"მიშაზე გაცილებით მეტი გავლენა მაქვს უკრაინულ პოლიტიკაში. უბრალოდ, არ მიყვარს საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემებს ქმნის სააკაშვილი იქ" - კვირის პალიტრა

"მიშაზე გაცილებით მეტი გავლენა მაქვს უკრაინულ პოლიტიკაში. უბრალოდ, არ მიყვარს საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემებს ქმნის სააკაშვილი იქ"

"მიშა მარცხის ფორმულაა!"

"მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ისინი - მხოლოდ პერსონალურ იდეებს და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით სააკაშვილი", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მას ვერავინ იყიდის. "ძალიან ვწუხვარ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ასეთ იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს. საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშასა და ბიძინას ბრძოლის გამო... ხალხს შია, სახელმწიფოს ვალი აქვს, ვერ ვითარდება და ამაზე პასუხი ჩვენ უნდა გავცეთ. მე რომ არ მშია და ამისთვის არ ვაკეთებ, კარგად იციან მიშამაც და მისმა თანაგუნდელებმაც".

"რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პოროშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც... არა უშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორემ მერე, გაჭირდება ეგ ამბავი", - წერს სააკაშვილი სოცქსელში.

- "ნაცმოძრაობის" წევრებს ჰგონიათ, რომ გამლანძღავენ, მოღალატეს დამიძახებენ, მათთან მაინც ვითანამშრომლებ. როცა მესამე ცენტრზე ვლაპარაკობდი, მეკითხებოდნენ, რატომ არ ვაპირებდი თანამშრომლობას "ნაციონალებთან". იმიტომ არ ვაპირებდი, რომ ერთი და იმავე სტრატეგიით არჩევნების მოგება შეუძლებელია. "ნაკლები მიშა" არის გამარჯვების ფორმულა, "მეტი მიშა" არის მარცხის ფორმულა. მთელი საქართველო ასე ფიქრობს.

- ზოგიერთი თქვენი კოლეგა სვამს კითხვას, მაშინაც ასე ფიქრობდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობის" კანდიდატის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდაო? - გრიგოლ ვაშაძე "ნაცმოძრაობის" კი არა, ბლოკის "ძალა ერთობაშია" კანდიდატი იყო. ამ ბლოკის წევრი იყო ჩემი პარტიაც. "ნაციონალებმა" თავად მთხოვეს შტაბის ხელმძღვანელობა. დავთანხმდი და პირველ ტურში ძალიან მაგარი შედეგიც მივიღეთ. მეორე ტურში წაგების მთავარი ფაქტორი სააკაშვილი იყო, რომელიც ვერაფრით გავაჩერეთ და გავაჩუმეთ. გრიგოლ ვაშაძეს, ფაქტობრივად, წაართვა საარჩევნო კამპანია. ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა "ოცნება" და ტელეიმედი. შედეგად 60-ით 40-ზე დამთავრდა მეორე ტური.

ამ მარცხის შემდეგ ორი წლის განმავლობაში კიდევ ვცდილობდი მათთან მუშაობას და გონს მოყვანას, მაგრამ რომ მივხვდი, მაგათი გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა, ჩავიქნიე ხელი. ყველა, ვინც სააკაშვილის გზას დაადგება, მარცხისთვის არის განწირული, იმიტომ, რომ საკუთარი თავის იქით ვერავის ხედავს... მე სააკაშვილს კი არ ვუპირისპირდები, სიმართლეს ვამბობ, რათა ივანიშვილი დავამარცხო. სიმართლე კი ის არის, რომ ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის ერთადერთი მაშველი რგოლი ისევ სააკაშვილი იქნება. თუ ისევ ძველებურად ჰიპერაქტიური იქნება, მისი შიშით ხალხი ისევ "ქართულ ოცნებას" მისცემს ხმას.

- ამას თავად ვერ იაზრებს? - რა გითხრათ, იმდენჯერ მაქვს მასთან ამ თემაზე ნალაპარაკები, დავიღალე უკვე. თითქოს შევთანხმდებოდით სხვა ტიპის სტრატეგიაზე და მერე ისევ ფაქტის წინაშე გვაყენებდა. საბავშვო ბაღი ხომ არ არის? იმდენჯერ მომატყუა და გადამაგდო, ვეღარც ვითვლი. ეს ძალიან კარგად იციან "ნაცმოძრაობაში". სააკაშვილის კიდევ ერთი დიდი ზღაპარი ის არის, რომ ჩემზე ამბობს, უკრაინაში მლანძღავსო. უკრაინაში მასზე ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ მითქვამს. უბრალოდ, ყველა თავისი გაფუჭებულობიდან განსაზღვრავს სხვას.

- თუმცა თქვენ უკრაინაშიც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით. - ეს რა შუაშია? უკრაინაში სააკაშვილს არ ჩავუყვანივარ, მასზე გაცილებით მეტი გავლენა მქონდა და დღემდე მაქვს უკრაინულ პოლიტიკაში. უბრალოდ, არ მიყვარს საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემებს ქმნის სააკაშვილი უკრაინაში, იმიტომ, რომ ეს საქართველოს არ ეხება.

