"პუტინს რომ ბაიდენმა უთხრას გაიყვანე ჯარებიო, გაიყვანს? ზოგს ჰგონია, ამერიკა თუ დაუცაცხანებს რუსეთს, ის შეშინებული გაიქცევა, ასე არ ხდება!" - კვირის პალიტრა

"პუტინს რომ ბაიდენმა უთხრას გაიყვანე ჯარებიო, გაიყვანს? ზოგს ჰგონია, ამერიკა თუ დაუცაცხანებს რუსეთს, ის შეშინებული გაიქცევა, ასე არ ხდება!"

"საქართველო რომ ახსენონ, ამას რამე გარღვევა მოჰყვება? პუტინს რომ ბაიდენმა უთხრას გაიყვანე ჯარებიო, გაიყვანს ჯარებს? - არ გაიყვანს! ეს ბაიდენმაც მშვენივრად იცის", - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ "ინტერპრესნიუსს" ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, საქართველოს თვითმიზანი მსგავსი მაღალი დონის შეხვედრაზე ქვეყნის სახელის ხსენება კი არ უნდა იყოს, არამედ, ქვეყნის განვითარება.

"გვახსენებენ თუ არ გვახსენებენ, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის. რატომღაც აჩემებულია, რომ ყველგან უნდა გვახსენონ. უკრაინა რომ ახსენეს რატომ ახსენეს? - იმიტომ, რომ უკრაინაზე გადის ფრონტის ხაზი ამერიკა-რუსეთს შორის. როცა ფრონტის ხაზი გადის ქვეყანაზე და გახსენებენ, აქაც ხეირი არაფერია და არც ეგაა მაინცდამაინც კარგი.

პუტინსა და ბაიდენს სალაპარაკო თემები აქვთ, მაგალითად ჩინეთი, ირანის საკითხი, ბირთვული იარაღი საკითხი, ასევე, სტრატეგიული სტაბილურობა ორ ქვეყანას შორის, რაც მნიშვნელოვანია. ამ საკითხებთან რომ საქართველო ახსენოს ბაიდენმა, ამას რამე მოყვება? რაზე შეთანხმდებიან საქართველოსთან მიმართებაში? იცის ბაიდენმა, რომ პუტინი ჯარებს არ გაიყვანს. თუ ზრდილობის გამო ჩაიწერს, რომ საქართველო ახსენა, ამას არ იზამს.

თუ რამე კონკრეტული შეიძლება მოყვეს საქართველოს ხსენებას, მაშინ უნდა გვახსენონ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ჩვენს ხსენებას პუტინთან შეხვედრისას შედეგი მოყვება. უნდა მივიღოთ ის რეალობა, რომელიც არის. პატარა ბავშვებივით არ უნდა ვიყოთ, რომ ყველგან ჩვენ გვახსენონ. რეალისტები ვიყოთ, რომც გვახსენოს ბაიდენმა 100-ჯერ, პუტინი ჯარს არ გაიყვანს. საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის დრო არ დამდგარა და არც ასე მარტივად დადგება. რუსეთს თავისი მოთხოვნები ექნება დეოკუპაციის სანაცვლოდ. ეს მწარე რეალობა უნდა გავიაზროთ. ბევრს მოლოდინი აქვს, ამერიკა თუ დაუცაცხანებს რუსეთს, რუსეთი შეშინებული გაიქცევა. ასე არ ხდება, ფაქტია! მომენტს უნდა ველოდოთ და თუ მომენტი ჩავარდება დეოკუპაციას მივაღწიოთ. ამ მომენტს უნდა დავხვდეთ მომზადებულები. ახლა ეს მომენტი არ დგას, ფაქტია. დღეს და ხვალაც არ დადგება, მაზეგ, იმედია, დადგება", - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს და ამაზე ამერიკასა და რუსეთს შორის მსჯელობას, როგორც შარაშენიძე ამბობს, ეს რუსეთისთვის "წითელი ხაზია" და საქართველო აქაც მომენტის ჩავარდნას უნდა დაელოდოს.

"როცა ბაიდენი პუტინს ხვდება, ბაიდენმა კარგად იცის, რომ ის არ აპირებს ამ საკითხის განხილვას. ეს არის "წითელი ხაზი" მისთვის. აქაც უნდა ველოდოთ, როდის ჩაგვივარდება მომენტი, სხვა გზა ჯერჯერობით არ ჩანს. უკრაინა ჩვენზე უარეს მდგომარეობაშია ნატო-ში ინტეგრაციის მხრივ. ეს საერთოდ ზღაპარია, რომ უკრაინას რაღაც მისცენ. ერთი ტერიტორია უკვე წაართვა რუსეთმა და მიიერთა, მეორე ჩამოაჭრა და იქ ომი მიდის. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, რომ საქართველო მიიღონ ნატო-ში, მაგრამ იმ პირობით, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით, ვიდრე ტერიტორიები არ დაგვიბრუნდება. უკრაინასთან მიმართებაში მსგავსი ფორმულაც კი არ არსებობს. უკრაინის ხსენება ზელენსკის აწეული პიარია, პროპაგანდაა, რომ შიდა პოლიტიკური რეიტინგი აწიოს.

საქართველოს თემა ისედაც წამოწეულია, აძლევენ თანამშრომლობის პაკეტებს, მაგრამ პოლიტიკური ნაბიჯი გაწევრიანებისკენ არის მაპ-ი, რომელსაც ჯერ არ გვაძლევენ. რომ წამოწიოს თემა ჩვენმა მთავრობამ, რა მერე? 24 საათი თუ იმას დაველოდებით როდის გვახსენებენ უმაღლესი დონის შეხვედრებზე, ასე არაფერი გვეშველება. პირველ რიგში, ქვეყანა შიგნით უნდა დავალაგოთ. მერე ვუყუროთ ვინ როგორ გვახსენებს. ძლიერები და შემდგარი სახელმწიფო რომ ვიქნებით, მერე გვახსენებს ყველა და აქეთაც შეგვეხვეწებიან შემოდით ნატო-შიო", - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ჟენევაში პირველი შეხვედრა გაიმართა. ლიდერებს შორის ჟენევაში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა 4.5 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ ბაიდენმა და პუტინმა შეხვედრის თაობაზე ცალ-ცალკე გამართეს პრესკონფერენციები.