"ბურჯანაძეს რამდენიმე დღე დარჩა, სანამ ბოლომდე გაკოტრდება" - კვირის პალიტრა

"ბურჯანაძეს რამდენიმე დღე დარჩა, სანამ ბოლომდე გაკოტრდება"

"მათ საბჭოთა კავშირის დიდი ნოსტალგია აქვთ"

"პირებს, რომლებიც დღეს რევოლუციაზე ლაპარაკობენ, ხალხი და საქართველო კი არ ადარდებთ, არამედ იმ ექსკლუზიური სოციალური სტატუსის აღდგენა, რომელიც 2003 წლამდე ჰქონდათ", - აცხადებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური:

- ოპოზიციის ასარჩევია, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე გველაპარაკოს თუ რევოლუცია მოაწყოს, მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს, პოლიტიკოსთა ქმედებებს ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის ანდოს ქვეყნის ბედი. პირები, რომლებიც რევოლუციას აანონსებენ, ხედავენ, რომ სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვით მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. შესაბამისად, დემოკრატიული და არჩევნების გზით შეუძლებელია მათთვის წარმატების მიღწევა და ამიტომაც გადაწყვიტეს, რევოლუციასა და ძალადობას მიმართონ, გაიმარჯვონ ნებისმიერ ფასად, თუნდაც რუსეთის მხარდაჭერით. იმ ჯგუფის რევოლუციურ განწყობას, რომელშიც კიწმარიშვილი, გაჩეჩილაძე, ოქრუაშვილი და გოგელია არიან, კვებავს ერთი სურვილი -  საქართველოში აღიდგინონ ექსკლუზიური, განსაკუთრებული სოციალური და პოლიტიკური სტატუსი.

ამ პოლიტიკური ძალის ორიენტაციის საუკეთესო გამოვლინება და ნიშანსვეტი იყო აშშ-ის საელჩოზე გალაშქრება, მათი ლიდერების განცხადებები საქართველოს ვექტორის შეცვლაზე. ეს ყველაფერი ააშკარავებს, რომ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს რუსეთს უკავშირებენ. მეორე ოპოზიციური ჯგუფის ლიდერი კი, რომელიც ასევე რევოლუციას აანონსებს, პუტინთან ერთად ესწრება ღონისძიებას "პაკლონნაია გარაზე" და ესალმება იმ სამხედროებს, ვინც ქართველი ჯარისკაცების განადგურებაში მონაწილეობდნენ. ვარაუდების დრო დამთავრდა. წავიდა ის პერიოდი, როდესაც პროგნოზებს ვაკეთებდით, ვისთან შეიძლებოდა ყოფილიყო ესა თუ ის ძალა. ამ ადამიანებმა უკვე ძალზე მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი ორიენტაცია, პოლიტიკური გემოვნება და მისწრაფებები. მათ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დიდი ნოსტალგია აქვთ.

- "სახალხო კრება" აცხადებს, რომ არ აპირებს მხოლოდ ქუჩაში დგომას. ეს ძალა არ გამორიცხავს შეტევის "მუშტით მოგერიებასაც".

- აქციის ჩატარება საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, მის გამართვას არავის დავუშლით, მაგრამ თუ აქციის მონაწილეები სახელმწიფო დაწესებულებებში შეცვივდებიან და ჩაკლავენ როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებას, სწორედ ასეთ დროს გაჩნდება ყველა ტიპის შარლატანისათვის სასურველი გარემო. მღვრიე წყალში თევზის დაჭერა ადვილია, ამიტომ ამღვრევენ წყალს და ესწრაფვიან რევოლუციას. ასეთი ტიპის არეულობები მიუღებელია ყველა ნორმალური ადამიანისათვის, რადგან გვინახავს, ამ ტიპის ძალადობას როგორი კრიმინალური ანარქიის გამოწვევა შეუძლია.  არ შეიძლება ვინმეს იმ წლების გამეორება უნდოდეს.

