"ობამას პრეზიდენტობიდან მოყოლებული, ამერიკა სრულიად აუხსნელად თმობს თავის პოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის - ჩვენს რეგიონშიც" - კვირის პალიტრა

"ობამას პრეზიდენტობიდან მოყოლებული, ამერიკა სრულიად აუხსნელად თმობს თავის პოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის - ჩვენს რეგიონშიც"

"ქართული პოლიტიკური სპექტრი მორალურად დაბერდა..."

გასული კვირის მსოფლიო პოლიტიკის მთავარ თემად, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იქცა, რომლის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

- ჩვენ, დიდი ხანია, ვცხოვრობთ ვირტუალური საგარეო მოლოდინის პირობებში. დადგა დრო, ვაღიაროთ, რომ თუ გვინდა, სახელმწიფო გადავრჩინოთ, სწორედ რეალური პოლიტიკის თვალსაწიერიდან უნდა დავინახოთ და შევაფასოთ პროცესები, რეალური პოლიტიკა კი გვკარნახობს, რომ ბაიდენის პუტინთან შეხვედრის მთავარი თემა იყო ჩინეთი. განიხილეს ბირთვული შეთანხმებისა და განიარაღების საკითხები, იყო ლაპარაკი, რუსეთმა ხელი აიღოს მასშტაბურ კიბერშეტევებზე, ახსენეს რუსეთში დემოკრატიისა და ნავალნის თემა, ითქვა ისიც, რომ უკრაინის სიღრმეში რუსეთის შემდგომი ანექსია აღარ უნდა მოხდეს, თუმცა ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ დღეს აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი არის ჩინეთის შეკავება. აქ მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკურ ზრადაზე არ არის ლაპარაკი. სამწუხაროდ, პანდემიამ დარტყმის ქვეშ დააყენა მართვის დემოკრატიული მოდელი. ევროპის ქვეყნებშიც კი პანდემიასთან გამკლავების პირველმა თვეებმა ევროკავშირისა თუ ნატოს ეფექტიანობის მიმართ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ეს მაშინ, როდესაც ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ჰუმანიტარული დახმარებით თუ მართვის ავტოკრატიული მეთოდების წყალობით კოვიდს სწრაფად გამკლავებოდა და ამით დემოკრატიული მართვის სტილისთვის ალტრენატივა შეექმნა, რაც მანამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამიტომაც ეს სერიოზულ გამოწვევად იქცა აშშ-ისთვის. ის, რაც იყო მისი ნოუ ჰაუ, მისი მთავარი ბერკეტი და ხიბლი - მართვის დემოკრატიული სტილი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამიტომაც ამერიკისთვის ჩინეთთან კონკურეცია უკვე სხვა შრეებში გადავიდა.

რა თქმა უნდა, რუსეთის შეკავებაც რჩება აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, თუმცა ჩინეთის გათვალსწინებით, მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ბაიდენის ევროპული ვიზიტი დიდწილად ემსახურებდა ჩინეთთან საერთო პოლიტიკის შემუშავებას, იმას, რომ გაერკვია, ამ ფონზე რა როლი უნდა მიანიჭოს აშშ-მა ჩინეთს უახლოესი წლების საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში.

ბაიდენის პუტინთან შეხვედრის ერთ-ერთი ამოცანა ისიც იყო, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გარკვევის პარალელურად, გარკვეულიყო, შესაძლებელია თუ არა, ამერიკა რუსეთისგან მუდმივი რისკისა და საფრთხის წინაშე არ იყოს.

გავიხსენოთ - მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის ამბავი გაახმაურა, რუსეთისგან არაერთი, არნახული მასშტაბის კიბერშეტევა მიიტანეს ამერიკის ენერგეტიკულ ინფრასტრქტურაზე, რამაც ლამის ნახევარი აშშ ენერგომომარაგების გარეშე დატოვა.

ეს, რა თქმა უნდა, იყო რუსეთის გამიზნული ნაბიჯი. მან კუნეთები აათამაშა და სწორედ ამ შეხვედრის წინ ბაიდენს თავისი პოზიციები დაანახვა.

