"საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან"

მნიშვნელოვანია, ოპოზიცია თვითონ გაერკვეს საკუთარ დამოკიდებულებაში მიშელის დოკუმენტის მიმართ, თუმცა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ ნატო-ს სამიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

"ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის ის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა საქართველო დაინახეს რეგიონში აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარ მედიატორად. რა თქმა უნდა, საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში.

ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეხება ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას, არამედ ეს ეხება საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას, ეკონომიკას, ზოგადად საერთაშორისო ნდობის გაძლიერებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. სწორედ ამისთვისაა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ნატო-სთან დაახლოების პროცესში. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ წლების განმავლობაში და სწორედ ამის დამსახურება გახლავთ ის, რომ პარტნიორები საქართველოს მაღალ შეფასებას აძლევენ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, "უპასუხისმგებლო ძალა ოპოზიციიდან“ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის და შარლ მიშელის შეთანხმება დათქმულ ვადაში შესრულდება.

"მთელმა საზოგადოებამ იხილა, როგორ ცდილობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი მესიჯის შეცვლას. გვეუბნებოდა - მაინც ხომ მოაწერეთ ხელი მიშელის შეთანხმებასო. მათ მინდა შევახსენო, რომ შეთანხმებას პირველმა სწორედ "ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი და ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რომ ეს შეთანხმება შედგა. ამას ხელი პირველმა "ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა, შემდეგ მართლაც ოპოზიციის ერთი ნაწილი შეუერთდა, თუმცა ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი არაა ხელმომწერი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ოპოზიცია თვითონ გაერკვეს საკუთარ დამოკიდებულებაში მიშელის დოკუმენტის მიმართ. თუმცა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი. ამიტომ არა მხოლოდ მიშელის შეთანხმება შესრულდება დათქმულ ვადებში, არამედ ყველა ვალდებულება შესრულდება, რომელიც ავიღეთ ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"