"თუ უკრაინის ნატოში შეყვანა გადაწყდება, მას ავტომატურად მიჰყვება საქართველოც" - კვირის პალიტრა

"თუ უკრაინის ნატოში შეყვანა გადაწყდება, მას ავტომატურად მიჰყვება საქართველოც"

"ამ შეხვედრაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საუბარი დაკარგული დრო იქნებოდა, რადგან ამ ეტაპზე რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს“

რით დაგვამახსოვრა თავი ჟენევაში გამართულმა ბაიდენ-პუტინის შეხვედრამ, რით იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და რა შეიცვლება გლობალურ პოლიტიკაში, ამის შესახებ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება:

- ამ შეხვედრისგან დიდ გარდატეხას არავინ ელოდა, რადგან ტრამპის პრეზიდენტობის წლებში პუტინმა იმდენი რამის დაშავება მოასწრო, გამოსწორება ადვილი არ არის. რეიგანის პრეზიდენტობის დროს დაინგრა საბჭოთა კავშირი, მაგრამ უცებ არა. ვიღაცები ირწმუნებიან, რომ გორბაჩოვი და რეიგანი შეხვდნენ და ბერლინის კედლის დანგრევაზე, გერმანიის გაერთიანებასა და აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენო. სინამდვილეში ამას ძალიან გრძელი გზა უძღოდა წინ, რომლის ათვლასაც 1975 წლიდან, ჰელსინკის აქტიდან დავიწყებდი.

ილუზია იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ბაიდენმა რუსეთზე უცებ სხვაგვარი, ახალი პოლიტიკა შეიმუშავა და პუტინი პირველივე შეხვედრაზე დაარწმუნა, რომ ცუდად იქცევა. თუმცა არის საკითხები, რომლებიც აშშ-ს დაუგროვდა. ბაიდენის ადმინისტრაციას რაღაც ფორმით სურდა ურთიერთობის აღდგენა.

- რომელიც ტრამპის პრეზიდენტობისას არ არსებობდა? - კი, მაგრამ ცოტა უცნაური ფორმით. მან რუსეთს სანქციები დააკისრა, მაგრამ მთლიანობაში მეტი კარტ-ბლანში მისცა, ვიდრე აშშ-ის სხვა პრეზიდენტები აძლევდნენ.

ბაიდენს წინასწარ ჰქონდა ჩამოყალიბებული პუტინთან განსახილველი საკითხები, მათ შორის კიბერშეტევების. პუტინს ჰგონია, თუ თვითმფრინავით არ დაბომბა რომელიღაც კრიტიკული ობიექტი, კიბერშეტევით დაზიანება დასაშვებია და ამერიკა მხოლოდ თითის დაქნევას დასჯერდება. ამიტომ ახსენა ბაიდენმა პროპორციული და საჭიროების შემთხვევაში არაპროპორციული ზომებიც - ანუ თუ რუსეთი ამერიკაში ერთ ენერგეტიკულ ობიექტს მაინც დააზიანებს, ამერიკა მთლიანად გაუთიშავს ელექტროენერგიას. მეორე საკითხი იქნებოდა ნავალნი - აშშ-ში არავის სჯერა, რომ მას ციხეში არ მოკლავენ. შესაძლოა ამჯერად "ნოვიჩოკი" არ გამოიყენონ, უფრო მარტივად მოიშორონ. სხვა ჟურნალისტებზეც ზეწოლაა, თავისუფალი სიტყვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების, ოპოზიციის გაქრობას ცდილობენ...

