"რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის შეჯიბრი ივანიშვილის კარზე - ირაკლი კობახიძე იცავს საკუთარ პოზიციებს, როგორც გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე" - კვირის პალიტრა

"რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის შეჯიბრი ივანიშვილის კარზე - ირაკლი კობახიძე იცავს საკუთარ პოზიციებს, როგორც გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე"

"ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის შეჯიბრი ბიძინა ივანიშვილის კარზე - ირაკლი კობახიძე იცავს საკუთარ პოზიციებს, როგორც გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე", - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, დაიწყება თუ არა გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 20 ივნისთან დაკავშირებით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სანქციას გასცემს ბიძინა ივანიშვილი.

"გახარია ფიქრობს, რომ შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, რომელიც შეიძლება მისთვის უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე გაკოტრებული "ქართული ოცნება". ირაკლი კობახიძე იცავს საკუთარ პოზიციებს, როგორც ამ გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიმღები, ძალაუფლების წყარო და საერთოდ, ყველანაირი პრობლემის მიზეზი რჩება ისევ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ამიტომ, ივანიშვილის პოლიტიკური პროექტები, გახარია იქნება ეს, კობახიძე თუ სხვა, ხალხისთვის სატყუარა აღარ იქნება, ჩვენ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შევცვალოთ დემოკრატიული ოპოზიციის კოალიციურ ხელისუფლებაში მოყვანის გზით, რაც არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი ქვეყანაში,"- განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გიორგი გახარიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი შეფასებით, კითხვები, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებითაა დაგროვილი, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს არასწორად დაგეგმილ ოპერაციებს უკავშირდება, რის მაგალითადაც მან პანკისში, სვანეთში, კლუბ "ბასიანში" და 20 ივნისის ღამეს ჩატარებული ოპერაციები დაასახელა. კობახიძის აზრით, შესაძლებელი იყო 20 ივნისის მოვლენებისას ოპერაციის უფრო "რბილად", მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებით ჩატარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმე "ტყვიებამდე არ მისულიყო". რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ინტერვიუს დროს კობახიძემ გახარიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "გუნდმა იხილა ღალატი". კობახიძე ეჭვობს, რომ გახარია "გავლენის ქვეშ მოქმედებდა", თუმცა იქვე დასძენს, რომ "არ აქვს მტკიცებულება, გახარიას უშუალოდ სააკაშვილთან აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი".