"ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გადამწყვეტი დედაქალაქისთვის ბრძოლა იქნება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გადამწყვეტი დედაქალაქისთვის ბრძოლა იქნება"

"ნაცმოძრაობამ" თავისი გაუგებარი მოქმედებით დაკარგა ამომრჩეველი და მელიას რეიტინგი დღეს გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე დაპატიმრებამდე იყო. "ლელოს" ვარიანტი ყველაზე კარგია იმისთვის, რომ არანაციონალური ოპოზიცია ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდეს, მაგრამ "დიმიტრი გელოვანის" მოძებნა გაჭირდება. ამ ექვსმა თვემ ოპოზიცია უფრო აზარალა, ვიდრე - "ქართული ოცნება"...

რას მოგვიტანს ადგილობრივი არჩევნები? - ამ თემაზე ვიმსჯელებთ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან ერთად.

- შარლ მიშელის დოკუმენტი და მასზე ხელმოწერა მიზნად ისახავდა არა მარტო იმას, რომ პოლიტიკური ძალები პარლამენტში შესულიყვნენ, არამედ იმასაც, რომ თანამშრომლობა მოეხერხებინათ. მართალია, პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, დაპირისპირებამ რუსთაველის მოედნიდან შენობაში გადაინაცვლა. სხვა ცვლილებებს ვერ ვხედავ და ადგილობრივი არჩევნები, რადგან ის სწორედ რიგგარეშე არჩევნებთან არის დაკავშირებული, დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.

თუ ხელისუფლება 43%-ს მიიღებს, ალბათ, ოპოზიცია ისევ ჩათვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ რადიკალურ ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდები, მით უმეტეს, რომ ჯერჯერობით ოპოზიცია მაინც ცალ-ცალკეა.

- ხშირად მედიაც, პოლიტიკოსებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებენ 43%-იან ბარიერზე, რომელიც უნდა გადალახოს ან ვერ გადალახოს "ოცნებამ", არადა, ამ არჩევნებისას უნდა ავირჩიოთ მოხელეები, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებს მოაგვარებენ. ამომრჩეველმა ხმა ამის მიხედვით უნდა მისცეს ამა თუ იმ კანდიდატს და არა იმიტომ, რომ თუ ოპოზიციას ავირჩევთ, "ოცნება" 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ოპოზიციის მიდგომა კი სწორედ ასეთია და ამას "ოცნებაც" ახალისებს. ხომ შეიძლება ასეთი ვითარებით გაღიზიანებულ ამომრჩეველთა უმრავლესობა არც კი მივიდეს არჩევნებზე? - ხალხი თავისი პრობლემებით ცხოვრობს, პოლიტიკური სპექტრი - თავისით. ეს დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და დღემდე გრძელდება. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტიურობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისებურება არის ის, რომ ის ძალიან ხალხმრავალია, ანუ უამრავი პოლიტიკური ძალა და სუბიექტი მონაწილეობს და პატარ-პატარა რაიონებში ყველამ თავისი სამეგობრო თუ სანათესავო რომ მიიყვანოს, ელექტორატის 60-70% შეგროვდება. ამ არჩევნებზე ეს სქემა უფრო მუშაობს, ვიდრე იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც რაღაცას გააკეთებს. გარდა ამისა, ჩვენი თვითმმართველობის სისტემა მაინც კოჭლია. მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად, არაფერი წყდება. ეს იცის ამომრჩეველმაც და პოლიტიკოსმაც და დამოკიდებულებაც სხვაგვარია.

გულწრფელად რომ გითხრათ, არც მახსენდება, ამ 30 წლის განმავლობაში რომელიმე მუნიციპალიტეტში აღმასრულებელ ხელისუფლებაში ოპოზიციის წარმომადგენელი მოსულიყოს. დღეს, თუ რამის დაპირებაა, გვპირდება ხელისუფლება, მაგრამ თუ არჩევნებში სხვა პარტია გაიმარჯვებს, მისთვის მიუწვდომელი იქნება ყველანაირი რესურსი, ფინანსურიც და პოლიტიკურიც, ამიტომ, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერაფერს გააკეთებს. ამ პრობლემას ხედავს ამომრჩეველი და ურჩევნია, ხელისუფლების მხარდამჭერი იყოს.

ჩვენ დღემდე არ გვაქვს რეალური თვითმმართველობა. როცა გვექნება, მაშინ პოლიტიკოსიც და ამომრჩეველიც სხვაგვარად იფიქრებენ. დღეს, კი ბატონო, პრობლემებზე ილაპარაკებენ, მაგრამ პოლიტიკური ძალების (თუმცა, ვფიქრობ, ყველასი - არა, რადგან რაღაც გრადაცია მართლაც შეინიშნება) მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ ხელისუფლებამ ხმების 43% ვერ აიღოს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, რაც ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში არასტაბილურობის განცდას ქმნის.