პუტინისგან განსხვავებით, ბაიდენი მაღალი კლასის პოლიტიკოსია და შესაძლოა მართლაც ისაუბრეს დედაზე, როგორც თქვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეგობრული გარემო იყო. დაძაბულობა ეტყობოდა პუტინს, პრესკონფერეციაზეც ჩანდა, რომ ნერვიულობდა, ისეთი დაბნეული ლაპარაკობდა, თითქოს რაღაცები მოახვიეს თავზე. ბაიდენმა პუტინს მიანიშნა, რომ მისი დიდი შეცდომა იყო დასავლეთთან დაპირისპირება და ეს კარგს არ მოუტანდა.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ პრობლემების მიუხედავად, ეს რუსეთს დიდად არ ანაღვლებს. - პუტინისთვის დასავლეთთან დაპირისპირება ბუნებრივი მდგომარეობაა - ის კა-გე-ბეს სკოლაშია გამოწრთობილი. დასავლეთთან ზოგჯერ ინსტინქტების დონეზეც კი ურთიერთობდა, გონივრულობა აკლდა, დასავლეთის ჯიბრზე გეზი ჩინეთსა და მსგავს ავტორიტარულ ქვეყნებზე აიღო.

ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელიც ამერიკის საპირწონეა საერთაშორისო ურთიერთობებში, აშშ-ის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. შესაბამისად, რუსეთი, როგორი შეიარაღება და ბირთვული იარაღიც უნდა ჰქონდეს, მესამე ცენტრს ვერ შექმნის, რადგან ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს. ამიტომ ან ჩინეთთან მოუწევს ყოფნა, ან ამერიკასთან. ჩინეთი ცდილობს ამერიკა წყნარი ოკეანიდან და კონკრეტულად ამ რეგიონიდან განდევნოს. ამიტომ თუ რუსეთი ჩინეთთან დარჩება, ჩინეთი შეჭამს, თუნდაც მიგრაციით - ხაბაროვსკისა და ვლადივოსტოკის ოლქებში, სახალინზე, ჩინელების ჩასახლება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, ანუ ციმბირის ათვისება დაწყებულია და მხოლოდ მუშახელი არ არის. ჩინეთს რუსეთის ტერიტორიები სჭირდება.

წყნარი ოკეანის რეგიონში თითქმის ყველა ქვეყანასთან აქვს ჩინეთს ტერიტორიული პრეტენზია - ზოგს წყლებს ედავება, ვის კუნძულებს, წიაღისეულს და ზღვის ფსკერსაც კი. რუსეთთანაც აქვს პრეტენზიები, მაგრამ საჯაროდ არ ამბობს, რადგან ამერიკასთან დაპირისპირებაში პარტნიორად სჭირდება...

- ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არ ყოფილა. - ეს იყო პირველი შეხვედრა, თან მოკლე და ყველა პრობლემაზე ვერ ისაუბრებდნენ. უკრაინაში ომი არ დასრულებულა, სტატუს კვოც კი არ არის ჩამოყალიბებული. ამიტომაც დგას პირველი დღის წესრიგში. შესაძლოა ამიტომ არ დარჩათ დრო საქართველოსთვის. თუმცა საერთო პრინციპები იქნებოდა გაზიარებული საქართველოს ხსენებით კი არა, რუსეთის მიდგომით იმ მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებზეც გავლენის მოპოვებას სამხედრო ძალითა და მათი ტერიტორიების ოკუპაციით ცდილობს. ამერიკა ჯერჯერობით ვერ აიძულებს რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას.

ნებისმიერ თემას მომზადება და გადაწყვეტილების მიღება სჭირდება - ეს დაგეგმილი რომ ყოფილიყო, ჯერ საქართველოს მთავრობას დაიბარებდნენ, კონსულტაციებს ჩაუტარებდნენ და განიხილავდნენ, რაზე შეიძლებოდა რუსეთის დათანხმება და რაზე იყვნენ თანახმა თავად. ყირიმისა და ლუგანსკის საქმე არ არის ისეთი რთული, როგორიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, რომელთა "დამოუკიდებლობა" რუსეთმა უკვე "აღიარა". უკრაინის შემთხვევაში კი ვაჭრობა შესაძლებელია, არსებობს შანსი, რომ ლუგანსკი და დონბასი უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდეს, მაგრამ სტატუსზე მიდის ვაჭრობა.