მოკლედ, დღეს აშშ-ის ამოცანაა, რუსეთთან ურთიერთობაში მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს სატაბილურობა. შესაძლებელია თუ არა ეს პუტინის მმართველობის პირობებში? იმედია, ბაიდენმა ამ კითხვაზე პასუხი მიიღო, პროგრამა-მაქსიმუმი კი გახლდათ ჩინეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების გარკვევა, იმიტომ, რომ რუსეთი და ჩინეთი ტაქტიკური პარტნიორები კი არიან სხვადსხვა საკითხში, მაგრამ ისინი სტრატეგიული მოკავშირეები ვერ იქნებიან, რადგან რუსეთს ძალიან ეშინია ჩინური ექსპანსიის, განსაკუთრებით - საზღვირისპირა რაიონებში.

მოკლედ, ეს შეხვედრა ემსახურებდა პოზიციების მოსინჯვას - რას შეიძლება ელოდოს ამერიკა რუსეთისგან ჩინეთთან დაკავშირებით.

როგორც ბაიდენმა თქვა, ამ შეხვედრის შედეგების მიღებას დრო დასჭირდება. ვნახოთ, იმედია, ამ შედეგებს ყველა ვნახავთ....

- ბაიდენ-პუტინის შეხვედრას წინ უსწრებდა ნატოს სამიტი, რომლის კომუნიკეში კიდევ ერთხელ ჩაიწერა, რომ უკრაიანისა და საქართველოსთვის ევროატლანტიკური სტრქუტურის კარი კია ღია, მაგრამ კონკრეტულად როდის მიგვიპატიჟებენ, ეს საკითხი ისევ ბურუსით არის მოცული... - რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მასში გაწევრებას უამრავი ბარიერი ეღობება, ამიტომ ყველაფერი სწორედ რეალური პოლიტიკის პრიზმაში უნდა დავინახოთ და ყოველდღიურად, რუტინულად ვიმუშაოთ ამის მისაღწევად.

ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ და მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა გადადგეს ძალიან კარგი ნაბიჯი, როდესაც სწორედ ნატოს სამიტის წინ პარლამენტმა ერთიანი მიმართვა მიიღო, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დაგვიანდა. მე მას უკან მიდევნებული ლამპარი ვუწოდე, რადგან ზუსტად სამიტის წინ ასეთ განცხადებას ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვებოდა. ეს უნდა გაკეთებულიყო 6 თვის წინ მაინც. ამას ნაწილობრივ ხელი შეუშალა იმანაც, რომ პარლამენტმა სრულფასოვანი მუშაობა დროულად ვერ დაიწყო.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქრათველოში უკრაინის პრემიერის ვიზიტი და მისი და ჩვენი პრემიერის ერთობლივი განცხადებები. ასევე მნიშვნელოვანი განცხადებები მოვისმინეთ ამერიკელი კონგრესმენებისგან, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, თუ არ გვინდა, რომ პროცესები ისევ ამერიკას მოუბრუნდეს ცუდად, დროა, ნატოში უკრაინის და საქართველოს გაწევრებაზე ვიფიქროთო, თუმცა ეს განცახდებებიც დაგვიანდა.

მაქვს იდეა, სქართველოსა და უკრაინის ინიციატივით გაკეთდეს ერთგვარი საპარლამენტთაშორისო ლობისტური ჯგუფი, რომელშიც შევლენ ნატოს წევრი ქვეყნების დეპუტატები, კონგრესმენები, გავლენიანი ექსპერტები, გადამდგარი თანამდებობის პირები, ვისთან ერთადაც იმუშავებენ საქართველოსა და უკარაინის ხელისუფლებები ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობასთან საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხებზე.

კიდევ ერთიც - შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხების რეგიონული ფორმატები. მაგალითად, უმნიშვნელოვანესი მგონია საქართველოს, უკრაინისა და თურქეთის ერთგვარი რკალის შექმნა შავ ზღვაზე. ამ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების თავმოყრა დაიწყო, თურქეთმა როგორც სიტყვიერი, ისე მატერიალური დახმარება აღუთქვა უკრაინას, რითაც რუსეთის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ეს ფაქტიც აჩვენებს, რა მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს შავ ზღვაში უსაფრთხოების ახალი კონგლომერატის შექმნა. ეს ვერ ჩაანაცვლებს ნატოს, მაგრამ ჩვენთვის უსაფრთხოების ზღუდედ შეიძლება იქცეს, მით უფრო, რომ ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია ერდოღანის იდეა "ექვსთა კავშირის" თაობაზე, რომელშიც მთავარ როლს შეასრულებენ თურქეთი, რუსეთი და ირანი.