- ცალკე თემაა ბრძოლა თბილისისთვის. ვინ შეიძლება იყოს კალაძის კონკურენტი? თუ ოპოზიციას მართლაც უნდა თბილისში არჩევნების მოგება, ხომ არ აჯობებს, რომელიმე ოპოზიციურმა ლიდერმა ითავოს ოპოზიციის კანდიდატობა? - როცა მუნიციპალურ არჩევნებზე ვლაპარაკობდი, უნდა დამეზუსტებინა, რომ თბილისი გამონაკლისია. რაზეც მე გელაპარაკეთ, ძირითადად, ეხება რეგიონებს. თბილისი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალისათვის, ამიტომ ერთ-ერთი გადამწყვეტი დედაქალაქისთვის ბრძოლა იქნება. რაც შეეხება კანდიდატებს, დღეს თუ ვინმეა რეიტინგული ოპოზიციაში, არის ნიკანორ მელია, "ოცნებას" კი ამ თანამდებობაზე კალაძის ტოლფასი კანდიდატი არ ჰყავს. ის ყველაზე რეიტინგული და გამოცდილია. ეს ოთხი წელი კალაძე შეიძლება იდეალური არ იყო, მაგრამ მან მაინც შეძლო, ყველაზე ნაკლები კრიტიკა დაემსახურებინა - ვგულისხმობ მედიასაშუალებებსაც და ოპოზიციასაც. მელია და კალაძე თუ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, პარადოქსული სიტუაცია შეიქმნება - ცალკეულ რაიონებში, ისანი იქნება, გლდანი თუ სხვა, კალაძე მელიას ვერ მოუგებს, მაგრამ თბილისში მელია ვერ მოუგებს კალაძეს. გარდა ამისა, იმუშავებს მეორე ფაქტორიც. თუ "ნაცმოძრაობა" მთელ საქართველოში დააყენებს მერობის კანდიდატებს, თითქმის ყველგან პირველ-მეორე ადგილზე გავლენ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" და, ძირითადად, ისევ "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდება. მიზეზი ის გახლავთ, რომ მთელ ოპოზიციას აქვს ხმების 60%, ოცნებას - 40%. ასეთი თანაფარდობა მნიშვნელოვანია მრავალპარტიულ არჩევნებში, მაგრამ როდესაც ორი კანდიდატი რჩება, ოპოზიციის 60% ერთი მიმართულებით არ მიდის, სხვაგვარად ნაწილდება. ამასთან, "ნაცმოძრაობამ" თავისი გაუგებარი მოქმედებით დაკარგა ამომრჩეველი და მელიას რეიტინგი დღეს გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე დაპატიმრებამდე იყო. "ლელოს" ვარიანტი ყველაზე კარგია იმისთვის, რომ არანაციონალური ოპოზიცია ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდეს, მაგრამ "დიმიტრი გელოვანის" მოძებნა გაჭირდება. ამ ექვსმა თვემ ოპოზიცია უფრო აზარალა, ვიდრე - "ქართული ოცნება".

ოპოზიციამ მოსახლეობას რადიკალიზმი შესთავაზა, ხალხის განწყობა კი ასეთი არ იყო, ამიტომ ამ ექვსი თვის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ შეძლეს მასშტაბური აქციის გამართვა.

ახლა ცოტა გამოცოცხლდა არანაციონალური ოპოზიცია, თუნდაც იმით, რომ თავს შორს იჭერს "ნაცმოძრაობისგან", თუმცა მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამდე ელექტორატი მათ აღიქვამდა, როგორც ერთ ძალას. აი, ამიტომ ადგილობრივ არჩევნებზე რომელიმე ლიდერი ვერ იქნება ერთიანი კანდიდატი და ის ვერც მხარდაჭერას მიიღებს. ამაზე მაშინ უნდა ეზრუნათ, როდესაც სიტუაცია შედარებით მარტივი იყო.

