მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

რას არ ნახავს კაცი!

ჩავრთე ამას წინათ ტელევიზორი ერთ-ერთ ე. წ. ნაციონალურ არხზე და გაკვირვებისგან პირი დავაღე. ახლა არ დამიწყოთ, შენ კიდევ რამე გიკვირსო და ასეთები. თქვენ ჯერ რა იცით, რა ვნახე? ვნახე სააკაშვილი, თუმცა ეს არ გამკვირვებია.

რა პოზაშიც უნდა მენახა, ალბათ, არ გამიკვირდებოდა. სარფში ახალი ეკლესია აუშენებიათ და იქ იყო. ინტერვიუც მისცა ტელევიზიებს და სარფში ეკლესიის აშენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საკვირველი კი ის იყო, რა ფონზეც ამ დროს პრეზიდენტი იდგა. პრეზიდენტის ფონს ქმნიდა დიდი ხნით გაუჩინარებული გივი თარგამაძე, რომელსაც ხელში ანთებული სანთელი ეჭირა და საოცრად შთაგონებული გამომეტყველება ჰქონდა. ეკლესიის აშენებაშიც ლომის წილი შეუტანია. პრეზიდენტმა თქვა, გივი თარგამაძეს ამ ეკლესიის აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვისო. დღედაღამ მოსვენებას არ გვაძლევდა, ვიდრე არ აშენდაო.

თუ მკითხავთ, ეს ამბავი რატომ გაგიკვირდაო, ვერ გიპასუხებთ. განა აქამდე ვიცოდი რამე გივი თარგამაძის რელიგიური გრძნობების შესახებ? არც არაფერი. იქნებ ის ყოველთვის ღრმად მორწმუნე იყო? ან იქნებ დიდი ხანი რომ არ ჩანდა, სწორედ მაშინ ჩაუღრმავდა რელიგიურ საკითხებს? აბა, რა გითხრათ? არადა, მის  ღრმადმორწმუნეობაზე მეტყველებს ის განცხადებაც, რომელიც მან მოგვიანებით პარლამენტში ჩერქეზთა გენოციდის საკითხის განხილვის დროს გააკეთა.

"სოჭის ოლიმპიადისთვის აშენებული ნავმისადგომის ჩარეცხვა ცოდვების გამოძახილი იყო და იმედი მაქვს, ეს მდინარე კიდევ ადიდდება და ბევრ აშენებულს ჩარეცხავს", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. ეს განცხადება რომ მოვისმინე, პრეზიდენტის სარფში ხუმრობით ნათქვამს სერიოზულად შევხედე. პრეზიდენტმა ბრძანა, ერთ დღეს თარგამაძე აქ შეიძლება ბერად შედგესო. ნეტავ ასე რომ მოხდეს, თუ გამიკვირდება?

KvirisPalitra.Geუსაზღვრო ლოდინი და შესაშური თანამიმდევრულობა

განან და ელიან, უსაზღვროა მათი მოლოდინიო, ოპოზიციურ "რვიანზე" ითქმის. აგერ რამდენი თვეა, ისინი "სდგანან და ელიან. წვიმა წვიმს იმათ თავზედ... მეხი ეთამაშება იმათ თვალებს და ხშირადაც ერჭობა ისარივით გულმკერდში. არაფერია". ისინი მაინც ელიან. "ვის? ან რას? რაღაცას".  უფრო სწორად, რას ელიან, ცნობილია - ხელისუფლების დათმობაზე წასვლას. ვერ გაარკვიეს, ამას რამდენი ხანი უნდა ელოდონ. ხელისუფლება თითქოს მათ მოთმინებას ცდის.

ესენიც ითმენენ. ან სხვა რა გზა აქვთ? რომ არ მოითმინონ, რა უნდა ქნან? აქციებით დაემუქრონ? ეს მიმართულება უკვე დაკავებულია. ხელისუფლება ჯერ აქციებით "რევოლუციონერებს" ვერ შეუშინებიათ და "კონსტრუქციულები" როგორ შეაშინებენ?  ამიტომ ისინიც ელიან. სადამდე გაგრძელდება ლოდინი? საარჩევნო გარემოზე მსჯელობა ნერვების ომად გადაიქცა. როგორც ამბობენ, ხელისუფლებაზე ზეწოლას დასავლეთი ახდენს, ოპოზიციურ "რვიანზე" - მათი ამომრჩევლები, რომლებიც შედეგს ითხოვენ. ახლა მთავარია, ვის უღალატებს პირველად მოთმინება.

მანამდე კი ე. წ. რევოლუციური ფრთის წარმომადგენლები შესაშურ თანამიმდევრულობას იჩენენ. თავად განსაჯეთ: ვიდრე "ქართული პარტია" ბათუმში აქციას გამართავდა, ამერიკის საელჩოსთან გასამართი აქცია დააანონსეს. აშშ მხარს ქართველ ხალხს უნდა უჭერდეს და არა რეჟიმსო. ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეეთერში განაცხადა: "ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელთაგან უმთავრესია სათავესთან მისვლა და ონკანის გადაკეტვა. ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, აშშ-ის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართველი საზოგადოება". ბათუმში კი ამავე პარტიის სხვა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ თქვა:

"ჩვენ მზად ვართ, მოვიდეთ ხელისუფლებაში. ჩვენი ადრინდელი მცდელობა, შეგვეჩერებინა ეს რეჟიმი, წარუმატებელი იყო, იმიტომ, რომ არ იყო სათანადო მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისაგან, ახლა ასე აღარ არის. ამერიკის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ხალხს და არა რომელიმე რეჟიმს". პარტიის რომელ ლიდერს უნდა დავუჯეროთ? ოქრუაშვილმა კვირის ბოლოს ისიც განაცხადა, ამ დღეებში თქვენ გვერდით ვიქნებიო. უნდა დავუჯეროთ?

ახლა, როდესაც ამ სტატიას ვწერ, 21 მაისია და თავისუფლების მოედანზე "სახალხო კრების" აქცია მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც თქვენ ამ სტატიას წაიკითხავთ, უკვე გეცოდინებათ, საერთოდ უნდა დაუჯეროთ თუ არა ოპოზიციას.