"ჩაცუცქულები", "ჯილები" და "უნის" პროფესორები - კვირის პალიტრა

"ჩაცუცქულები", "ჯილები" და "უნის" პროფესორები

ვილაპარაკოთ მენტალობის შეცვლაზე. მიშამ თქვა, 20 წელიწადში ქართველებს მენტალიტეტს შევუცვლიო. აქვე ახსენა "ჩაცუცქულები". უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთებად ე.წ. ქუჩის ბიჭები მოიხსენია.

მიშამ ალბათ არ იცის, რატომ გახლავთ ეს პოზა ქუჩის ბიჭის არქეტიპული თვისება - ამას ციხური წარსული აქვს. წარმოიდგინეთ კარცერი, სადაც არც სკამია და, რა თქმა უნდა, არც რაიმე სხვა ავეჯეულობა. მხოლოდ ცარიელი კედლებია. ნებსით თუ უნებლიეთ პატიმრებს სწორედ ჩაცუცქვა უხდებოდათ. ამიტომ, წლების მანძილზე გადასახლებაში მყოფთაც გამოუმუშავდათ „ჯდომის ეს მანერა. შემდეგ "სვაბოდაზე" წამხედურა ახალგაზრდებმა მიბაძეს მათ და ასე გაჩნდნენ "ჩაცუცქულები".

ეგ ყველაფერი იქით იყოს. ვფიქრობ, რომ კრიმინალური ავტორიტეტებისადმი მოწიწება ნებისმიერ ქვეყანაში პოლიციის სისუსტით და, რაც მთავარია, ახალგაზრდებში უპერსპექტივობის განცდით არის გამოწვეული.

მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ცვლის მენტალობას მიშა. ყველაზე ნათლად აღნიშნულზე  მეტყველებს ის, თუ რა ყაიდის ავტორიტეტების პრომოუშენს ეწევა ხელისუფლება; როგორი საზოგადო მოღვაწენი არიან წახალისებული; ვისგან სურს მიშას, რომ ახალგაზრდებმა მაგალითი აიღონ. განვიხილოთ მხოლოდ რამდენიმე სფერო.

დავიწყოთ ე.წ შოუბიზნესით: ადრე, როცა ხალხის მენტალიტეტს არავინ ცვლიდა, შოუბიზნესი დღევანდელთან შედარებით ყვაოდა. "ვარსკვლავები", რომლებიც დღეს მიშას გუნდრუკს უკმევენ, იმ ავად სახსენებელ დროს (და ზოგი უფრო ადრეც) "გაიჩითნენ". დღეს ვინ არის სცენაზე? - არავინ! ეს "პონტი" სულს ღაფავს, მხოლოდ სამთავრობო კონცერტებზე  თუ  ირჯებიან ქართველი "სტარები" უღიმღამოდ. მიუხედავად ბევრი მცდელობისა და დახარჯული ფულისა, ვერც აფხაზეთზე ნამღერი სიმღერები გაჰიტდა და ვერც მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ალტერვიზიებმა წარმოაჩინეს ვინმე ღირსეული. აშკარა უკუსვლა გვაქვს. ამას მიშას კარის მომღერლებიც კი არ უარყოფენ. შესაბამისად, მიშას "ჯილები" - ნინა წკრიალაშვილი, ზუმბა (სწორედ მათ მკერდს ამშვენებს ღირსების ორდენი)  და მისთ. ახლოსაც ვერ მივლენ ძველ, შევარდნაძის დროინდელ  "სტარებთან".“

თეატრი: რობერტ სტურუა ვს დუტა. ეს ორი რეჟისორი კარგად გამოხატავს არსს ცვლილებებისა, მიშას რეფორმების დისკურსს. მიშას არ მოსწონს სტურუა და ამცირებს რუსთაველის თეატრის ბიუჯეტს, სამაგიეროდ,  ევასება დუტა  და ნიშნავს მას თელავის თეატრის რეჟისორის თანამდებობაზე. კომენტარი მართლაც რომ ზედმეტია. შეგახსენებთ, რომ დუტაც ღირსების მედლის ლაურეატია.

სპორტი: ნონა გაფრინდაშვილი ვს ასანიძე. აქაც არ ღირს მეტი დაწვრილმანება.

თუ სხვა სფეროებსაც მივაქცევთ ყურადღებას და შედარების ამ მარტივ (შეიძლება ოდნავ უტრირებულ, მაგრამ ეფექტურ) მეთოდს გამოვიყენებთ, ნათლად დავინახავთ, თუ  ვინ არიან მიშას აზრით "მენტალიტეტშეცვლილნი". ასეთთა რიგებში არის ახალგამოჩეკილი "ინტელექტუალების კოჰორტა". მათ "ილიაუნის" (ილიას უნივერსიტეტი) სახით საბიუჯეტო რესურსი მიეცათ. შეგახსენებთ, რომ ლადარია, ზედანია, ნოდია და დარჩიაშვილი, ამ "უნის" სრული პროფესორები არიან.

ალბათ სწორედ მათ ევალებათ მენტალობის შეცვლის პროცესისთვის ინტელექტუალური ბაზის ჩამოყალიბება. ვანო კი ამ მრავალწლიან ტიტანურ ბრძოლას ძალოვან უზრუნველყოფას გაუკეთებს.

შალვა რამიშვილი