კი ბატონო, ეს პატარა პარტიები ყოფილიყვნენ რადიკალები, მაგრამ ცალკე მდგარიყვნენ, შეექმნათ ცალკე გუნდი, ანუ ერთიანი ოპოზიცია კი არა, ორად გაყოფილი ოპოზიცია ყოფილიყო, მაგრამ ამ გზით არ წავიდნენ და ამან მთელ ოპოზიციას ქულები დააკარგვინა. ეს პოლემიკა - მოაწერენ თუ არა ხელს მიშელის დოკუმენტს, "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

მას ადმინისტრაციული რესურსი და ხელისუფლების ფაქტორი ყოფნის, რომ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვოს და სულაც არ აძლევს ხელს იმ პრობლემებზე ლაპარაკი, რომლებიც აქვს მოსახლეობას. თუ ოპოზიცია ამას დროზე არ მიხვდება, ისევ დამარცხდება. ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა და თუ ასე გააგრძელებენ, ცუდი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.

- შეიძლება, ოპოზიციასაც, გარდა "ნაცმოძრაობისა", დიდი სურვილი არ ჰქონდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს? ბოლოდროინდელმა კრიზისმა ხომ პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციას შეუწყო ხელი, მათ შორის - "ნაცმოძრაობისაც" და შეიძლება რიგგარეშე არჩევნებში ნაკლები ხმა აიღონ, ვიდრე 2020 წლის 31 ოქტომბერს, ოღონდ ახლა ამ ოპოზიციურ თაიგულს ვასაძისა და გახარიას პარტიებიც დაემატება... - მართალი ბრძანდებით, პარტიების დისტანცირება დაიწყო. მაგრამ გახარია და ვასაძე რომც დაემატოთ, მათი ამომრჩეველი ვინ არის? სწორედ პატარა ოპოზიციური პარტიებისა და "ქართული ოცნების" ელექტორატის ნაწილი, ამიტომ ამ პარტიებს ნამდვილად არ აძლევთ ხელს რიგგარეშე არჩევნები.

დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი მათგანი იმდენ ხმას ვერ აიღებს, რამდენიც ოქტომბერში აიღო. განსაკუთრებით ეს ეხება "ევროპულ საქართველოს", რომელიც, ალბათ, 1%-იან ბარიერს გადალახავს, მაგრამ არა მგონია, მეტი გაქანება ჰქონდეს.

როგორც ჩანს, სხვა პოლიტიკური პარტიებიც გამოჩნდებიან, მაგალითად, ელენე ხოშტარია და ანა დოლიძე. არ მგონია, რომელიმე მათგანმა თუნდაც 1%-იანი ბარიერი გადალახოს, მაგრამ ხმების ნაწილს ხომ წაიღებს? და ეს სწორედ ამ პატარა პარტიების ამომრჩეველთა ხმები იქნება. როგორც გითხარით, ეს პარტიები თავიდანვე ცალკე რომ ყოფილიყვნენ, ამომრჩეველს არ დაკარგავდნენ. ამიტომ არ მგონია, მათ ხელს აძლევდეს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამას, ალბათ, ხმამაღლა არ განაცხადებენ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ დღეს "ოცნებაშიც" ორი პოლუსია. კობახიძის, თალაკვაძის, კალაძის გარემოცვას რიგგარეშე არჩევნები ხელს არ აძლევს, ღარიბაშვილს - პირიქით, რადგან მას სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, საშუალება მიეცემა, ახალი სია თვითონ დააკომპლექტოს.

- შესაძლოა, რაღაც დაპირისპირებები იყოს, მაგრამ არ მჯერა, რომ "ქართული ოცნება" ორპოლუსიანია. ამ პარტიაში არის ერთი პოლუსი და რამდენიც უნდა ამტკიცოს ვინმემ, რომ ივანიშვილი გასულია თამაშიდან, ასე არ არის. თუ ივანიშვილი იტყვის, რომ კობახიძე არ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე, ის არც იქნება თავმჯდომარე. აღარაფერს ვამბობს ღარიბაშვილზე - თუ ღარიბაშვილს ივანიშვილი უჭერს მხარს, ჩათვალეთ, რომ უმრავლესობა ჰყავს ღარიბაშვილს, ხოლო თუ მხარს არ უჭერს, მაშინ - კობახიძეს. პარლამენტის უმრავლესობაშიც ხომ ასეთი განწყობაა! იქ არ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ღარიბაშვილს ან კობახიძეს ჰყავთ გუნდი, რომელიც მათ გაჰყვება. არც ერთს არ ჰყავს ასეთი გუნდი. შეიძლება ერთი-ორი კაცი ან სამეგობრო იყოს გამორჩეულად ერთგული, მაგრამ უმრავლესობა, ძირითადად, ფიქრობს იმაზე, რას ფიქრობს ივანიშვილი. ამის ნათელი დადასტურებაა მისი ბოლო ღია წერილი, რომელიც ეძღვნებოდა გახარიას, მაგრამ არამხოლოდ მას.