"თუ გახარია მართლაც მოღალატეა, ეს კადრების შერჩევაში ივანიშვილის სისუსტეს ცხადყოფს. რამდენიმე კანდიდატურამ ძალიან გაუცრუა იმედი"
"თუ გახარია მართლაც მოღალატეა, ეს კადრების შერჩევაში ივანიშვილის სისუსტეს ცხადყოფს. რამდენიმე კანდიდატურამ ძალიან გაუცრუა იმედი"
"გახარიას ხელისუფლებიდან წასასვლელად საბაბი სჭირდებოდა და კარგი საბაბი იყო თუ ცუდი ნიკა მელიას თემის გამოყენება, ეს გემოვნების საკითხია. შეიძლება მომენტი და საბაბი სწორად ვერ შეარჩია, მაგრამ ის, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იყო, პრემიერობის დროსაც ცხადზე ცხადად ჩანდა", - ამის შესახებ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

- თუ გახარია მართლაც მოღალატეა, ეს კადრების შერჩევაში ბიძინა ივანიშვილის სისუსტეს ცხადყოფს. რამდენიმე კანდიდატურამ მართლაც ძალიან გაუცრუა იმედი.
ვფიქრობ, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო გიორგი მარგველაშვილი, რომლის პრეზიდენტად არჩევისთვის ყველაფერი გააკეთა, მეორე ასეთივე პროექტი კი იყო გახარია - ივანიშვილმა ჩამოიყვანა საქართველოშიც და დანიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდგომ ეკონომიკის, მერე შს მინისტრად და ბოლოს პრემიერად. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე ფიქრობს ასე. თუმცა ასევე მახსოვს მისი განცხადება
პოლიტიკიდან წასვლის­ დროს, როდესაც რამდენიმე გარემოებას გაუსვა ხაზი, მათ შორის თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია მაქსიმუმს - მესამე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ამის მერე მოუწევს ოპოზიციაში გადასვლაო და დასძინა, რომ იმედი ჰქონდა, გამოჩნდებოდა მესამე ძალა, რომელიც არ იქნებოდა რადიკალური და კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში დაუპირისპირდებოდა "ქართულ ოცნებას". სწორედ ამგვარ ძალად გადაქცევის შანსი აქვს გახარიას. ახალგაზრდა და გონიერი კაცია და ვფიქრობ, ამ პროექტისთვის კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ამას მოწმობს ისიც, რომ თანამოაზრეების ნაწილი შეიყვანა პარლამენტში, რათა იქ ტრიბუნა ჰქონოდა.

ახლა შევაფასოთ ის კრიტიკა, რაც გვესმის, ერთი მხრივ, "ქართული ოცნებისგან" და მეორე მხრივ, ოპოზიციისგან.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე გვიმტკიცებს, რომ ლოგიკურად მსჯელობს, როცა გიორგი გახარიას რაღაც შეთქმულებაში მონაწილეობას აბრალებს, მაგრამ ლოგიკას აქვს თავისი კანონები, მათ შორის ერთ-ერთია სრული ინდუქციის კანონი, რაშიც კობახიძის მსჯელობა ძალიან მოიკოჭლებს. მისი თქმით, გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავებისთვის ორი დღე მოითხოვა და სწორედ ეს დრო სჭირდებოდა "ნაციონალურ მოძრაობას" თითქმის რევოლუციის მოსაწყობად, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ჩამოსვლას და ა.შ.

უკაცრავად, მაგრამ გიორგი გახარიამ გადადგომით მელიას დაკავება ორი დღით კი არა, ექვსით გადადო, თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ დროს შეიქმნა სამთავრობო კრიზისი, საკმაოდ ძლიერი საფუძველი ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შესაქმნელად. ისმის კითხვა, რატომ არ შეიქმნა ამგვარი მთავრობა, რატომ არ ჩამობრძანდა მიხეილ სააკაშვილი? რამ შეუშალა ხელი ამ ვითომ შეთქმულების შესრულებას?! კობახიძის ვითომ "ლოგიკური მსჯელობა" ძნელად დასაჯერებელია. ჩვენი მოქალაქეები ნუ ჰგონიათ იმდენად ბრიყვები, რომ ასეთი ზღაპრები დაიჯერონ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა არ არის მზად ამგვარი ნაბიჯების გადასადგმელად. ამ ყველაფერს სჭირდება დიდი სახალხო პროტესტი, რისი ნატამალიც არ იგრძნობა. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა რიონის ხეობის მცველების თბილისში გამართული აქციებისას - დიდ ხალხმრავლობას ელოდნენ, მაგრამ იმედი ძალიან გაუცრუვდათ.

როგორც ძველი რომაელი პოლიტიკოსი კატონი-უფროსი ყველა გამოსვლას სენატში ასრულებდა სიტყვებით: "კართაგენი უნდა დაინგრეს", ლამის მეც ეგრე ვარ. უკვე რამდენი ხანია ყველა ინტერვიუსა და პუბლიკაციაში ვცდილობ ვთქვა, რომ საქართველოს სჭირდება მესამე შუალედური ძალა და ამ ძალის შესაქმნელად ყველაზე კარგი კანდიდატურა გიორგი გახარიაა.

