დანაზოგის სახით 10 000 ლარი და ბინა საჩუქრად - რა ქონებას ფლობს ხატია დეკანოიძე - კვირის პალიტრა

დანაზოგის სახით 10 000 ლარი და ბინა საჩუქრად - რა ქონებას ფლობს ხატია დეკანოიძე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" ისნის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა. მან ხმების 26,98% (13658) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა.

საბოლოოდ, "ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ მაინც შევიდა და  პარლამენტში ყველაზე დიდ ოპოზიციური ფრაქციის - "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" ხელმძღვანელი, თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე გახდა.

ხატია დეკანოიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით დაამთავრა. 1999 წლიდან იგი საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში მუშაობდა. მოგვიანებით, 2014 წელს უკრაინის მთავრობამ ხატია დეკანოიძე მართლმსაჯულების, სამართალდამცავი და ანტიკორუფციული რეფორმების ექსპერტად მიიწვია. 2015-2016 წლებში კი უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა.

44 წლის პოლიტიკოსს ჰყავს ერთი შვილი,  23 წლის თორნიკე კოპალეიშვილი.

რა ქონებას ფლობს ხატია დეკანოიძე 2021 წლის 11 თებერვალს შევსებული დეკლარაციის მიხედვით?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ფლობს 79 კვ.მ. ბინას თბილისში, რომელიც 2014 წელს აჩუქეს. მის საკუთრებაშია, ასევე, 2005 წელს 25 000 დოლარად შეძენილი ბინა ნუცუბიძის ფერდობზე და 2010 წელს 80 000 დოლარად ნაყიდი 126 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში. პოლიტიკოს აქვს  2009 წელს 8000 ლარად შეძენილი 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთიც სოფელი ძეგვში.

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს, რომელიც დეკლარაციაშია ასახული, ასე გამოიყურება -  საანგარიშო პერიოდში დეკანოიძეს "თიბისი ბანკის"  ორი მიმდინარე ანგარიშიდან ერთზე ერიცხებოდა 18, ხოლო მეორეზე - 1828 ლარი. ამავე ბანკის დეპოზიტზე - 100 ლარი, საანაბრე ანგარიშზე კი - არცერთი თეთრი.

როგორც მოცემული დეკლარაციიდან ჩანს, პარლამენტარს საანგარიშო პერიოდში ჰქონდა დანაზოგი 10 000 ლარის ოდენობით.

პოლიტიკოსის მიერ გაწეულ ხარჯებში მითითებულია შვილის, თორნიკე კოპალეიშვილის სწავლაში გადახდილი 6000 ლარი.

(სპეციალურად საიტისთვის)