პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს - კვირის პალიტრა

პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს. ასეთი პარტია ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით 79-ხმით, 22-ის წინააღმდეგი დაამტკიცეს.

აღსანიშნავია, რომ კანონში შესატანი ნორმა საბოლოო მოსმენით შეცვლილი ფორმულირებით მიიღეს. ის ასეთი სახით დაამტკიცეს: - "პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან“.

ამასთან, პარტია მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება. ასეთი გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან შეუჩერდება.

აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის გათვალისწინებით, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგა, კანონის ამოქმედებისთანავე დაფინანსება აღუდგება. ასეთ პარტიას ის თანხაც მიეცემა, რომელსაც ის მიიღებდა, დაფინანსება რომ არ დაეხარჯა.

საკანონმდებლო პაკეტი ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა.

კანონი ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის 1-ელი თებერვალი.

"ინტერპრესნიუსი"