"აზერბაიჯანმა თურქეთის ხელმძღვანელობას აუხდინა ოცნება" - რას გულისხმობს ერდოღან-ალიევის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანმა თურქეთის ხელმძღვანელობას აუხდინა ოცნება" - რას გულისხმობს ერდოღან-ალიევის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ყარაბაღის ქალაქ შუშაში ახალ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ფართო სპექტრის თანამშრომლობას გულისხმობს.

"ამ დეკლარაციას ჩვენი ურთიერთობა ყველაზე მაღალ საფეხურზე აჰყავს. დღეისთვის ჩვენ სრულიად ახალი კავშირი შევქმენით. ამ ხელშეკრულების ყოველი პუნქტი ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გარანტიაა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

დეკლარაციის ოფიციალურად გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრე, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ყველა შეთანხმებასთან ერთად, დეკლარაციაში მითითებული იქნებოდა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობისა და აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ. ეს საკითხი არც პრეზიდენტებს დაუფარავთ და, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო თანამშრომლობის პუნქტი დეკლარაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

"დეკლარაციაში ასახულია მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო საკითხებში, კულტურისა და განათლების სფეროში, პოლიტიკურ საკითხებსა და ეკონომიკაში თანამშრომლობა და სხვა, თუმცა ამ პუნქტებიდან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გამოვყო, ესაა თავდაცვასა და სამხედრო საკითხებში თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა", - განაცხადა ალიევმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ მათ ყარაბაღის აღდგენის საერთო გეგმაც აქვთ.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ "ექვსეულის პლატფორმის" შექმნის ინიციატორები ვართ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და ირანი. ამ გაერთიანების საფუძველზე ჩვენ გვსურს, ეს რეგიონი ავაყვავოთ. ჩვენ პრეზიდენტ ალიევთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ამ საკითხზე საერთო ხედვა გვაქვს", - განაცხადა ერდოღანმა. (წყარო)

ორი მეზობელი ქვეყნის პირველი პირის შეხვედრასა და მათი შეთანხმების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ეს შეხვედრა იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც თურქეთი სამხრეთ კავკასიის მიმართულებით ახორციელებს. თავის დროზე, ერდოღანმა და მისი გუნდის წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი შეეცდებიან ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე თურქეთის გავლენის აღდგენას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ ტერიტორიების პოლიტიკურ მიერთებას შეეცდებიან, ეს ნიშნავს, რომ იდეოლოგიური გავლენები უნდა აღდგეს. ამ მიდგომას დაერქვა "პან ოსმანიზმი", რომელიც განსხვავდებოდა წინა იდეოლოგიისგან, რაც თურქეთში არსებობდა და ის თურქი ხალხის გაერთიანებას გულისხმობდა. ქემალ ათათურქის ეს იდეა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დარჩა, თუმცა ახალი იდეოლოგიაც დაემატა. ამ იდეოლოგიას ახორციელებს ჩვენი მეზობელი სახელმწიფო და ამ იდეოლოგიურ ნარატივში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამხრეთ კავკასიას, კერძოდ -  აზერბაიჯანს.

ეს არის ის პოლიტიკა, რასაც თურქეთი აწარმოებს "ნატოს" პარტნიორების გარეშე, რაც დასავლეთში მძაფრ უარყოფით რეაქციას იწვევს.

თუ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ აზერბაიჯანმა თურქეთის მეშვეობით შეძლო ყარაბაღის დაბრუნება და ის მუდამ მადლიერი უნდა იყოს ამისთვის, ეს არის ნაწილობრივი სიმართლე. კი, ეს ასეც იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, აზერბაიჯანმა თურქეთის ხელმძღვანელობას აუხდინა ოცნება, რაც სამხრეთკავკასიურ სივრცეში სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით დაბრუნებას გულისხმობს.

ზუსტად 100 წელი შესრულდა, რაც თურქეთმა დატოვა სამხრეთკავკასიური სივრცე და ამ 100 წლის თავზე ის უკან დაბრუნდა. ეს არის თურქეთის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება.

რაც შეეხება ექვსეულის ფორმატს, თურქეთმა ძალიან კარგაც იცის, რომ კავკასიის სივრცეში მისი საუკუნოვანი მტერი - რუსეთი დღეს იმდენად ძლიერია, რომ მას ვერ დაამარცხებს. თურქეთის გზავნილი მსოფლიოსთვის ასეთია: მოგვეცით ჩვენ და რუსეთს სამხრეთ კავკასია და ჩვენ იქ ერთმანეთში მოვრიგდებით.

რა თქმა უნდა, ეს ქვეყნები ვერ მორიგდებიან, რადგან, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სხვას ვერავის აიტანს. მით უმეტეს - თურქეთს, რომელიც საბოლოო ჯამში, 1921 წელს აქედან ძლივს გააძევა. თუმცა, დღეს ეს თამაში პუტინსაც აწყობს. მას ურჩევნია, დარჩეს თურქეთის პირისპირ, ვიდრე თურქეთი იყოს დასავლეთის მხრიდან ზურგ გამაგრებული.

დასავლეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ეს ფორმატი მიუღებელია, რადგან აქ იქნება ორი ან სამი დომინანტი ქვეყანა: რუსეთი, თურქეთი და ირანი. ისინი ეცდებიან სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოლიტიკის წარმოებას, ხოლო დანარჩენი ქვეყნები იქნებიან მათი ნების შემსრულებლები. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და დასავლეთმა ზუსტად იმიტომაც გადადგა ნაბიჯები, როცა ყველანაირად ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩაეხშო და მაშინაც, როცა საქართველოს ხელისუფლების შუამავლობით სომეხი ტყვეების დაბრუნება მოხდა. ამაში ჩართული იყო აშშ და ხდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს როლი განსაკუთრებით გამოკვეთილიყო.

(სპეციალურად საიტისთვის)