ამგვარ ფორმატში მონაწილეობა საქართველოსთვის ნიშნავს დასავლეთისგან გამიჯვნას, რაც მეტისმეტად სარისკოა. სხვადასხვა ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტისას ერდოღანმა ეს წინადადება კიდევ ერთხელ შესთავაზა საქართველოს პრემიერს, როგორც ამბობენ, ისეთი რაკურსით, თითქოს ეს იქნება საქართველოს რუსეთისგან დაცვისა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ფორმატი.

ვფიქრობ, საქართველომ ამ ფორმატში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, თუმცა ამის ალტერნატივად შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველოს, თურქეთისა და უკრაინის სამკუთხედი. მოკლედ, სასწრაფოდ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოების ახალ ფორმატებზე. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ჩინეთის გაძლიერებაც - მან 400 მილიარდის ინვესტიცია ჩადო ირანში. აშშ-ს ტყუილად არ ეშინია ჩინეთის გავლენის გაძლიერების. ის უპრეცედენტო ეკონომიკური შესაძლებლობებით შევიდა არა მხოლოდ აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, არამედ - სამხრეთ ამერიკაშიც კი. ირანში ამხელა ინვესტიცია ნიშავს, რომ ჩინეთი ცდილობს, ფეხი მოიკიდოს ახლო აღმოსავლეთშიც, სადაც აშშ სულ უფრო სწრაფად კარგავს გავლენას.

ჩინეთის ინტერესები კავკასიის მიმართაც მზარდია, ასე რომ, ჩვენ სრულიად სხვა ეპოქაში გადავედით, როდესაც საგარეო პოლიტიკაში სრულიად ახალი პარადიგმები შემოდის. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ის არის, რომ სირაქმლემას პოზა ავირჩიოთ და ეს მნიშვნელოვანი პროცესები არ შევიმჩნიოთ. ჩვენ გარშემო ძლიერი ქარტეხილი ატყდა, რომელიც კვლავაც გაგრძელდება. თუ დროულად არ დავიწყეთ ჩვენი ინტერესების პოზიციონირება და ჩვენვე არ მოვხაზეთ უსაფრთხოების ზღუდეები სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორობით, დიდია ალბათობა, რომ სხვა ქვეყნების ამბიციებმა გადაგვიყოლოს.

- თქვენ ახსენეთ აშშ-იდან თუ ევროპიდან ბოლოდროინდელი ვიზიტები და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდამჭერი განცახდებები. ამის და, მით უფრო, ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ რეგიონში შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, იყო მოლოდინი, რომ როგორც ნატოს სამიტზე, ისე - ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე, საქართველოს მეტი ყურადღება მიექცეოდა... ეს ჩვენი ხელისუფლების ინერტულობის და არასწორი გზავნილების ბრალიც ხომ არ არის? - რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ჩვენი ბრალიც არის - სამწუხაროდ, ხშირად ძალიან დაგვიანებულ ნაბიჯებს ვდგამთ ან ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ არ ვაფასებთ - მაგრამ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით

ჩვენ თუ პასიურები ვიყავით, სამაგიეროდ, უკრაინა იყო ზეაქტიური. ბოლო ორი თვის განმავლობაში ზელენსკი პირდაპირ ულტიმატუმის ენით ელაპარაკებოდა ბაიდენს, მაგრამ რა მიიღო შედეგად?

