წითელი ვარდებიდან მწვანე წიწაკებამდე - კვირის პალიტრა

წითელი ვარდებიდან მწვანე წიწაკებამდე

"21-28 მაისი - ბრძოლა ნახევარფინალისთვის"?!

"სახალხო კრებამ" 21 მაისი "მახინჯ რეჟიმთან" გადამწყვეტი ბრძოლის დღედ გამოაცხადა, მაგრამ აქცია, სადაც სააკაშვილის რეჟიმისათვის განაჩენი უნდა გამოეტანათ, საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. ამან ხალხში შემართების მუხტი ცოტათი გაანელა. კრების დაწყების მოლოდინში ხალხთან გასაუბრება გადავწყვიტე. მომიტინგეთა შორის ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი დავინახე.

ლაშა ამირეჯიბი: "ხალხი თავისი ქვეყნის გადასარჩენად მოვიდა. ხელისუფლებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმუშავა რეგიონებში, რომ თბილისამდე არ ჩამოსულიყო ხალხი, გზებზე უხვდებოდნენ. ქართველ ხალხს უკვე სხვა გზა აღარ აქვს, ბოლომდე უნდა დავდგეთ. ყოველდღე აქ ვიქნები, სანამ ხელისუფლება არ წავა. თუკი სააკაშვილმა ძალის გამოყენება გაბედა, ძალიან ცუდად დამთავრდება მისი საქმე, ხალხი ამას არ აპატიებს. ყველა სამსახურში, ჯარშიც და პოლიციაშიც არიან საქართველოს მოყვარული ადამიანები და იმედი მაქვს, მომიტინგეებზე ხელს არ აღმართავენ.

დღეს დილით ველაპარაკე მამას და დამაბარა, ჩემი სული და გული ხალხთან არის, მათ გვერდით ვდგავარო. ბრძოლა გამარჯვებით უნდა დასრულდეს, სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს".

თავისუფლების მოედნის ცენტრისკენ ვინაცვლებ, რომ ამაღლებული ადგილიდან დავინახო ხალხი. ორმოცდახუთიოდე წლის ქალი შეშფოთებული ჩივის, ეროვნული მოძრაობის დროს სულ ახალგაზრდები ვიყავით აქციებზე, ახლა კი სად არის ახალგაზრდობაო?! არ ვეთანხმები, წინა აქციებთან შედარებით ბევრად მეტი ახალგაზრდა მოსულა.

რაკი აქციის დაწყება კიდევ იგვიანებს, ხალხს ვესაუბრები:

KvirisPalitra.Geთამრიკო ფასეიშვილი, 52 წლის, თბილისელი: "არა ვარ "სახალხო კრების" წევრი, მაგრამ მაინც მოვედი, რადგან ჩემს ქვეყანაში უმსგავსობები ხდება. სამართალი არ არის ქვეყანაში. მე არავინ მყავს პატიმარი, მაგრამ სხვების შვილებს ხომ აპატიმრებენ, ან ამდენი ბიჭის სიკვდილი რა არის?! ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ. მინდა დროულად მოშორდეს ეს მთავრობა, ეგებ ამოვისუნთქოთ. ამ ხელისუფლებას ხალხთან არა აქვს კონტაქტი, ხალხის არ ესმის. ტელევიზიით რომ აჩვენებენ ხალხთან ჩახუტებულ პრეზიდენტს, ეს ამაზრზენია. კრიტიკულად განწყობილ ხალხს არ ახვედრებენ და არც თავად შეხვდება. სააკაშვილმა ახალგაზრდებს ტვინი აურია. სააკაშვილისა და ლომაიას რეფორმამ სულ გადააჯიშა ახალგაზრდობა. სკოლაში ასწავლიან ბავშვებს, უფროსებს ადგილი არ დაუთმოთო.

ჩვენ კი გვასწავლიდნენ, უფროსს პატივი ეცი, ზრდილობიანი იყავიო. ჩვენი გადაგვარება უნდათ. ბოლომდე აქ ვიქნები, ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. ყველა ერთად რომ დავდგებით, იქნებ შეისმინოს ხელისუფლებამ. ნინომ პირობა მოგვცა, რომ დიდხანს არ დაგვაყენებს ქუჩაში. სააკაშვილი რომ გაიძახის, კორუმპირებული არა ვარ და პატიოსანი მთავრობა მყავსო, საიდან იშენებენ ამ სასახლეებს? მახათას მთაზე, მარცხნივ, ხელისუფლების წარმომადგენლების მშენებარე სასახლეები ვნახე. ხალხი ნაგვის ბუნკერებშია ჩაყუდებული, ესენი კი სასახლეებს იშენებენ".

ერთი შავოსანი ქალი აქციაზე პატარა სკამით წამოსულა. მივუახლოვდი, მაგრამ დიქტოფონის დანახვაზე დაფრთხა: "ორი შვილი მყავს მკვდარი და არ გამომაჩინო, შვილო. მუხლები მტკივა და ვაითუ დიდხანს მომიწიოს დგომამ-მეთქი და სკამი წამოვიღე. სახლში რა გამაჩერებდა. აქ იმიტომ მოვედი, რომ ახალგაზრდებისთვის უკეთესი ცხოვრება მინდა".

მეორე ასაკოვან ქალს ხელში დროშა მოუმარჯვებია. სახელსა და გვარს არ მეუბნება (დიქტოფონის გამორთვის მერე გამიმხილა ვინაობა), მაგრამ ასაკს არ მიმალავს: "80 წლის ვარ, შვილო. პირადად გაჭირვება არა მაქვს, მაგრამ შარშან 25 ნოემბერსაც ვიყავი აქციაზე. სახლში არ ვთქვი, ისე წამოვედი. ჩემი შვილი ნერვიულობს, 80 წლის ქალი ქუჩაში რომ ვდგავარ. მოვატყუე, ტაძარში მივდივარ-მეთქი. ყველაფერი მაინტერესებს. წეღან ერთმა კაცმა ჩემზე თქვა, ამ ქალს რომ არ უჭირდეს, აქ დადგებაო? მივუბრუნდი და ვუთხარი, არაფერი მიჭირს, საჭმელ-სასმელი არ მაკლია, მაგრამ აქ იმიტომ მოვედი, რომ საქართველოს უჭირს-მეთქი. კომუნისტების დრო როგორ უნდა ინატრო ადამიანმა? მე უკვე იმ ქვეყნად მიმავალი ვარ, ჩემთვის არ ვირჯები. ჩემი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის ვდგავარ აქ".

დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულ კოლონას ვუახლოვდები. გოგონა, რომელიც ინტერვიუზე ხალისით მთანხმდება, ქუთაისიდან არის: "წამოსვლისას პრობლემა შეგვექმნა. ავტობუსები არ წამოვიდნენ, ეტყობა, მძღოლები გაფრთხილებული ჰყავდათ. მსუბუქი მანქანებით წამოვედით. ქუთაისიდან 2 ათასი კაცი ვართ. არასდროს ვმდგარვარ აქციაზე, მაგრამ ახლა ჩავთვალე, რომ უნდა წამოვსულიყავი. არა ვარ რევოლუციის მომხრე, მაგრამ როდესაც ხედავ, ქვეყანა უკან-უკან მიდის, უნდა გამოხვიდე. აქ ბურჯანაძისთვის არ ვდგავარ. ქუთაისი პატარა ქალაქია და იქ ცუდი მეტად ჩანს.

- რა ხდება ასეთი?

- კარგი არაფერი.

ტრიბუნის შორიახლო კახა კუკავას მოვკარი თვალი: - აქ იმიტომ ვარ, რომ ვიზიარებ "სახალო კრების" მოთხოვნას, გადადგეს სააკაშვილი.  არ გამოვკლებივართ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართულ არც ერთ აქციას და არც ეს დღეა გამონაკლისი. ცუდია, რომ ამ აქციაზე ოპოზიციური სპექტრი არ არის წარმოდგენილი. ეს ამცირებს წარმატების შანსს. ეს იყო ორივე მხარის შეცდომა. სამწუხაროდ, არც ერთმა მხარემ არ მოინდომა გაერთიანება.

KvirisPalitra.Ge- "სახალხო კრებასა" და "ქართულ პარტიას" გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა. მიმაჩნია, რომ ბოლო შეცდომა "სახალხო კრებამ" დაუშვა. მას ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა, რადგან ის არის ორგანიზატორი. შეცდომა იყო, რომ არ მიიღეს "ქართული პარტიის" წინადადებები. ამ  უხეშმა შეცდომამ განაპირობა ამ რაოდენობის ხალხის მოსვლა. ხუთჯერ მეტი იქნებოდა, რომ აქციაში "ქართული პარტიაც" მონაწილეობდეს. ჩემი აზრით, ახლა აქ სულ 15 ათასი კაცი იქნება. ჩვენ სამხრეთელი, ემოციური ერი ვართ, ყველაფერზე ტირილი გვიყვარს და რომ დაენახათ ერთად გაჩეჩილაძე და ბურჯანაძე, დარწმუნებული ვარ, მეტი ხალხი გამოვიდოდა.

მე რომ ვყოფილიყავი აქციის ორგანიზატორი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ მოსისხლე მტერიც კი გამომეყვანა სახლიდან. ბოდიშს მოვუხდიდი, თავზე ლაფს დავისხამდი, ოღონდ  ერთობა შემდგარიყო. ვისაც გამარჯვება უნდა, ასე უნდა მოიქცეს, მაგრამY ვისაც მოწინააღმდეგისთვის ანგარიშის გასწორება უნდა, ის ბოდიშს რატომ მოიხდის? არ ვამბობ, რომ ყველაფერი ბურჯანაძის ბრალია და მხოლოდ ის ტყუის, ალბათ, "ქართულმა პარტიამაც" დაუშვა შეცდომები, მაგრამ...

როდესაც ზვიად გამსახურდია არჩევნებზე მიდიოდა, ლამის დაუჩოქა ოპოზიციის ლიდერებს, რომ ერთიანი ბლოკი შეექმნათ,  მაგრამ მაშინ არავინ დაეთანხმა და ბოლოს მათ 2-2% აიღეს არჩევნებში, გამსახურდიამ კი - 54%. ძლიერი როცა ხარ, უნდა გაარჩიო, ვინ არის მთავარი მოწინააღმდეგე და ვინ - არა. მგონია, რომ "სახალხო კრება" და სხვა პარტიები ერთმანეთთან ნახევარფინალს თამაშობენ და არა ფინალს სააკაშვილთან.

ნახევარი ფინალის სცენარში ჩაჯდება ისიც, თუ "ქართული პარტია" სხვაგან გამართავს აქციას (შევიტყვე, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქვს გადაწყვეტილი აქციის დაწყება). ეს არ იქნება ის, რასაც საზოგადოება ჩვენგან ითხოვს, ეს არ არის ფინალური ბრძოლა. საზოგადოება ქუჩაში მოლოდინს გამოჰყავს. მე არაფერს ველოდები უკვე და ზრდილობისთვის ვდგავარ აქ. ვერ ხედავთ, უკვე 5 საათია და 3 საათზე დანიშნული მიტინგი არ დაწყებულა...

როგორც იქნა, მიტინგი დაიწყო. პირველი სიტყვა შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელმა გია ბურჯანაძემ თქვა:

"მადლობა ღმერთს, დიდება უფალს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დარჩნენ კაცები, ჯერ კიდევ არიან ქალბატონები,  ვისაც შვილებზე, ქვეყნის მომავალზე გული შესტკივათ. ჩვენ კიდევ ბევრნი გავხდებით. ერთად და მედგრად დგომით უნდა გავაძევოთ საქართველოდან ბოროტება, დაბეზღება, მოსმენა, თვალთვალი, სიდუხჭირე, შიში, უღირსობა. საქართველო უნდა დადგეს იმ ერთა შორის, რომელსაც ღირსება აქვს. მოვუწოდებ ყველა ქართველს, ყველა ღირსეულ ადამიანს, დადგეს იქ, სადაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს საქართველოს, დადგეს იქ, საიდანაც დაიწყება საქართველოს ბედნიერება და გაერთიანება.

აქ დგომას დიდხანს არ ვაპირებთ.  ჩვენ ვერ მოვიცდით ვერც 2012 და ვერც 2013 წლამდე. ადამიანებს, ვინც ციხეებში არიან, ჰკითხა ვინმემ, თუ შეუძლიათ 2013 წლამდე ციხეში ყოფნა?  მთელი საქართველო სასოწარკვეთილია და ამის გამო მთელი  ერი ჩავვარდით ცოდვაში. ყოველდღიურად 5-6 კაცი იკლავს  თავს. უნდა გასწორდეს სოციალურად საქართველო, ყველა პრობლემას უნდა მოევლოს. ჯარი და პოლიცია თავიდან ასაშენებელია, სასამართლო - თავიდან შესაქმნელი. ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და თავისუფალ გარემოში უნდა ავირჩიოთ ის ხალხი,  ვინც ქვეყანას მოემსახურება. ეს მოხდება მაშინ, როდესაც დღევანდელი დამნაშავე ხელისუფლება დატოვებს საქართველოს".

