როდესაც პოლიტიკური თანავარსკვლავედი თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება, საქართველოს ნატოში გაწევრებისთვის პრაქტიკული ბარიერები არ ექნება. ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია.

ჩვენ პოლიტიკურ დონეზე ვერ გავაკონტროლებთ გაწევრების პროცესს, მაგრამ შეგვიძლია შევქმნათ ყველა პირობა, რომ როდესაც პოლიტიკურ კონსენსუსს მივაღწევთ, ნატოში გასაწევრებლად ყველა სხვა ელემენტი სათანადო დონეზე იყოს.

- ნატოს მაღალჩინოსნები ხშირად იმეორებენ, რომ ნატო არასოდეს შეურიგდება კრემლის "გავლენის სფეროების" პოლიტიკას. საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მიცემის გამუდმებით გადადება რა არის, თუ არა ამ პოლიტიკის დე ფაქტო აღიარება? - მესმის თქვენი სკეპტიციზმი და იმედგაცრუება. მე არ ვცდილობ, ვინმეს თვალში ნაცარი შევაყარო. იმას, რასაც თქვენ ამბობთ, მუდმივად ვისმენ საქართველოში ყველა ვიზიტისას, მაგრამ ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ნატო შეეგუა "გავლენის სფეროების" პოლიტიკას. ძალიან ადვილი იქნებოდა დასავლელი სკეპტიკოსების აზრის გაზიარება, იმ ხალხისა, ვინც ამბობს, ამ საქმეს უნდა შევეშვათ, დაე, ჰქონდეს რუსეთს თავისი გავლენის სფერო, დავანებოთ თავი საქართველოსა და უკრაინას, უარი ვუთხრათ ნატოში გაწევრებაზე, შედეგად რუსეთთან პრობლემები არ შეგვექმნება და ჩვენს საქმესაც უკეთ მივხედავთო. მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილებისა. ამას არ გავაკეთებთ, რადგან ჩვენ გვჯერა პარიზის ქარტიაში ჩაწერილი პრინციპისა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდელი, საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია. ასე რომ, ძალიან ადვილი იქნებოდა დანებება და თამაშიდან გასვლა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და არ გავაკეთებთ, რადგან ვაღიარებთ და პატივს ვცემთ საქართველოს არჩევანს, რომ ის არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის საქართველოსთვის, მაგრამ მერწმუნეთ, არც ნატოსთვის არის იოლი. ალბათ, მეტის გაკეთებაც შეგვიძლია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მეტის გასაკეთებლად!

- დაბოლოს, მინდა გკითხოთ ნატოს ჩართულობაზე შავ ზღვაში. ერთხანს ეს საკითხი ძალიან აქტუალური იყო, ხშირად ვისმენდით სხვადასხვა მოსაზრებას, მაგრამ ფაქტია, ამ სფეროში ძირეული ცვლილებებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. 2016 წელს რუმინეთმა წამოაყენა წინადადება ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნის შესახებ, მაგრამ ამ იდეამ სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. რას უნდა ველოდოთ მომავალში? - ვფიქრობ, მართალი ხართ, როცა ამბობთ, რომ ამ საკითხში მონუმენტური გარღვევა არ ყოფილა, მაგრამ ეს მიზანმიმართულია - ჩვენ მომხრე ვართ სტაბილური განვითარების, რათა ვითარება შედარებით მართვადი იყოს. ეს გულისხმობს მეტი ინფორმაციის გაცვლას, სანაპირო დაცვის ტრენინგს - საქართველოს შემთხვევაში და დახმარებას უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებისთვის. ჩვენ მეტ წვრთნას ვატარებთ შავ ზღვაში, რის შესახებ ბევრ რუსულ პრეტენზიას ვისმენთ და ეს თვალსაჩინოა. ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაში მოკავშირე წევრების გემების რაოდენობის ზრდას, ვხედავთ ამერიკულ გემებსა და საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავებს. ახლა საკითხი ასე დგება - კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია? მიმდინარეობს დისკუსია ნატოს საზღვაო ინფრასტრუქტურის ზრდაზე შავი ზღვის იმ ქვეყნებში, რომლებიც უკვე არიან ალიანსის წევრები. ეს დისკუსია არ შეჩერებულა და ვნახოთ, სად მიგვიყვანს... ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ რუსები. თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი გადაადგილების თავისუფლება იზღუდება ისე, რომ ხელს გვიშლის ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების დაცვაში, სათანადო ზომებს მივიღებთ!

ინტერვიუ მომზადდა "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" პროექტის ფარგლებში

ვაჟა თავბერიძე