საქართველოსგან განსხვავებული და განსაკუთრებული არაფერი, თუ არ ჩავთვლით, რომ ბაიდენ-პუტინის შეხევდრისას უკრაინა ახსენეს. მოკლედ, ბევრ რამეს ჩვენს პასიურობასაც ვერ დავაბრალებთ. ჩემი აზრით, ეს უფრო აშშ-ის პასიურობის გამოძახილია. ობამას პრეზიდენტობიდან მოყოლებული, ამერიკა სრულიად აუხსნელად თმობს თავის პოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის - ჩვენს რეგიონშიც. დასავლეთმა პუტინის ასეთი აგრესიული, შემტევი და ეპატაჟური პოლიტიკის საპირწონედ დღემდე ვერაფერი მოიფიქრა. სანქციები, რომლებსაც რუსეთს უწესებენ, ისეთი არაპროპორციულია, რომ მათი საშუალებით რუსეთის შეკავება ვერ ხერხდება, ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტეგრაცია კი ისეთი მაღალია, უფრო მწყობრი და შემტევი საგარეო პოლიტიკისთვის დღეს დასავლეთი, სამწუხაროდ, მზად არ არის. რეიგანის, თეტჩერისა და კოლის ძლიერი პოლიტიკის ეპოქა წარსულს ჩაბარდა და როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ცდა, ვიდრე დასავლეთში კვლავ ასეთი ლიდერები გაჩნდებიან.

- იმისთვის, რომ საგარეო გამოწვევებთან გამკლავება შევძლოთ, უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში სტაბილურობა. 2020 წლის არჩევნების შემდეგ შექმნილმა ვითარებამ აჩვენა, რომ ჩვენთან სტაბილური განვითარების პროცესი ძალიან მყიფეა და ნებისმიერ დროს შეიძლება შეიქმნას კრიზისი. ქვეყანა ისევ საარჩევნო პროცესში ერთვება. ელით, რომ ეს პროცესი მშვიდად წარიმართება? - პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მირალურად დაბერდა, გაცვდა... ამაში პოლიტიკოსთა მორალს კი არ ვგულისხმობ, არამედ - მათი რესურსებისა და ენერგეტიკისგან დაცლას. ეს შეეხება როგორც ხელისუფლებას, ასევე - ოპოზიციას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთგვარი ტაიმ-აუტი ავიღე ოპოზიციის კრიტიკაზე, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა მართლაც მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არანაკლებ უსარგებლოა ამ ქვეყნის განვითარებისთვის, ვიდრე - ხელისუფლება. ამიტომაც არის ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე. რეალუარი, ძლიერი, კვალიფიციური ალტერნატივა თითქმის არ ჩანს პოლიტიკურ სპექტრში, ეს კი იწვევს ამომრჩევლის იმედგაცრუებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ძველ დროში ჩარჩა და ფეხი ვერ აუწყო ახალ გამოწვევებსა და მოთხოვნებს, რასაც ქმნის არა მხოლოდ ქვეყანაში შექმნილი გარემო, არამედ ინფორმაციის გავრცელების საშუალებების გლობალური ტარნსფორმაცია, სოციალური ქსელები, იმიჯის ფორმირებისა თუ ნგრევის ახალი პარადიგმები, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ, ინტერაქტიულ ფორმებს მოითხოვს. იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფრისთვის ფეხი აეწყოთ, საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტნენ. გამაოგნებელია, რა თემები გვესმის მათგან, ხალხის პრობლემები კი ყურადღების მიღმა რჩება. ადრე ვამბობდით ხოლმე, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდები ხელისუფლებაში ყოფნის მე-7-მე-8 წელს პარალელურ რეალობაში ინაცვლებდნენ, სადაც, თავიანთ მედიასაშვალებებთან ერთად ცალკე არსებობდნენ და ხალხი ცალკე რჩებოდა. დღეს მივიღეთ უცნაური მოცემულობა, როდესაც ხალხი სხვაგან ცხოვრობს და ოპოზიცია - სხვაგან. ეს დამღუპველია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ თუ ხელისუფლების ალტერნატივა არ გამოჩნდა, უფრო მეტად ჩავეფლობით ჭაობში.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ვინმე საგნობრივად საუბრობს ამაზე ან ემზადება? საერთოდ სისტემაა შესაცვლელი. ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრი უნდა გაერთიანდეს ლოზუნგით: "მაქსიმალური დეცენტრალიზაცია და ძალაუფლება ადგილებზე!" გადაწყვეტილების მიღების ცენტრები უნდა გადავიდეს მუნიციპალიტეტებში, თემებში... ეს მოსპობს ავტორიტარიზმს ქვეყანაში და კონფლიქტებსაც შეამცრებს.