ნონა გაფრინდაშვილი, "სახალხო კრების" თავმჯდომარე: "ჩვენ უმოქმედობის უფლება არა გვაქვს. ქვეყანას მომავლის პერსპექტივა არა აქვს. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს. დამნაშავე ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, სულ უფრო და უფრო უახლოვდება დასასრულს. დღეს ჩვენ ვიწყებთ სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებისთვის გადამწყვეტ ბრძოლას და  აუცილებლად გავიმარჯვებთ".

რეზო ესაძე: "აქ მოსულ თითოეულ ქართველს ვეხვევი. ვეხვევი ჩემს დიდ, სანუკვარ და განუმეორებელ ქართველ ხალხს, რომლის გენის წაშლას ცდილობს ვიღაც. ვიღაც ცდილობს, ქართულ გენი რაღაც დეკორაციებს ამოაფაროს. მსაყვედურობენ, რატომ არ ნახულობ იმ მშენებლობებს, რაც საქართველოშია გაჩაღებულიო. არ მინდა, რადგან ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ქართველ ერზე მოახდინონ ისეთი მომაკვდინებელი ზემოქმედება, რამდენიმე წელიწადში ქართველი ქართველს თვალებში ვეღარ შეხედავს სირცხვილით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და ქართველი ერი გამოვიდეს ამ სამარცხვინო, დამამცირებელი მდგომარეობიდან".

ამ დროს დავინახე, ერთ ქალს წიწაკების "თაიგული" შეეკრა. ვკითხე, ეს რა არის-მეთქი: "ეს მიშას ვარდია. აი, ასე გამწარდა მიშას ვარდი შვიდი წლის მმართველობის მერე. პირადად უნდა მივართვა ეს წიწაკის თაიგული ხალხის გამამწარებელ ვაიპრეზიდენტს. ქართველი ხალხისგან წიწაკის მეტი არაფერი ეკუთვნის მიშა გამამწარებელს".

ნინო ბურჯანაძე: "დღეს ასობით ადამიანს სახლებთან ჩაუსაფრდა ამ ქვეყნის სახელოვანი პოლიცია, მოკლე ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანები ადამიანებს იტაცებდნენ. იცით, რისი ეშინია ხელისუფლებას? იმისი, რისთვისაც აქ ვდგავარ. ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის გადარჩენისთვის. ვიბრძვით დემოკრატიისთვის, სამართლიანობისათვის, სიდუხჭირის დაძლევისათვის. ჩვენ აღარ გვინდა ნეობოლშევიკური მთავრობა.  დღესვე უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ უკან ერთი ნაბიჯიც არ გადავდგათ. გპირდებით, თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ, როგორი რთულიც უნდა იყოს ეს, ჩვენ უკან არ დავიხევთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, წავიდეს. ეს გადამწყვეტი ბრძოლაა საქართველოს გადასარჩენად".

ის  იყო, მიტინგს გამოცოცხლება დაეტყო, რომ ირაკლი ბათიაშვილმა გამოაცხადა, გეგმის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლისაკენ მივდივართო. ამან მომიტინგეებზე ცივი შხაპივით იმოქმედა. ერთი-ორჯერ გინებაც გავიგონე. ხალხი უკმაყოფილოდ დაიძრა ტელევიზიისკენ, სადაც აქციის ორგანიზატორებმა პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. სანამ მომიტინგეები საზოგადოებრივი მაუწყებლისაკენ ფეხით მიდიოდნენ,  ტელევიზიის შენობა ფარებიანი და ნიღბიანი სპეცრაზმელებით გაივსო. დავინახე, რა გამალებით შერბოდნენ კუნთმაგარი ჯეელები ტელევიზიის კარში.

21 მაისის ეს აქცია მართლაც არ ჰგავდა საფინალო ბრძოლას, მაგრამ როგორც აქციის ორგანიზატორებმა ხალხს აუხსნეს, ეს მხოლოდ დასაწყისია. ვნახოთ...