რატომ აგორდა მისი სალანძღავი ტალღა ორივე მხრიდან? - იმიტომ, რომ ეშინიათ მისი. ფიქრობენ, რომ ამომრჩეველს წაართმევს, მაგრამ ყველაზე მეტად იმას უფრთხიან, რომ გახარიამ შეიძლება შემოიკრიბოს ის ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან მიდის და ხმას არავის აძლევს. ვფიქრობ, მისი პოლიტიკა სწორედ ამისკენ იქნება მიმართული. მისი სამიზნე ელექტორატის სწორედ ეს ნაწილია.
გარდა ამისა, უკვე წლებია ვამბობ, რომ საქართველოს სჭირდება არაპოლიტიკური, ტექნოკრატიული მთავრობა და ზუსტად იმავეს ამბობს გიორგი გახარიაც, უნდა შევქმნათ არაპოლიტიკური ბიუროკრატების ფენაო.

შევხედოთ წამყვან დასავლურ ქვეყნებს, სადაც ხელისუფლების ცვლილებისას მხოლოდ ტოპმენეჯმენტი იცვლება, მთელი ბიუროკრატია, აღმასრულებელ-პროფესიული სტრუქტურა კი უცვლელი რჩება. ჩვენთან რა ხდება? - როცა ახალი ძალა მოდის, სამინისტროებში დამლაგებლებსაც კი ცვლიან. ასე სახელმწიფო ვერ განვითარდება. შესაბამისად, გახარიას ეს მიდგომა სწორია. მართალია, დიდი პოლიტიკური დოქტრინები და მსოფლმხედველური იდეოლოგია არა აქვს, მაგრამ ამბობს, სახელმწიფო უნდა აშენდეს და ამისთვის საჭიროა პროფესიული საქმიანობაო. მან წარადგინა გეგმა, რომელიც წავიკითხე და ვფიქრობ, ამ გეგმაში ბევრი რამ სწორია, მაგრამ არ არის უნაკლო. მისი უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ მასაც, როგორც ჩვენში ყველას, დაავიწყდა მეცნიერება. ლაპარაკია ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, განათლებაზე, მაგრამ არა მეცნიერების განვითარების მნიშვნელობაზე...

- ერთია, რა მოლოდინია გახარიას მიმართ და მეორე, თვითონ რა შეუძლია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მისი მინისტრობისა თუ პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომების თანამონაწილეობას ვერსად გაექცევა...
- რა თქმა უნდა, აქვს ხელისუფლებაში ყოფნისას მომხდარი მოვლენების ტვირთი, თუმცა კარგად უმკლავდება, აცნობიერებს პასუხისმგებლობას. ყურადღებით ვადევნებ თვალს მის განცხადებებს, მომეწონა მისი გამოსვლები, ცდილობდა შეძლებისდაგვარად დელიკატური ყოფილიყო. როდესაც ღალატში დაადანაშაულეს, არც კი უპასუხა, რაც სწორია, დროს არ კარგავს სხვის კრიტიკასა და უსაფუძვლო ბრალდებებზე პასუხში. მას სურს ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი პოლიტიკური მიზნები და არჩეული გზა სწორია. რა არის "ნაციონალური მოძრაობის" ან "ქართული ოცნების" პოლიტიკა, ყველამ კარგად ვიცით, მათ კრიტიკაზე დროის დაკარგვა არც ღირს.

თავის დროზე ვამბობდი, რომ ამ მესამე ძალად შეეძლო ქცეულიყო მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სიძულვილმა აიძულა არასწორი გზით ევლო და შედეგად 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ხაზარაძე გაითქვიფა და დაიკარგა ოპოზიციურ სპექტრში. იმედია, გიორგი გახარია ამას არ გააკეთებს.
გარდა ამისა, იმის მიუხედავად, "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს აიღებს, არსებობს ალბათობა იმისა, რომ დადგება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, რადგან შეიძლება უმრავლესობა დაიშალოს. ამის გაკეთება კი თუ ვინმეს ხელეწიფება, გახარიაა. ისიც ცხადია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი პარტია ვერ მოვა ისეთი უმრავლესობით, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს, და საჭირო გახდება კოალიციის ჩამოყალიბება. კოალიციური მთავრობები რესპუბლიკური დემოკრატიების საყრდენი ძალაა. დიდი იმედია, საქართველოშიც მალე დადგება ამის აუცილებლობა. (იხილეთ სრულად)
ლილი
16 ივნისი 2021 19:01
ვაი ამათ პატრონს.გახარია ისეა ოცნების მტერი როგორც მე ამერიკის აგენტი.
სტატუს ქუო
16 ივნისი 2021 18:09
ხაზარაძეს ადრით გახარიას? ხაზარაძეს ნულოვანი რეიტინგი აქვს, ხალხის დაუნდობლად ყვლეფის გამო. მის პარტიას მარტო ოჯახის წევრები აძლევენ ხმას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები