"თუ არ შემცირდება პენსიონერების სესხის პროცენტი, საერთოდ წავალ, გავქრები" - კვირის პალიტრა

"თუ არ შემცირდება პენსიონერების სესხის პროცენტი, საერთოდ წავალ, გავქრები"

პოლიტიკას დავტოვებ, ოღონდ ეს კანონი მიიღონ - თუ არ შემცირდება პენსიონერების სესხის პროცენტი, საერთოდ წავალ, გავქრები - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, არცერთი სეგმენტი არ არის პენსიონერების და შშმ პირების გარდა, რომლებიც იძულებული არიან, რომ ერთ ბანკში მიიღონ მომსახურება.

"მე მზად ვარ, პოლიტიკას დავტოვებ, პოლიტიკას საერთოდ დავტოვებ, ოღონდ ეს კანონი მიიღონ და ვნახოთ, ბაზარზე სესხის პროცენტი თუ არ შემცირდება. თუ არ შემცირდება პენსიონერების სესხის პროცენტი, საერთოდ წავალ, გავქრები, წავალ პოლიტიკიდან. იმდენად ორჯერ ორი, ოთხია, რასაც მე ვამბობ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ცვლილება სურთ საფინანსო ინსტიტუტებსაც.

"ჩვეულებრივად ამ ბანკებს შეუძლიათ, ანგარიში გაუხსნან თავისთან, სულ არ სჭირდება იმას "ლიბერთი ბანკის“ მარშრუტკა, რომლითაც დადის. ეს საჭირო იყო 20 წლის წინ. მეც ხომ ამ სისტემებში ვმუშაობდი. ინტერნეტი არ იყო ქვეყანაში, საბანკო ბარათი, რა იყო არავინ იცოდა, შესაბამისად, ერთადერთი გზა იყო, რომ ყოფილიყო რაღაც ბანკი, რომელსაც გადაუხდიდა სერვისის ფულს სახელმწიფო და წელიწადში უხდიდა 17 მილიონს, უფასოდ კი არ არიგებდა. 2011 წელს კანონი შეიცვალა და ამ ბანკს მისცეს სესხების გაცემის უფლება. ვეთანხმები დღეს ვინც ამბობს, რომ 200 პროცენტიან სესხებს გასცემენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, პენსიონერს უფლება ექნება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად აირჩიოს.

"ინტერპრესნიუსი"