"მოსამართლეთა დანიშვნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენგან ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ ექნება" - კვირის პალიტრა

"მოსამართლეთა დანიშვნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენგან ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ ექნება"

"მოსამართლეთა დანიშვნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ცხადია, ჩვენგან ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ ექნება",- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, პროცესში, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება, სადაც მოსამართლეთა დამტკიცება უნდა მოხდეს, შესაძლოა, მხოლოდ კითხვების დასმის ნაწილში მიიღონ მონაწილეობა.

"შარლ მიშელის დოკუმენტში სასამართლოს ნაწილი არის ყველაზე უფრო ბუნდოვანი, ჩემი კომენტარებიც გემახსოვრებათ, ყველაზე უფრო სკეპტიკური ვიყავი მოლაპარაკების ამ ნაწილის მიმართ. "ქართული ოცნება" ამ ნაწილის ისე აღსრულებითაც არ იკლავს დიდად თავს, როგორც ეს დოკუმენტშია მითითებული და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხიც ვიხილეთ უკვე ამის დასტურად. სამწუხაროდ, არ მგონია რაიმე შეჩერდეს და "ქართულმა ოცნებამ" გეგმებში რაიმე ცვლილებები შეიტანოს, მათ ამის არაფერი ეტყობათ. მოსამართლეთა დანიშვნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ცხადია, ჩვენგან ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ ექნება, თუმცა, შესაძლებელია არსებობდეს საზოგადოებაში კითხვები, რომელზე პასუხებიც აინტერესებდეთ ამ პროცესის მონაწილეებისგან, თუ დავინახეთ, რომ ინტერესი არსებობს და ეს უბრალოდ სპექტაკლს არ დაემსგავსება, ამ თვალსაზრისით მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ხვიჩიამ.