"ქართული ოცნების" მთავარ საზრუნავად იქცა, რომ მომავალ არჩევნებში როგორმე აიღოს 43%, მაგრამ საკითხავია, ოპოზიციის ნაწილს უნდა და აწყობს კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? პარლამენტში შესული პოლიტიკური ძალების უმრავლესობას აღარც რესურსი აქვს, არც ენერგეტიკა და ავტორიტეტი იმისთვის, რომ ვადამდელ არჩევნებზე ისეთი მხარდაჭერა მაინც მიიღოს, როგორიც 2020 წელს მიიღო. ამიტომაც, ვფიქრობ, იქ შესული პარტიების დიდ ნაწილს სულაც არ უნდა, რომ ეს პარლამენტი დაიშალოს.

- განხილვის თემად იქცა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი. თუ გავითვალისწინებთ მისი პოლიტიკური აქტიურობით უცხოელების დაინტერესებას, აქვს მის ახალშექმნილ პარტიას რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივად ქცევის შანსი? - გახარია საინტერესოა რამდენიმე ფაქტორით. უპირველესად იმიტომ, რაც თქვენ ბრძანეთ - აშკარად დიდია გახარიასა და მისი პოლიტიკური ძალისადმი დასავლელი პარტნიორების ინტერესი. ორი დღის წინ ვხუმრობდი, გახარია პრემიერის რანგში არ შეხვედრია ამდენჯერ უცხოელებს, რამდენჯერაც ოპოზიციონერის ამპლუაში ხვდება-მეთქი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ჩვენი ყოფილი ელჩის, ნატალია საბანაძის დამსახურებაა, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში დიდი ნდობით სარგებლობს, ან შეიძლება ლობისტებიც დაიქირავეს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მის მიმართ ინტერესი რეალურია. ბრიუსელში წასვლამდე, აგერ, საქართველოში, ფილიპ რიკერი შეხვდა გახარიას, მის დასაცავად კი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰარცელმა განცხადება გააკეთა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც გახარიაზე ამოსდით მზე და მთვარე, მაგრამ აშკარაა, რომ დასავლეთიც, ქართველი ხალხისა არ იყოს, ხელის ცეცებით ეძებს საქართველოში ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სტაბილური პარტნიორის იმიჯი ექნება, ვითარების სასიკეთოდ შეცვლას შეძლებს და, ამასთანავე, ცვლილების შემთხვევაში, ქვეყანაში სტაბილურობასაც შეინარჩუნებს. ამ თვალსაზრით სიამოვნებით დაელაპარაკებიან ყველა ახალ, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ძალას.

მოკლედ, გახარიასადმი არსებობს ინტერესი, გარკვეული იმედიც. როგორ გაამართლებს ამ ყველაფერს, მხოლოდ მასზე და მის პოლიტიკურ გუნდზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, გახარიას პოლიტიკური გუნდი დღეს უფრო ქამელეონია. ამომრჩეველმა ჯერ ვერ გაარკვია, რა პოზიცია აქვს ამ გუნდს და რომელი ნიშის დაკავებას აპირებს. ჩანს, გახარიას სურს, ბიძინა ივანიშვილს თავი შესთავზოს, როგორც დღევანდელი "ოცნების" უკეთესმა ალტერნატივამ - მისი ინტერვიუებიდან ეს გამოიკვეთა, მაგრამ, ამასთნავე, "ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა, გახარია ოპოზიციური ამომრჩევლის ფლანგზე გადაიყვანოს, თუმცა ის ჯერჯერობით კატეგორიულად არ მუშაობს ოპოზიციის ამომრჩევლის მისამხრობად, სამაგიეროდ, მუშაობს "ქართული ოცნების" ამომრჩევლის გადასაბირებლად... თუ მმართველმა პარტიამ სერიოზულად "მოჭიმა" თავისი ამომრჩეველი და ადმინისტრაციული რესურსი, გახარიას მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება. ბიძინა ივანიშვილის განცხადების მთავარი მიზანი ხომ სწორედ ის იყო, რომ ადმინისტრაციული სტრუქტურებიდან მომხრეთა გადინება შეეკავებინა.