"არ ვიცი, ვინ ვის თამაშს თამაშობს" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, ვინ ვის თამაშს თამაშობს"

"ეგ მშვიდობიანად არ წავა"

"თუკი ხელისუფლებამ სისხლი დაღვარა, ამას გულხელდაკრეფილები ვერ ვუყურებთ"

"მერაბიშვილს ხალხი ჰყავს შეგზავნილი "სახალხო კრებაში" და რა მიმართულებით წაიყვანენ პროცესებს, ადვილი განსასაზღვრი არ არის"

"შალვას განცხადებამ გამაოცა. თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა ივანიშვილთან, მაშინაც უნდა ჰქონოდა, როდესაც პრემიერობა შესთავაზა"

მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების გადაყენებას რევოლუციით აპირებს, ოპოზიციური "რვიანი" აცხადებს, რომ ხელისუფლებას ისევ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელის. "ეროვნული საბჭოს" წევრი, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- ბატონო ზვიად, "რვიანი" საარჩევნო გარემოს შეცვლაზე ელაპარაკება იმ ხელისუფლებას, რომლის პირველმა პირმა განაცხადა, ადამიანების მენტალიტეტის შეცვლას 15-20 წელი სჭირდებაო. ხომ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილმა ამით მიანიშნა, ხელისუფლებაში ამდენ ხანს მინდა ყოფნაო?

- სააკაშვილს 15 წელი კი არა, 35 და 55 წელიც უნდა ხელისუფლებაში დარჩენა. თუ საშუალება ექნება,  თავს იმპერატორადაც გამოაცხადებს და მის მერე პატარა სააკაშვილები გახდებიან ამ ქვეყნის უფროსები. ძალზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობა, რათა სამართლიან არჩევნებს მივაღწიოთ. ამის პრეცედენტი მოხდა ზვიად გამსახურდიას დროს. გამსახურდიამ თქვა, მივიღებ კომუნისტების მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას, გავიმარჯვებ და გამოვაცხადებ საქართველოს დამოუკიდებლობასო. ის ელაპარაკებოდა ხელისუფლებას, მიმდინარეობდა საარჩევნო კანონზე მუშაობა და ბოლოს იყო აქციები.

საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დამთავრებულია და მორალური საფუძველი გვაქვს, ცოტა ხანში მწვავე პოლიტიკური აქციები დავიწყოთ. 31 მაისამდე ხელისუფლებისაგან ვითხოვთ წერილობით პასუხებს იმ თემებზე, რომელიც შევთავაზეთ. ჩვენთვის "არაც" პასუხი იქნება. მერე კი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ პოლიტიკური კამპანიის ორგანიზებას. ამ კამპანიის დროს ხელისუფლებამ რომ გვითხრას, მოდი, ბიომეტრიის საკითხი გადავწყვიტოთო, უარს არ ვეტყვით.

- თუ "სახალხო კრების" მიერ დაწყებული პროცესები გამწვავდა და დაპირისპირება დაიწყო, ისევ საარჩევნო გარემოზე გააგრძელებთ ხელისუფლებასთან საუბარს?

- თუკი ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა, პროვოკაციებს მიმართა და სისხლი დაღვარა, ამას გულხელდაკრეფილები ვერ ვუყურებთ. ადეკვატურად ჩავერთვებით პროცესში, რათა ხელისუფლების ძალადობა აღვკვეთოთ. დღეს სააკაშვილს მთელი დასავლეთი ეუბნება, ორგზის პრეზიდენტობის მერე უნდა წახვიდე ხელისუფლებიდან და ამით დაამტკიცო, რომ დემოკრატი ხარო. სააკაშვილს ეს პერსპექტივა დიდად არ ეპიტნავება და ეძებს საშუალებას, როგორ იყაროს კენჭი მესამედ და თუ დასჭირდა, მეათედაც.

ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში სისხლიანი პროცესები დაიწყო. ამ შემთხვევაში ექნება საშუალება, განაცხადოს, ხომ ხედავთ, საქართველოში როგორი დამღუპველი პროცესებია და რა დემოკრატიაზე მელაპარაკებით. მე უნდა ვიყო ამ ქვეყნის მმართველი, სანამ  რუსებსა და ჩემი ქვეყნის დამანგრეველ ძალებს არ დავამარცხებო.

დარწმუნებული ვარ, არც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და არც კრებაში მყოფი პატივსაცემი პირები არ არიან მოწადინებული პროვოკაციები მოაწყონ, მაგრამ ვანო მერაბიშვილს ბლომად ჰყავს ხალხი შეგზავნილი "სახალხო კრების" დაბალ ფენებში და რა მიმართულებით წაიყვანენ პროცესებს, ადვილი განსასაზღვრი არ არის.

