გიორგი გახარია ბრიუსელში მიხაილ ზიბერტს შეხვდა - კვირის პალიტრა

გიორგი გახარია ბრიუსელში მიხაილ ზიბერტს შეხვდა

პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთო-ს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, მიხაილ ზიბერტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. მიხაილ ზიბერტთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური გეგმების შესახებ და ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილა.

"საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ. შეხვედრები გაიმართება როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატო-ში.