"ის, რომ სამსაათიან სამიტში, საქართველო მოხვდა დღის წესრიგში, თავისთავად ცხადია, რომ ეს ჩვენთვის კარგია" - კვირის პალიტრა

"ის, რომ სამსაათიან სამიტში, საქართველო მოხვდა დღის წესრიგში, თავისთავად ცხადია, რომ ეს ჩვენთვის კარგია"

14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართა, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდა დასკვნითი დოკუმენტი, რომელშიც საუბარი საქართველოზეცაა.

კომუნიკეში ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ასევე შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის გზით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე მიმართავს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ნატო-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის ფარგლებში საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მოთმინება უნდა გამოიჩინოს და ჩრდილოალანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შანსს დაელოდოს. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აფერხებს.

"საქართველო ამაზე უფრო მეტად ნატო-ს ვერ დაუახლოვდება, რაც არის. შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკური თანამშრომლობის მხრივ საქართველო-ნატოსთან მაქსიმალურად დაახლოებულია. ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ძალიან სერიოზულად აფერხებს რუსული ოკუპაციის ფაქტორი. ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, ეს ამ ეტაპზე ტექნიკური მხარდაჭერა იქნება, მეტი არაფერი",- განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება ნატო-ს მოწოდებას რუსეთისადმი, რომ გააუქმოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ მსგავსი მხარდამჭერი მოწოდებები კარგია. თუმცა, მისი შეფასებით, რუსეთი რომ არ გააუქმებს მათი აღიარების საკითხს, "ამას გადასარევად ხვდებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც".

ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარის, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ეს იყო მინი-სამიტი, რომელიც სამი საათი გაგრძელდა და მთავარი თემა იყო აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ალიანსის წევრ სახელმწიფოს ლიდერებთან. აქ იყო ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: პირველი, კომუნიკე, რომელიც განსაკუთრებულ სიახლეს საქართველოს მიმართ არ ამბობს, მაგრამ ძალიან ნათლად აფიქსირებს საქართველოს პერპექტივას გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, ფხალაძის განმარტებით, ეს არის მომავალი 10 წლის ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და ზოგადად თუ შევხედავთ ნატო-ს ისტორიას ნატო ვითარდება ამ კონცეფციების ფარგლებში.

"ამ კონცეფციაში სიახლე არის ის, რომ ძალიან ნათლად აფიქსირებს ხედვას ჩვენი რეგიონისადმი. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული აქტიურობის სივრცეს ხსნის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ორივე დოკუმენტი - კონცეფციაც და კომუნიკეც აფიქსირებს ხედვას რუსეთთან მიმართებში და იმ პოლიტიკის მიუღებლობას, რომელიც რუსეთს აქვს. შემდეგ კი გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა საქართველოსა და უკრაინისთან მიმართებაში აღარასდროს უნდა განმეორდეს. ეს დოკუმენტი ასევე აფიქსირებს ღია კარის პოლიტიკას, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ანუ სამი ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. პირველი, ხედვა შავი ზღვისადმი, ხედვა გაფართოებისადმი და ხედვა რუსეთისადმი. ეს არის მნიშვნელოვანი, რომელიც გვაძლევს სერიოზულ სივრცეს იმისთვის, რომ ვიყოთ აქტიურები. ის, რომ სამსაათიან სამიტში, საქართველო მოხვდა დღის წესრიგში, თავისთავად ცხადია, რომ ეს ჩვენთვის კარგია. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული გარღვევაა, თუმცა მნიშვნელოვანია. ეს არის მაქსიმუმი, რაც ახლა, ამ ტიპის სამიტიდან შეიძლებოდა წამოგვეღო, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ეს იყო ერთადერთი სამიტი, სადაც საქართველო არ მიიწვიეს. ჩვენ ასეთი პრეცედენტები გვქონდა და როგორც წესი, ეს ემთხვევა ხოლმე აშშ-ს ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ცვლილებას. მაგალითისთვის, 2017 წელს ანალოგიური მინი სამიტი მოითხოვა ტრამპმა, სადაც იყვნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. ასეთივე ფორმატი იყო ახლა და მხოლოდ ალიანსის წევრები იყვნენ, იქ არც ერთი პარტნიორი არ იყო. იქ რომ ყოფილიყო რომელიმე სხვა პარტნიორი და არ ყოფილიყო საქართველო, მაშინ ეს იქნებოდა დაკნინება. აქ კი, დაკნინება არ ყოფილა და პირიქით, საქართველოს საკითხზე იმსჯელეს და ხაზგასმულია ჩვენი როლი. რა თქმა უნდა, ამან თვითკმაყოფილების საშუალება არ უნდა მოგვცეს და უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ამბიციურები, რათა გზა ნატო-სკენ შევამოკლოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ პესიმისტები, რადგან ეს დოკუმენტი პესიმიზმის საფუძველს არ იძლევა", - განუცხადა თენგიზ ფხალაძემ "ინტერპრესნიუსს".