- ითქვა, თუ ვითარება აირია, რუსები გააქტიურდებიანო.

- ამ ქვეყანას საშიშროების მეტი რა ემუქრება? რევოლუციით ხელისუფლების ცვლისას ყველაზე მეტად რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან. ძალა, რომელიც რევოლუციას მოაწყობს, ვერ ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს. 1991-1992 წლების პუტჩის შემდეგ ჯაბა იოსელიანს ჰკითხეს, რაკი დიქტატორი გამსახურდია დავამხეთ, ახლა ხომ ჩაატარებთ სამართლიან არჩევნებსო, რაზეც ჯაბამ უპასუხა, სეკას თამაშისას სამი ტუზი რომ მოგივიდეს, პასს იტყვი და დაწვებიო?!

- ბურჯანაძემ პირობა დადო, სამართლიან არჩევნებს ჩავატარებო.

- ამას ახლა ამბობს, მაგრამ მერე... ერთი ანეკდოტი გამახსენდა, კაცი, რომელსაც პარაშუტი არ გაეხსნა, ღმერთს ეხვეწებოდა, ოღონდ პარაშუტი გაიხსნას და არც ღვინოს დავლევ, არც თამბაქოს მოვწევო. პარაშუტი მართლაც გაიშალა და კაცმა მიწაზე რომ დადგა ფეხი, თქვა, ხანდახან ადამიანს რა სულელური აზრები მოსდის თავშიო. პიროვნულად არაფერი მაქვს ნინო ბურჯანაძის საწინააღმდეგო, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად უნდა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეჭვი გამიჩნდა ამ პროცესზე და ეს უნდა ვთქვა. როგორ გგონიათ, რევოლუციის შემდეგ სააკაშვილი წავა, გადაიკარგება და თითს არ გაანძრევს ძალაუფლების დასაბრუნებლად? შავნაბადაზე იყო მიშა, როდესაც დიდი აქციები იყო და ასასვლელებში ყველგან ტანკები ედგა. შინაგანი ჯარი და სპეცდანაყოფები მობილიზებული ჰყავდა. ეგ მშვიდობიანად არ წავა.

- ბოლო დროს გავრცელებულ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე რას იტყვით?

- ბატონ ბიძინას საზოგადოება ქველმოქმედად იცნობს.  გარდა სამების ტაძრის აშენებისა, "ქართუ ფონდი" უძველეს ქართულ ტაძრებსაც უკეთებს რესტავრაციას. მთელი  საჩხერის რაიონი მისი თანხებით მკურნალობს. 1992-2000 წლებში ამ კაცმა ინტელიგენცია შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა და მიუხედავად მისი განცხადებისა, რომელშიც მან მიმართა ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და ფსევდოოპოზიციასაც, არავითარი საფუძველი არა მაქვს ვიფიქრო, რომ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში ჩაერთოს. არაერთხელ სცადეს ჯერ შევარდნაძემ, შემდეგ სააკაშვილმა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაერთოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ და არც ახლა მგონია გამოუვიდეთ.

- ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვა შალვა ნათელაშვილმაც სცადა.

- დიახ, 2008 წელს, როდესაც ნათელაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, პრემიერის თანამდებობაზე ივანიშვილი დაასახელა. გამიკვირდა, დღეს რომ აკრიტიკებს. ივანიშვილს უკვე აშენებული ჰქონდა ხელოვნების მუზეუმი ბოტანიკურ ბაღთან, რომელიც არ მოეწონა ნათელაშვილს და 2007 წლის 7 ნოემბერიც ახალი მომხდარი იყო (ნათელაშვილი ამბობს, რომ მომწამვლელი გაზი ივანიშვილის ფულით შემოიტანეს და პრემიების თანხა, რომელიც ხალხის დარბევის შემდეგ დაურიგეს სპეცრაზმელებს, მანვე გაიღოო). თუ პრეტენზია ჰქონდა ხელოვნების მუზეუმისა და 7 ნოემბრის თაობაზე, მაშინაც უნდა ჰქონოდა, როდესაც პრემიერობა შესთავაზა.

- ნათელაშვილი ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღთან ივანიშვილის საცხოვრებელი სახლია, თქვენ კი ამ ნაგებობას ხელოვნების მუზეუმი უწოდეთ.

- როგორც ვიცი, ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. ცხოვრებით კი ბატონი ბიძინა საჩხერეში ცხოვრობს. როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა საქართველოდან. ალბათ, ის ვნებათაღელვა, რაც მის სახელთან არის დაკავშირებული, დისკომფორტს უქმნის და გაერიდა... არ ვიცი, ვინ ვის თამაშს თამაშობს. რა მოსაზრებები ჰქონდა ბატონ შალვას, როდესაც ეს განაცხადა, ალბათ, თვითონ იტყვის.