- ასეც ვერ ვიტყვით, სააკაშვილმა გავლენა მოახდინა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე. დღეს როგორია სააკაშვილის გავლენა უკრაინულ პოლიტიკაში? - საკმაოდ სუსტი და მყიფე, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

- გრიგოლ ვაშაძე ფრაქციაში თქვენ მიიწვიეთ? - დიახ, შევხვდი, ვისაუბრეთ და დამთანხმდა, რომ ფრაქციის შექმნაში დამხმარებოდა. ჩვენი მოსაზრებები 90%-ით ემთხვევა ერთმანეთს, ჩვენ ვენდობით ერთმანეთს. 2012 წლის შემდეგ ოპოზიციას ყველაზე მაღალი შედეგი ვაშაძეების ტანდემმა მოუტანა. ახლა უფრო მეტად სჭირდება კარგი შედეგი, უფრო სწორად, საუკეთესო, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ძალიან სახიფათო გზას დაადგება, შესაძლოა ისეთ გამოუვალ ჩიხშიც შევიდეთ, რომ გამოსვლა შეუძლებელი გახდეს.

ქვეყანას მართავს ძალა, რომელმაც დაამშია მოსახლეობა, რომელიც უკუსვლისა და შიმშილის სინონიმი გახდა. "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელმაც მიზანმიმართულად გაყინა ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ინიციატივა, შევთანხმდებით ექსპერტებთან, ვითანამშრომლებთ ასევე უკრაინულ ოპოზიციასთანაც. გვექნება ბევრი კონკრეტული ნაბიჯი, რაც დააჩქარებს ამ ხელისუფლების მიერ გაყინულ პროცესს. ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები ელჩების პირით გვეუბნებიან, რომ იმედგაცრუებული არიან.

- რას გულისხმობთ?

- თუნდაც კელი დეგნანის განცხადებას. უკიდურესად იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც არ პასუხობს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას. ჩვენ ამ კლანს აუცილებლად დავუსრულებთ სიცოცხლეს და აღმოვფხვრით იმ უბედურებას, რასაც ისინი აკეთებენ. ეს ხალხი მათრახებს იმსახურებს. მიშელის შეთანხმება არის დოკუმენტი, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი ჩვენც და "ოცნებასაც", ევროპული და ამერიკული ბეჭედი აქვს დასმული. ვინც ამ ბეჭედს და შეთანხმებას შეეწინააღმდეგება, სანაგვეზე აღმოჩნდება!

ჩვენ ვხედავთ, "ქართული ოცნებისა" და კლანის აღვირახსნილობას და ძალიან სწორი ტაქტიკით დავუპირისპირდებით. ეს იქნება ევროკავშირისა და ამერიკის ფინანსური სანქციები, ამაზე უკვე ვმუშაობთ. სანამ რაღაც არ გაკეთდება, მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტი არ მიიღებს დახმარებას. კლანი ცდილობს "ოცნების" შერყეულ ხელისუფლებაში რაც შეიძლება სწრაფად და ღრმად გაიდგას ფესვი, მაგრამ სულ ტყუილად, არავის შერჩება სასამართლოს გადაფორმება.

- "მოქალაქეებს" რას ერჩოდით? საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა თქვენი და ლევან იოსელიანის დაპირისპირება. ალეკო ელისაშვილმა ისიც თქვა, რომ ბოლო დროს უშნოდ იყავით ატეხილი. ეს მისი სიტყვების პერიფრაზია. ელისაშვილისავე თქმით, გასაგებია, რომ მასზე გაბრაზებული ხართ, რადგან პენსიების საკითხზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს. თქვენ რატომ არ უერთდებით მათ სამუშაო ჯგუფს? - ელისაშვილი სისულელეებს ამბობს. პოლიტიკის მთავარი წესი პირობის შესრულებაა. შესაბამისად, როგორც კი შევედი პარლამენტში, დავარეგისტრირე კანონი, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს ბანკის არჩევის უფლება ექნება და ამით დამთავრდება უსამართლო დამოკიდებულება. კუჭავამ მეც დამირეკა და შემომთავაზა ამ ჯგუფში მუშაობა, მაგრამ... იმისთვის, რომ პრობლემა გამოასწორო, დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა რა საჭიროა? ადექი და პირდაპირ გაასწორე! ეს პრობლემა მარტივად გასწორდება - მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება პენსიონერს და "ლიბერთი ბანკს" აღარ ექნება ძარცვის ფუნქცია, ვეღარ წაართმევს პენსიონერს 36%-ს. კანონში პატარა პწკარის ჩაწერას რად უნდა სამუშაო ჯგუფი და კომისია?

- თქვენ ხშირად ლაპარაკობთ მესამე პოლიტიკურ ცენტრზე, მაგრამ დაპირისპირება გაქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. რა სტრატეგიით აპირებთ ან მესამე ცენტრის ჩამოყალიბებას, ან არჩევნების მოგებას? - მე ოპოზიციაში დიდ დაპირისპირებას ვერ ვხედავ, რეალურად არის მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერთა ფლანგი და "ნაცმოძრაობის". სხვა დაპირისპირება არ არსებობს. დოკუმენტზე ხელმომწერებმა ვაიძულეთ "ქოცებიც" და "ნაცებიც" ხელი მოეწერათ შეთანხმების დოკუმენტისთვის.

- "მოქალაქეების" შესახებ რას იტყვით? - არ მაინტერესებს, რომელ ფლანგზე არიან. თავად ჰკითხეთ, რას გეტყვიან...

- ვინ იქნება გაერთიანებული მესამე პოლიტიკურ ცენტრში? - სავარაუდოდ ისინი, ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ნიკა მელიას არაფერს ვერჩი, ახლა ის რთულ პროცესს გადის და ვგულშემატკივრობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის პარტიის ლიდერი. ლიდერი სააკაშვილია, სააკაშვილი კი წაგების ფორმულაა.

ხათუნა ბახტურიძე