"კლანი" სასამართლოში გავეშებულია - არ შეგრჩებათ!" - კვირის პალიტრა

"კლანი" სასამართლოში გავეშებულია - არ შეგრჩებათ!"

"კლანი" სასამართლოში გავეშებულია - არ შეგრჩებათ!"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, "ქართული ოცნება" თუ ასე გააგრძელებს, მათ მოუწევთ პერსონალური სანქციების მიღება და ხალხი დაინახავს, რომ ისინი არიან "ჩვეულებრივი თაღლითები". მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი არის შესაძლებლობა, რომ საშინაო და საგარეო ასპარეზზე "ძმრად ადინოს ყველა დარღვევა "ქართულ ოცნებას".

"ისინი ასწრებენ "ქართული ოცნების" მილევად ხელისუფლებაში ყოფნას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააღრმავონ თავისი "კლანის" ფესვები, მივმართავ პირველ რიგში მათ - არ შეგრჩებათ, არ შეგრჩებათ სასამართლოს თქვენთვის გადაფორმება, სასამართლო უნდა ემსახურებოდეს ქართველ ხალხს, მართლმსაჯულებას და არა თქვენს ინტერესებს, "ქართული ოცნების" ვიწროპარტიულ და ფულის კეთების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ხელი შეგიშალოთ. მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, სამოქალაქო სექტორს, ყველას, ვინც განცხადება გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა იურისტს, ყველა ადამიანს ვისაც სამშობლო უყვარს, უნდა გავერთიანდეთ და "კლანის" აღვირახსნილობა უნდა გავაჩეროთ ამ ქვეყანაში. პერსონალირად ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება", ივანიშვილით დაწყებული, კობახიძით გაგრძელებული, ყველა ის ადამიანი, რომელიც თაღლითურად ცდილობს, რომ რამენაირად გაიმაგროს ფესვები, მაგრამ მე ვეუბნები მათ, ეს "კლანი" რომელიც გგონიათ, რომ თქვენ გემსახურებათ, პირველი იქნება, ვინც თქვენ განაჩენს გამოგიტანთ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, არასდროს ამ უსამართლო მოსამართლეებს თქვენთან მიმართებაში საქმეს არ გადავაწყვეტინებთ, უცხოელ მოსამართლეებს ჩამოვიყვანთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში დასრულდეს. რაც შეეხება იმ ძალით პროცესს რაც "კლანს" აქვს ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი პერსპექტივა ამას არ აქვს. მოსამართლე ვერ იქნება "კლანის" მსახური, საქართველოში დადგება დრო, როცა მოსამართლე იქნება მართლმსაჯულების, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების მსახური და ამას ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მივაღწევთ,"- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.