ამ შეხვედრაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საუბარი დაკარგული დრო იქნებოდა, რადგან ამ ეტაპზე რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს.

ამის მიზეზად საქართველოს მთავრობის არასათანადო მუშაობის მოყვანა არასერიოზული იქნება. უბრალოდ, ეს ის ობიექტური რეალობაა, რომელიც ჩამოყალიბდა და ამ სტატუს კვოს შეცვლა ბევრად რთულია, ვიდრე ლუგანსკისა და დონბასის საკითხზე კომპრომისის გამონახვა.

- შესაძლოა უკრაინის ეს მდგომარეობა გახდეს მისი ნატოში სწრაფად გაწევრების საფუძველი?.. - უკრაინა თითქმის 40-მილიონიანი ქვეყანაა, თან შუაგულ ევროპაში - გეოგრაფიულად ევროპის ცენტრი სადღაც მინსკთან ახლოს არის. საქართველო ევროპის პერიფერიაშია, თუმცა დასავლეთისა და ამერიკისთვის ძალზე საინტერესო ადგილას... უკრაინაში ჯერ ისევ ომია, დონბასი და ლუგანსკი ბოლომდე ოკუპირებული არ არის. საქართველოზე კი რუსეთი ამბობს, რომ საკითხი დახურულია, მეტიც, ბჟანია და ბიბილოვიც ბედავენ ამის თქმას. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის პრობლემებს ბევრად გრძელვადიანი და ინტენსიური მუშაობა სჭირდება.

ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც შეხვდა ბაიდენი პუტინს, რომ უკრაინის საკითხში ისეთ ჩიხში არ აღმოჩენილიყვნენ, როგორიც საქართველოს შემთხვევაში მოხდა - ჯერ კიდევ ნატოში შესვლაზე საუბრის დაწყებამდე რუსეთმა დაასწრო ამერიკას და ტერიტორიები წაგვართვა.

რუსეთი ისე უტევს უკრაინას, არ არის გამორიცხული, ოდესაზე ან სხვა ოლქებზეც მიიტანოს იერიში. ამიტომ მსჯელობენ დაჩქარებული წესით, როგორ შეიყვანონ უკრაინა ნატოში, რათა ამჯერად მაინც დაასწრონ რუსეთს. თუ უკრაინის ჩრდილოეთ ალიანსში შეყვანა გადაწყდება, მას ავტომატურად მიჰყვება საქართველოც. ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობა უნდა შევასუსტოთ, პირიქით, დიპლომატიური კავშირები უნდა გაძლიერდეს, უკრაინასთან სრულფასოვანი ურთიერთობა უნდა აღდგეს.

ვფიქრობ, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის არმიის მოხსნა ბაიდენ-პუტინის შეთანხმების შედეგია. შესაძლოა ბაიდენმა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ზე სანქციები სწორედ ამის სანაცვლოდ მოხსნა.

- ნატოში მიღების წინა პირობები 2008 წელს საქართველოსაც ჰქონდა. - დიახ, და საქართველომ მაშინ მაქსიმუმი მიიღო - არ ვიცი, ვის რატომ მიაჩნია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება შემაფერხებელი იყო, პირიქით, ვალდებულება არის აღებული, რომ ნატოში აუცილებლად მიგვიღებენ...

- საქართველო 2024 წელს ევროკავშირში შესვლაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს. რთულია ამ ორგანიზაციამდე გასასვლელი გზა? - პრეცედენტი არ ყოფილა, ევროკავშირს დაპირება მიეცეს ქვეყნისთვის, მას განაცხადი შეეტანოს და უარი ეთქვას, მაროკოს თუ არ ჩავთვლით - მას მაშინვე უარი უთხრეს...

თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ იქნება კონსენსუსი, განაცხადის გაკეთებას აზრი არა აქვს. მაგალითად, სლოვენია კანდიდატი სახელმწიფო იყო, თუმცა შეთანხმებაზე ხელი იმიტომ არ მოაწერეს, რომ მასთან ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროიდან იტალიას ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა. ჩვენ კი განაცხადის გაკეთებას ვაპირებთ ისე, რომ დაპირება არ მიგვიღია. ამიტომ 2024 წლამდე ძალიან ბევრი რამ უნდა მოვასწროთ, შევქმნათ პლურალისტური პარლამენტი, იყოს სტაბილური და დინამიკური პოლიტიკური პროცესები, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, გატარდეს რეფორმები... ევროკავშირისგან განსხვავებით, ნატოში გაწევრებაზე უფრო რთულადაც არის საქმე და უფრო მარტივადაც - ის სამხედრო ალიანსია და შესაძლოა უფრო მალე შევძლოთ მასში გაწევრება, რადგან ევროკავშირის გაწევრების კრიტერიუმები უფრო მკაცრად არის გაწერილი, ვიდრე ნატოში. ამასთან, მის მოთხოვნებს თითქმის ვაკმაყოფილებთ. მაგრამ არის სხვა შემაფერხებელი ფაქტორები, კერძოდ, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია. რომელიმე ქვეყნის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ნატომ უნდა დაგიცვას და როდესაც ქვეყანას უკვე აქვს ეს რისკები, ჩვენს შემთხვევაში რუსეთის სახით, ეს აფერხებს მათ.

ნატოს არ ეშინია რუსეთის, მაგრამ ეშინია მისი წევრი ქვეყნების მოსახლეობის, მათ არ მოეწონებათ ისეთი ქვეყნის შემოყვანა მათ რიგებში, რომლის გამოც შესაძლოა ნატოს რუსეთთან ომი მოუხდეს.

- რის ფასად შეიძლება ამერიკამ რუსეთს უკან დაახევინოს? - რაც დროს გადის, რუსეთი თავისი პოლიტიკის გამო თანდათან ჩიხში შედის. ამდენი სანქციის გამო ტექნოლოგიებს ვერ ავითარებს. ის წიაღისეულის რეალიზაციით ცხოვრობს, მაგრამ მის მოპოვებას სულ უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგია სჭირდება, რაც ინვესტიციებთან არის დაკავშირებული, ეს კი შეზღუდული აქვს. უკვე სამხედრო წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიაც უჭირს, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ძალიან დიდია ამერიკის წილი, ანუ ეკონომიკით თანდათან მესამე კატეგორიაში გადაჰყავთ. იმავდროულად, დაწინაურდა ჩინეთი. ასე რომ, პუტინის ანტიდასავლურმა კურსმა რუსეთი ჩიხში შეიყვანა. სირიასა და მსგავს ქვეყნებში კი ინარჩუნებს გავლენას, მაგრამ სინამდვილეში ვერავის ენდობა, მათ შორის ვერც ირანს, თურქეთსა და ჩინეთსაც. ყარაბაღის ომმა ცხადყო, რომ რუსულ იარაღზე თურქულმა გაიმარჯვა. ამასობაში ევროპაც მის წინააღმდეგ იკვრება, ნატოც უფრო ხისტია, გერმანიის პოლიტიკაც კი, რომელიც აქამდე ლოიალური იყო, შეიცვალა. გასაგებია, რომ პუტინი ერთპიროვნული მმართველია, მაგრამ ისიც ვიცით, როგორ დასრულებულა ასეთი მმართველების ბედი, მით უფრო, იქ არის რეიტინგული ფიგურა - ნავალნი. როგორც კი რუსეთში პროდასავლური მმართველობა მოვა, ნატოს მაშინვე შეუძლია საქართველო თავის ორგანიზაციაში შეიყვანოს. ასეთი ფანჯრები გამოუჩნდათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც რუსეთი ელცინის მმართველობამ ძალიან დაასუსტა. ამავე გზას ადგას პუტინიც, ეს კი, ამერიკის ურყევი მხარდაჭერის წყალობით, ძალიან კარგი შესაძლებლობაა პატარა საქართველოსთვის.