"მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ნატო-სთან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით" - კვირის პალიტრა

"მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ნატო-სთან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით"

ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი.

"ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში. წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"