"გახარია მონაწილეა ამ სქემის. ამაში ჩართულია "ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსანი, ლიდერი თუ დამფუძნებელი" - კვირის პალიტრა

"გახარია მონაწილეა ამ სქემის. ამაში ჩართულია "ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსანი, ლიდერი თუ დამფუძნებელი"

"ნაციონალური მოძრაობა" სხვა ოპოზიციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვა", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" განაცხადა, შეიქმნება მესამე ძალა.

"ნაციონალური მოძრაობა" ვერ მოვა ხელისუფლებაში სხვა ოპოზიციის გარეშე. აუცილებლად შეიქმნება მესამე ძალა და ჩვენ ამის ლიდერობაში ვიქნებით, გარწმუნებთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დამარცხდეს ერთპარტიული მმართველობა, თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" 43 პროცენტი არ უნდა გაატანო.

"როგორ უნდა დამარცხდეს ერთპარტიული ამბავი. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს ერთი ძალა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაანაცვლოს. ამიტომ, შუში უნდა იყოს ის ძალა, რომელიც არ მისცემს საშუალებას ცუდი რაღაცების კეთების ამ ქვეყანაში. მაქამდე რომ მიხვიდე, 43 პროცენტი არ გაატანო და ამ ქვეყანაში დაანიშნინო რიგგარეშე არჩევნები, შემდეგ კი ამომრჩეველს ჰკითხო, რა უნდა მას.

დღეს ამოცანაა, რომ ერთმმართველობა დავასრულოთ და მეორე ერთმმართველობა არ მივიღოთ. შუაში უნდა გაჩნდეს ის ძალა, რომელიც არ მისცემს იმის საშუალებას, რაც ვნახეთ ამ ცხრა წელს და წინა ცხრა წელს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თუ 43 - პროცენტიანი რეფერენდუმი არ იქნება გატანებული "ქართულ ოცნებაზე", - აღნიშნა ხაზარაძემ.

"წერილი გახარიას პრობლემა არ არის, აქ არის მთლიანად "ქართული ოცნების" პრობლემა" - როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" განაცხადა, სქემაში ჩართულია "ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსანი, ლიდერი თუ დამფუძნებელი და ასე რომ არ იყოს, ალბათ, გახარიას სამაგალითოდ დასჯიდნენ.

"ეს არის გამოძიების საკითხი, ჩვენ არ უნდა ვარჩევდეთ. მეტი რაღა უნდა ითქვას. წერილი და ანაბეჭდები არსებობს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიან. არსებობს საქმე, რომელიც დაიწყო და გამოძიება არ გაგრძელებულა, არავინ დაკითხულა. არა როგორც რიგითი მოქალაქე, არამედ როგორც დეპუტატი კიდევ მივმართავ პროკურატურას, რომ ყველაფერი იციან, იცოდნენ ერთი წლის, ორი წლის წინაც. მაგრამ აქ პრობლემა იცით რაშია, გახარიას პრობლემა არ არის, აქ არის მთლიანად "ქართული ოცნების" პრობლემა. ეს წერილი არ არის მარტო გახარიას წერილი, ეს არის ადამიანების გაცილებით დიდი ჯგუფი, რომლებიც უბრალოდ გაიყვნენ შუაზე", - განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია ოპოზიციაში წავიდა, შეიძლება თუ არა დაიწყოს გამოძიება, ხაზარაძე პასუხობს, რომ ეჭვი ეპარება.

"ეს არ მაინტერესებს. ეჭვი მეპარება. დარწმუნებული ვარ, რომ გახარია წერილის დამწერი არ არის, მაგრამ მონაწილეა ამ სქემის. ამაში ჩართულია "ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსანი, ლიდერი თუ დამფუძნებელი. ამიტომ არის პრობლემა, ასე რომ არ იყოს, ალბათ, სამაგალითოდ დასჯიდნენ გახარიას. სწორედ ეს არის, რომელიც აჩერებს ამ თემას ამდენი ხანია", - ამბობს ხაზარაძე.