რამდენიმე დღის წინ ასლან აბაშიძის გენერალმა რომან დუმბაძემ განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნება და იმ არეულობაში მონაწილეობა უნდა, რასაც ოპოზიცია გეგმავს. სამშობლოს ღალატში ბრალდებული დუმბაძეა დღეს რევოლუციის მომხრე, ეს კაცი რუსების საოკუპაციო ჯარის ხელმძღვანელის, გენერალ ბორისოვის მეგობარია და ის იმდენად მნიშვნელოვანი იყო რუსული მხარისათვის, რომ 12 ქართველ ტყვეში გაიცვალა. ეს ის რომან დუმბაძეა, რომელიც აჭარაში მოვლენების სისხლიან განვითარებას ხელს უწყობდა 2004 წლის გაზაფხულზე. სასაცილოა, რომ ასეთი ადამიანები ექსკლუზიური პოლიტიკური სტატუსის აღდგენისათვის ბრძოლას ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლას ეძახიან. სინამდვილეში მათ მისწრაფებებს კავშირი არა აქვს ღირსებასთან.

- ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას თუ გავიხსენებთ, მან არ გამორიცხა ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა.

- სასაცილოდ მეჩვენება იმ კაცის პოლიტიკური ლიდერობა, რომელმაც ციხეში ორი დღეც ვერ გაძლო.

- ითქვა, რომ ციხეში ოქრუაშვილზე დიდი ზეწოლა იყო.

- როდესაც კაცი იდეალებისათვის არ იბრძვის, მისთვის ძნელია თუნდაც ერთი დღე დისკომფორტის ატანა.

პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოში არეულობას გეგმავენ, რაც უნდა უხვად დაფინანსდნენ, რა ხერხებსაც უნდა მიმართონ, მათ წარმატებას ხალხისა და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. არ გამოდის ხალხი მათ სცენარში მონაწილეობის მისაღებად. იმიტომ კი არა, რომ ხალხში უკმაყოფილება არ არის, განა ხელისუფლებამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც წარმოგვედგინა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ხალხის არჩევანია, ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდეს.

- თუ მაინც დაიწყება სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება, რით უპასუხებს ხელისუფლება?

- არავინ უკრძალავს პოლიტიკურ ძალასა და საზოგადოებას აზრის გამოხატვას, მაგრამ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომ არ შეიძლება მიტინგი ხელოვნურად კეტავდეს გზას, სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელებსა და მათ მუშაობას აფერხებდეს. როგორც კი ეს მოხდება, კანონი ამოქმედდება. ძალიან

საშიში იყო ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომ 26 მაისს ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემს. ასეთ შემთხვევაში კანონი ისე იმოქმედებს, რომ არავის დაეკითხება.

პროცესების ე. წ. რევოლუციური განვითარების მომხრე ძალების ფლანგზე - "ქართულ პარტიასა" და ნინო ბურჯანაძეს შორის კონკურენციაა. თავიანთ პატრონებს აჩვენებენ, ხალხის მხარდაჭერის მხრივ მეტი აქტივების მფლობელი მე ვარ და არა სხვაო. პარალელურად ცდილობენ, ქართველ საზოგადოებას აჩვენონ, რომ თავად არიან ყველაზე მკვეთრი ოპოზიციური ძალა, მაგრამ "ქართულმა პარტიამ" უკვე განიცადა ფიასკო კახეთსა და ბათუმში. როდესაც "ქართული პარტია" მიხვდა, რომ ელვისებურად კოტრდებოდა, "სახალხო კრებას" თანამშრომლობა შესთავაზა, მაგრამ ბურჯანაძემ დაანახა, რომ არ დაელაპარაკებოდა როგორც ტოლი ტოლს. ასე რომ, მათი ეს გასროლაც ფუჭი აღმოჩნდა.

ბურჯანაძეს კიდევ რამდენიმე დღე დარჩა, სანამ ქართველ საზოგადოებას ჩამოუყალიბდება დამოკიდებულება მისდამი და ბოლომდე გაკოტრდება.